„კონსტიტუციის მრავალმხრივ ფეხქვეშ გათელვაა ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა“
საქართველოში პოლიტიკური მოვლენები საინტერესოდ ვითარდება – შეიქმნა ახალი ორგანიზაცია „ჯერ საქართველო“; ოპოზიციურ ალიანსში შიდა რყევები მატულობს; მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი სარჩელი შეიტანა რამდენიმე პარტიის გაუქმების შესახებ; ხელისუფლება ირწმუნება, რომ აშშ-თან ურთიერთობის ახალ ეტაპს იწყებს; თავის მხრივ, ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ დასავლურ კურსს გადაუხვია; გარდა ამისა, აღსანიშნავია სომხეთში ჩატარებული არჩევნები. . . ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება ჰამბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი კობა ჯუმუშაძე.
– როგორია თქვენი აზრი დღეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე? ამ მხრივ მმართველი გუნდის და ოპოზიციის რა პლუსები და მინუსები იკვეთება?
– მოცემული დროისთვის უნდა ითქვას, რომ ამა თუ იმ მოვლენას, რასაც ახლა ქვეყნის შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაში ვადევნებთ თვალს, გაგვიჭირდება ვუწოდოთ რეალური პოლიტიკური პროცესები. ესენი უფრო ცალკეული, მცირე პოლიტიკური ინტრიგები ან მცირე მასშტაბის სვლებია, რომლებიც სტატუსკვოს შენარჩუნებაზე უფროა ორიენტირებული, ვიდრე რეალური პოლიტიკური პროცესის წარმოქმნაზე ან პოლიტიკური ალღოთი და ნიჭით ნასაზრდოებ დადებით პოლიტიკურ ცვლილებებზე. როგორც ჩანს, ასეთი სტატუსკვო, მეტნაკლები მასშტაბურობით, მისაღებია როგორც უშუალოდ მართვაზე პასუხისმგებელი, მაგრამ ლეგიტიმურობაშელახული მმართველი პარტიის უმრავლესობისთვის, ისე მათ ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკური სუბიექტების უმეტესობისთვისაც. განზე რჩება საზოგადოების უმრავლესობის ინტერესები, რომელთა მცირე ნაწილიც ჩართულია თითქმის უკვე ორწლიან უწყვეტ პოლიტიკურ პროტესტში და ამ პროტესტის არააქტიური, მაგრამ თანამგრძნობი ნაწილი, რომელიც ხედავს ამ ყველაფერს და გრძნობს სიტუაციის ამორფულობას, მაინც მოლოდინის რეჟიმშია. თუ რატომაა ეს ასე, რა განაპირობებს ამ მოცემულობას და რა შეიძლება შეიცვალოს ან ვერ შეიცვალოს, ეს ცალკე განხილვის საგანია და სცდება უშუალოდ სიტუაციის შეფასებაზე დასმული კითხვის მასშტაბებს ისევე, როგორც შეუძლებელია პოზიციის ან ოპოზიციის კუთხით პლუსებზე საუბარი, მათი უმთავრესი მინუსი კი ისაა, რაზედაც ეს-ესაა გავამახვილეთ ყურადღება. აქვე, კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს: ერთია ლეგიტიმურობაშელახული პოზიცია, მეორეა ოპოზიციური სპექტრი და მესამე და ყველაზე უმნიშვნელოვანესი არის საზოგადოება, რომლის ინტერესსა და მოლოდინს ვერცერთი ამ პირველ-მეორეთაგანი ჯეროვნად ვერ პასუხობს.
– მმართველი პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ოპოზიცია დესტრუქციული ძალაა და დასავლეთში დეზინფორმაციის გავრცელებითაა დაკავებული. რას ფიქრობთ?
– ამ კითხვამ ჩემი ერთ-ერთი გერმანელი კოლეგის, ჰაიკო ლანგნერის მიერ არაფორმალურ სასაუბრო გარემოებაში ნათქვამი რამ გამახსენა, რომელსაც სამხერთ კავკასიის კონფლიქტების შესახებ წიგნი აქვს გამოცემული და რომლის ნათქვამზე ამ ამბის მერეც ხშირად დავფიქრებულვარ. კარგად იცნობს რა სამხრეთ კავკასიაში და ასევე, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას, ის ერთ, არცთუ ისე სასიამოვნო, დასკვნამდე მივიდა: თქვენ, ქართველებს, ერთი უცნაური ჩვევა შეგნიშნეთ – ჩვენ ჩამოვალთ საქართველოში თუ თქვენ ჩამოხვალთ აქეთ და თქვენს ქვეყანაზე სიტყვა ჩამოვარდება, ისე ახასიათებთ და აღწერთ თქვენს ყოველდღიურობას, თითქოს სამოთხეში ცხოვრობთ, არადა, მე ხომ ჩემი თვალით მაქვს ნანახი თქვენი ყოველდღიურობაც და ისიც ხომ ვიცი, რა პოლიტიკური და სოციალური გამოწვევების წინაშე დგას თქვენი ქვეყანა. ასე რომ, ვინც ეს ყველაფერი საფუძვლიანად არ იცის, მას შეიძლება ისეთი წარმოდგენა შეუქმნათ, თითქოს დახმარებას და სახელმწიფოს განვითარებაში ხელშეწყობას კი არ საჭიროებთ, არამედ იქით შეიძლება დაეხმაროთ ვინმესო. ამ ნათქვამმა პირადად მე ერთ კონკრეტულ დასკვნამდე მიმიყვანა, რომელიც პრაქტიკულ პოლიტიკურ რჩევად მივიღე: როდესაც პრობლემა არსებობს, მას აუცილებლად თვალი უნდა გაუსწორო და ღიად ისაუბრო ამაზე მათთან, ვისაც ეს გზა უკვე გაუვლია. და დიახ, დღეს ევროკავშირის უკვე ფესვგადგმული და გამოცდილი წევრია ყოფილი ვარშავის პაქტის ყოფილ წევრ სახელმწიფოთა დიდი ნაწილი. ჩამოთვლას აღარ დავიწყებ, კონკრეტულად რომელ ქვეყნებზეა საუბარი. ასე რომ, ამ სახელმწიფოებსა და მათ წარმომადგენლებთან იმაზე საუბარი, თუ რა პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე გვამყოფებს დღეს კრემლის გავლენები საქართველოში, არანაირად არ წარმოადგენს დეზინფორმაციასა და დესტრუქციას. დეზინფორმაცია უფრო ისეთ სიტყვათა შეთანხმებებსა და ცნებებშია საძიებელი, როგორებიცაა „დიფ სთეითი“, „ომის პარტია“, „საბჭოური ბრიუსელი“ და ა. შ.
– ვიდრე ოპოზიცია ურთიერთდაპირისპირების რეჟიმშია, მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი სარჩელი შეიტანა რამდენიმე პარტიის გაუქმების შესახებ.
– დასანანია, რომ ერთ დროს თავად პოლიტიკურ რეპრესიებს გადარჩენილმა პარტიამ, რომელიც მაშინ ქართულმა საზოგადოებამ, უბრალო, მაგრამ მებრძოლმა მოქალაქეებმა და ამომრჩევლებმა გაიყვანეს ფონს (გავიხსენოთ 2012 წლის მოვლენები თანმიმდევრულად და მივხვდებით, რაზეა საუბარი) და რომელიც ახლაც კი „მმართველ პარტიას“ წარმოადგენს, პოლიტიკური პოპულარობის შენარჩუნების ყველა ალტერნატივა ამოწურა. შესაბამისად, დაუდგა დრო, როცა ის მხოლოდ რეპრესიულ და იმპულსურად ნაკარნახევი სვლების იმედადღა ცდილობს პოლიტიკურ ზედაპირზე ტივტივს. ამომრჩევალთა რაღაც ნაწილი ამ სვლას თავს დაუკრავს, თუმცა, ვფიქრობ, უდიდესი ნაწილისთვის გასაგებია, რომ ეს მხოლოდ იმ „პოლიტიკურ თამაშობათა“ ნაწილია, რაც ისევ და ისევ არსებული სტატუსკვოს შენარჩუნების მიზნითაა მოფიქრებული.
– ცხადია, გვერდს ვერ ავუვლით ოპოზიციურ სპექტრს, რამდენად პასუხობს ოპოზიცია ხალხის განწყობას სხვადასხვა საკითხთან მიმართებით?
– როცა დე ფაქტოდ მმართველი პარტია გამალებით ცდილობს ავტორიტარული რეჟიმის შევიწროებულ ვადებში გამოძერწვასა და დანერგვას (კონფიგურირებასა და ინსტალირებას), ბუნებრივია, ასეთ გარემოში რეალური ოპონირების უნარების მქონე პოლიტიკური სუბიექტები ან დისიდენტურ რეჟიმში გადადიან და არ ჩანან ფართო პოლიტიკურ ასპარეზზე, ან ზოგიერთები ჩანან, მაგრამ რეპრესიული კანონებისა და შეზღუდული სამოქმედო არეალის გამო იკარგებიან თავისივე ვიწრო პოლიტიკურ სოციუმში. ამიტომ რეალური პოლიტიკური ალტერნატივის დანახვა ასეთ დროს უჭირს გადაუწყვეტელ ამომრჩეველს და ჩვენ მას ამაში ვერც დავადანაშაულებთ. ასეთ ამომრჩეველს უბრალოდ უნდა ეყოს მოთმინება და გამჭრიახობა საიმისოდ, რომ არ შეწყვიტოს ძიება და სწორედ იმ ოპოზიციურ სპექტრში ეძიოს ალტერნატივა, რომელსაც ხედავს, მაგრამ შეიძლება დროს არ უთმობს, იმიტომ, რომ გარემოებები არ უწყობს ამაში ხელს. ქართული ოპოზიციური სპექტრი, კონსერვატიული მიმართულებებიდან დაწყებული, არა მხოლოდ ლიბერალურ, არამედ ღრმა ლიბერტარიანულ მიმართულებებთან მისვლამდე ყველა იდეოლოგიას მოიცავს. სხვა საკითხია, ამაში თავად ამომრჩეველი რამდენად გაერკვევა და ვის გამოუცხადებს საბოლოოდ ნდობას. ზოგადად კი პრობლემა ისაა, რომ ჩვენ როგორც საზოგადოებამ, როგორც სახელმწიფომ, შედარებითი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ამ მცირე დროში ჯერ ვერ მოვახერხეთ პოლიტიკური იდეოლოგიების მიხედვით იმ სტრატეგიის განსაზღვრა და შესაბამისი პოლიტიკური იდეოლოგიების გამოყოფა, რომლებსაც პრიორიტეტს მივანიჭებდით და პარტიებსაც ამის მიხედვით მივცემდით პარლამენტში ყოფნის პრივილეგიებს. შესაბამისად, პარტიებიც მხოლოდ იმ ყოფით გამოწვევებსა და ვიწრო, ლოკალურ პრობლემებზე პედალირებით ცდილობენ ამომრჩევლის გულის მოგებას, რომლებიც მხოლოდ წინასაარჩევნოდ მუშაობს. გრძელვადიან პერიოდზე გათვლილ, სახელმწიფოს შექმნის და შემდგომ მისი სავალი გზის ტრაექტორიის განსაზღვრაზე ფიქრით, ცოტა ვინმე თუ იწუხებს თავს.
– ვხედავთ, რომ ცალკე ოპოზიციური ალიანსი, ასევე „ლელო“, აღარაფერს ვამბობ გახარიას პარტიაზე, სხვადასხვა მოსაზრებას ავრცელებენ, თუნდაც ერთიანი ოპოზიციური ალიანსის თაობაზე, ეს რისი მანიშნებელია?
– ამ მოცემულობაში, პირველ ვერსიად განვიხილოთ ის, რომ სიტუაციის სიმწვავე არასათანადოდაა აღქმული. რჩება შთაბეჭდილება, რომ თქვენ მიერ ხსენებულ პარტიათა მმართველები რჩებიან იმავე მოსაზრებაზე, რაც ჰქონდათ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს. ისინი ფიქრობენ, რომ ამდენი უკმაყოფილო ამომრჩევლის ფონზე, პარტია „ქართული ოცნება“ ვეღარანაირად მიიღებს ამომრჩევლის ხმათა უმრავლესობას. შესაბამისად, ცალკე მოქმედების ფარგლებში, ეს მათ მისცემს შანსს, მეტი ბერკეტი ეჭიროთ ხელში, თუ „ქართული ოცნება“ დამარცხდება და მათ მოუწევთ კოალიციურ გაერთიანებაში შესვლა. არადა, ვიცით, რაც მოხდა 2024-ში და როგორ გაუცრუვდათ მათ იმედები მაშინ, როცა წინასაარჩევნოდ არაერთხელ მოვისმინეთ, რომ ოპოზიციის გამარჯვებას „წყალი არ გაუვიდოდა“. მეორე ვერსიად შესაძლოა განვიხილოთ ის, რომ მათ ყოველგვარი შეთანხმების გარეშე „ქართულ ოცნებასთან“, ავტომატურად უკვე მოსწონთ ასეთ რეჟიმში ყოფნა, ხაზს ვუსვამ, საუბარია არა ამ პარტიათა მეორე ან მომდევნო რგოლების ფუნქციონერთა განწყობებზე, არამედ პარტიის ფორმალურ ან არაფორმალურ მმართველ წრეებზე. ამიტომაც, თუნდაც არჩევნების წაგების შემთხვევაში, მათ მაინც შეუნარჩუნედებათ სტატუსკვო და თუ პარტია დიდად ვერ განვითარდება, არც ამაზე დასწყდებათ მნიშვნელოვნად გული. სწორედ აქ იჩენს თავს ჩვენს პოლიტიკურ კულტურაში ჯერ ისევ დაუნერგავი ფენომენი, კერძოდ – შიდაპარტიული დემოკრატია. შიდაპარტიული დემოკრატია იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ თუ პოლიტიკურ ასპარეზზე იმყოფება პარტია, რომელსაც თუნდაც შედარებით მცირერიცხოვანი ამომრჩეველი ჰყავს, მაგრამ შეუძლია ბარიერის გადალახვა, უნდა იმართებოდეს არა ერთი, პოპულარული, მაგრამ ვერტიკალური ძალაუფლების მპყრობელი პირის მიერ, არამედ პარტიის წევრები მიუკერძოებელ და სამართლიან გარემოში უნდა ირჩევდნენ პარტიის მმართველობით წრეს, რა თქმა უნდა, თავისი თავმჯდომარითურთ.
– ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა ევროკავშირის მოწოდებებია საქართველოს ხელისუფლებისადმი სხვადასხვა საკითხთან მიმართებით, რომელთა იგნორირების შემთხვევაში, ქვეყანას შესაძლოა ვიზალიბერალიზაცია შეუჩერონ. თქვენი აზრი ამის შესახებ.
– ევროკავშირი არ არის სადამსჯელო და რევიზიონისტული ორგანიზაცია, ამაზე მეტყველებს როგორც ევროკავშირის წინარე ორგანიზაციების, ისე თავად ევროკავშირის სადამფუძნებლო აქტები, ხელშეკრულებები და ამ ორგანიზაციის მიერ რეალპოლიტიკის კუთხით გადადგმული პრაქტიკული ნაბიჯები. ეს არის ურთიერთშეთანხმებული ღირებულებების საფუძველზე დაარსებული და მოქმედი ორგანიზაცია. თუ გადიხარ ამ ურთიერთშეთანხმებათა არეალიდან, ის იწყებს ნელ, მაგრამ გრძელვადიან პერიოდზე გათვლილ, ხანგრძლივ ბიუროკრატიულ პროცესს და მოგიჩენს ადგილს, რომელიც შეესაბამება იმ მუხლის დარღვევას, რასაც ჰქონდა ადგილი შენი როგორც სრულუფლებიანი, ასოცირებული თუ კანდიდატი წევრის, მხრიდან. ამავდროულად, ის ითვალისწინებს არა მხოლოდ ცალკეული პოლიტიკოსის მიერ გაკეთებულ ამა თუ იმ შეუსაბამო და კონტექსტიდან ამოვარდნილ განცხადებას, არამედ კვლევებზე დაფუძნებულ განწყობებს ამა თუ იმ ქვეყანაში. შესაბამისად, ჩვენი ერთადერთი იმედი, ამ შემთხვევაში, კვლევებით შესწავლილი ეს განწყობებია. მხოლოდ მმართველი პარტიის წარმომადგენელთა განცხადებებს რომ ითვალისწინებდნენ შესაბამის ევროსტრუქტურებში, აქამდე ვიზალიბერალიზაცია მრავალგზის დაკარგული გვექნებოდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაშიც შესაბამის სტრუქტურებში გაანალიზებულია ამ ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობის განწყობა. იქნება მკაცრი კრიტიკა, კიდევ უფრო მეტი დამწვარი პოლიტიკური ხიდი, მაგრამ არა მგონია, ახლო პერსპექტივაში, ვიზალიბერალიზაცია უშუალო საფრთხის წინაშე დადგეს. ასე რომ მოხდეს, ეს კიდევ უფრო გააღრმავებს პოლიტიკურ ნიჰილიზმს და გამორიცხულია, ამით რომელიმე მხარე, თავად ევროკავშირი, ამჟამინდელი მმართველი პარტია თუ როგორც კონსტიტუცია ამბობს – „ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი“ პოლიტიკურად მოგებული დარჩეს, თუმცა ასეთ შემთხვევაში, ამ სამიდან ყველაზე ნაკლებად მაინც თავად ევროკავშირი დაზარალდება, აი, მმართველი პარტია და „ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი“ კი, საბოლოოდ დავკარგავთ ერთურთისადმი ოდნავ ინტერესსაც კი.
– ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ევროკავშირის მაღალჩინოსნები საქართველოს აშანტაჟებენ. . .
– ამის ვერავითარი თვალსაჩინო (ევიდენტური) მაგალითი ვერ მოიყვანა დღემდე ვერცერთმა წარმომადგენელმა ამ პარტიისა თუ მათ მიერ მართულმა, პროპაგანდაში ეჭვმიტანილმა სატელიტმა სუბიექტმა. ასე რომ, არ მგონია, ამ კითხვაზე სერიოზული დაფიქრების რამე საბაბი გვქონდეს, ჩვეულებრივი, გებელსისეული გამეორებითი პროპაგანდის ერთ-ერთი სახეა, რათა მოქალაქეთა გონებაში ამ აზრის შეყვანა-გაჯერება (ინდოქტრინაცია) მოხდეს დევიზით – გავიმეოროთ ხშირ-ხშირად და ხალხიც დაიჯერებს.
– როგორ დაახასიათებდით საქართველოს და აშშ–ის ურთიერთობებს, მმართველი პარტიის წევრები აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს და აშშ–ის ურთიერთობები მნიშვნელოვანად გაუმჯობესდება.
– თუ გახსოვთ, ამავეს აცხადებდნენ 2024 წლის ნოემბერში, როცა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპმა გაიმარჯვა. ვიხილეთ კი ამ კუთხით რამე ნიშანდობლივი ცვლილება? ვფიქრობ – არა, პირიქით, ისე იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჩვენს უშუალო და არაუშუალო სამეზობლოში რამდენჯერმე, თითქოს ჩვენ არცკი ვარსებობთ მსოფლიოს ამ ნაწილში. პოლიტიკური უმოქმედობაც პოლიტიკური ქმედების ნაწილია და ეს უფროა ასეთ დროს გასათვალისწინებელი, ვიდრე რა მოლოდინი აქვს „ქართული ოცნების“ ამა თუ იმ წევრს. ზოგადად კი, როგორც დრომ აჩვენა, ტრამპის გამარჯვებას არც აშშ-სთვის მოუტანია მნიშვნელოვანი პოზიტიური გარდატეხა პოლიტიკურ ცხოვრებაში და არც სხვა პარტნიორი თუ არაპარტნიორი ქვეყნისთვის. ამის მიზეზი ისევ და ისევ ტრამპის ეგოცენტრისტულ ადამიანურ ბუნებაში უნდა ვეძებოთ, რომელმაც სძლია ამ პერსონაში არსებულ პოლიტიკურ გამჭრიახობასა თუ ნიჭს და მისი ეგო დადგა ყველასა და ყველაფერზე მაღლა. შესაბამისად, ამან აშშ-ს შეუმცირა ის პრესტიჟი და გავლენები, რაც ჰქონდა. ეს ჩვენთვის არამომგებიან სიტუაციაზე მიანიშნებს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო „კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“. ამ აქტს კონკრეტული პოლიტიკური სვლებიც რომ მოჰყვეს, მმართველ პარტიას, წესით, მაინც ვერაფერი უნდა აიმედებდეს საიმისოდ, რომ „ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“. პირიქით, თუ ამ აქტს რეალური ქმედითი ნაბიჯები მოჰყვა, რომელიც, წესით, მომდევნო 6 თვის (180 დღის) განმავლობაში უნდა გამოვლინდეს, შესაძლოა, ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბოს, თუმცა მე მნიშვნელოვან გარღვევებსა და პროგნოზებზე საუბარს მოვერიდებოდი. რა მოხდება 6 თვის შემდეგ, დამოკიდებულია არა რაღაც კონკრეტულ აქტსა თუ პოლიტიკურ განცხადებაზე, არამედ იმაზე, თუ რა ვითარება იქნება 6 თვის შემდეგ ორივე (და არა მხოლოდ ორივე) ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე.
– ცხადია, გვერდს ვერ ავუვლით სომხეთში ჩატარებულ არჩევნებს, რა ცხადყო მან?
– ამ კუთხით, მოვლენები, შეიძლება ითქვას, კარგი სცენარით განვითარდა. მართალია, ფაშინიანის პროდასავლურმა პარტიამ ვერ შეძლო საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება, მაგრამ შეძლებს მთავრობის დაკომპლექტებას, ქვეყნის საშინაო და საგარეო კურსის განსაზღვრას და სომხეთში არსებულ პრორუსულ პოლიტიკურ წრეებთან დაპირისპირებისთვის უკეთ მომზადებას. ეს ყველაფერი, საბოლოოდ, კავკასიონის სამხრეთით რუსეთის გავლენების დაკარგვის მზარდ ტრენდზე პოზიტიურად იმოქმედებს, რაც ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების ინტერესებში არანაკლებად უნდა შედიოდეს, ვიდრე არის სომხეთისა თუ აზერბაიჯანის შემთხვევაში.
– რამდენად სერიოზულია საქართველოს საგარეო საფრთხეები და რამ შეიძლება გამოიწვიოს მათი ესკალაცია?
– ეს მართლაც აქტუალური კითხვაა. უბრალოდ, შევხედოთ ამ კითხვას ცოტა სხვა რაკურსითაც: ეს საფრთხეები მოიტანა იმ გეოპოლიტიკურმა ძვრებმა და მნიშვნელოვანმა რღვევამ ძალთა ბალანსებისა, რომელიც, თუნდაც ათიანი წლების მიწურულამდე, სუფევდა მსოფლიოში. ბოლო 6 წელიწადში ბევრი რამ შეიცვალა და გააჩინა არა მხოლოდ საფრთხეებთან გამკლავების, არამედ შანსების გამოყენების არანაკლები მოთხოვნილებაც. ჩვენი პრობლემა იმაშია, რომ ჩვენს ქვეყანაში როგორც პოლიტიკურ წრეებში, მმართველი პარტიის მოწინავეობით, ასევე, საზოგადოების არცთუ ისე დიდ, მაგრამ მაინც ნიშანდობლივ ნაწილში, ისევ და ისევ მოძველებული, ანაქრონული კლიშეებით ცდილობენ პოლიტიკურ დღის წესრიგში გზის გაკვალვას, არასწორ ფსონებს დებენ მათსავე ცნობიერებაში ავტორიტეტებად ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ აქტორებზე და ვერაფერს კითხულობენ ხაზებს შორის. სხვათა შორის, ასეთი წაკითხვა (ხაზებს შორის დაშიფრული ტექსტის) დღემდე კარგად გამოსდით ჩვენს მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანს. ამ დიდი გეოპოლიტიკური გადანაწილებების თითქმის ნებისმიერი სცენარის შემთხვევაში, ორივე მათგანი მზადაა, ადვილად მოერგოს საბოლოოდ გამოკვეთილ გეოპოლიტიკურ მოცემულობას, ჩვენ კი სწორი ლავირებისა და ეკონომიკური თუ სამხედრო უსაფრთხოების დამატებით ბენეფიტებზე თითქოს შეგნებულად ვამბობთ უარს და ერთგულებას და იდეოლოგიურ შეამხანაგებას ვუმტკიცებთ ვის? თუ – ვის, ამას ადვილად მიხვდება თავად მკითხველი. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ პირდაპირ და მწვავე კონფრონტაციაში შევიდეთ ვინმესთან, იქნება ეს კრემლი, თეირანი თუ პეკინი (ბეიჯინგი). აქ საუბარია იმაზე, რომ ახლანდელი გეოპოლიტიკური მოცემულობები იძლევა საშუალებას ისეთი საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმოებისთვის, რომელიც ქვეყნის შიგნით სახელმწიფოს მშენებლობის საშუალებას მოგვცემდა. სახელმწიფოებრივად მოფიქრალი ძალა ამას აუცილებლად იზამდა, მაგრამ ამას ვერასოდეს იზამს ძალა, რომელიც ძალაუფლების აკუმულირებაზე და მის რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნებაზეა ორიენტირებული. სწორედ ეს ფაქტორია ყველა იმ პოტენციური საფრთხის მიზეზი, რომელიც შეიძლება გვემუქრებოდეს როგორც გარედან, ასევე შიგნიდან.
– დაბოლოს, რომელი პრობლემის გადაწყვეტა მიგაჩნიათ თანამედროვე პირობებში ყველაზე საშურად?
– ჩვენი შესანიშნავი კონსტიტუციის მრავალმხრივ ფეხქვეშ გათელვა და მისი ფარატინა ფურცლად მიჩნევაა ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა. მას თუ ყველამ თანაბრად, განსაკუთრებით კი მმართველმა ძალამ, იქნება ეს დღევანდელი, ხვალინდელი თუ მომდევნო, არ სცა პატივი და არ გაისიგრძეგანა, არასდროს არაფერი მოგვარდება და, შესაბამისად, ვერასოდეს გვექნება ფუნქციონირებადი სახელმწიფო. ხაზი გავუსვათ: სახელმწიფოს ქონაზე მაქვს საუბარი და არა შეუმდგარ, ნახევრადგანვითარებულ ან განუვითარებელ პოლიტიკურ თუ გეოგრაფიულ ერთეულზე, რომელსაც შეიძლება უწოდო ქვეყანა, მაგრამ ამ ქვეყანაში სახელმწიფო არ არსებობდეს.
ლაშა ხომერიკი