გასვლითი შეხვედრა – გურიის რეგიონში
By

გასვლითი შეხვედრა – გურიის რეგიონში

ქედის მუნიციპალიტეტის მერია  მეწარმე ქალებისთვის პროგრამას ,,გაიზიარე წარმატების მაგალითი“ აფინანსებს. გამოცდილების გაზიარების მიზნით,  სამეწარმეო ტური გურიის რეგიონში გაიმართა. იგი ,,ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება-ხელშეწყობის”  მიმდინარე კონკურსთან ერთად  მოეწყო.

გასვლითი შეხვედრის მიზანი იყო  ქალებისთვის  მეტი ინფორმაციის მიწოდება არსებულ შესაძლებლობებსა თუ ფინანსურ რესურსებზე, გამოცდილების  გაზიარება, დაბრკოლებების დაძლევა და პრობლემის გადაწყვეტის გზების შემუშავება. ეს ყველაფერი უნარსა და გამბედაობას შესძენს თითოეულ ქალს, რაც მათ საქმიანობაზე დადებითად აისახება, ასევე, ტურის მონაწილეებს დაეხმარება მათი იდეის პროექტად ქცევაში.

ვიზიტის ფარგლებში, ქედელმა მეწარმე ქალებმა  ოზურგეთში ყვავილების სასათბურე და სანერგე მეურნეობა მოინახულეს. იქაური მეწარმე   მედეა ჯინჭარაძე ქალებს წარმატებამდე განვლილ გზაზე ესაუბრა,  მისცა მათ პრაქტიკული რჩევები  მცენარეული კულტურების სიჯანსაღესა და მოსავლიანობაზე.

საოჯახო მეურნეობა „ფერმა – ოდაში“, რომელიც  სოფელ ნიგოეთშია,  5 ჰექტარ ფართობზეა გაშენებული და 40-მდე სახეობის სეზონურ ბოსტნეულსა და მწვანილს აწარმოებს. ფერმა მომხმარებლებს სთავაზობს ნატურალურ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს.

,,ჩვენი ეზოს მარწყვი“ სოფელ იანეულში არსებული მარწყვის სასათბურე და სანერგე მეურნეობაა. მის მეპატრონეს საკონდიტრო საწარმოც აქვს,  სადაც ამზადებს ტორტებს,  მარწყვის მურაბას, ჯემებს და ქვეყნის ბაზარზე გააქვს.

სოფელ შემოქმედში  ვარდების სასათბურე და სანერგე მეურნეობა ,,შემოქმედი გარდენი“ აქვთ.   მასთან ერთად, ქედელებმა, კულტურული ღონისძიების ფარგლებში,   მოინახულეს გურიის ერისთავების ციხე-დარბაზი.

– გასვლითი, გაცნობითი ხასიათის შეხვედრები   ხელს შეუწყობს ახალი კონტაქტების, ახალი ბიზნესპარტნიორების მოძიებას,    ახალი ბიზნესიდეების განხორციელებას, – გვითხრეს ორგანიზატორებმა.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • ივნისი 12, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *