ოპოზიციის ერთობა – გამოცდის წინაშე და ევროკავშირის ახალი წესები
ამ კვირაში მთავარ განსახილველ საკითხებად იქცა „ოპოზიციის ალიანსში“ განვითარებული მოვლენები და ევროკავშირის გაფართოების ახალი წესები. ერთი მხრივ, აღნიშნულ ალიანსში მიმდინარე კრიზისსა და დაპირისპირებას, ხოლო მეორე მხრივ, ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებულ ახალ დისკუსიას და ახალი წევრებისთვის ვეტოს უფლების შესაძლო შეზღუდვის დაანონსებას საქართველოში განსხვავებული პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა.
„ოპოზიციის ალიანსი“, რომლის მთავარი მიზანი, მისი წევრების განცხადებით, „ქართული ოცნების“ დამარცხებაა (ალიანსი 9 ოპოზიციურ პარტიას აერთიანებს, ესენია; „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ევროპული საქართველო“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „თავისუფლების მოედანი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ფედერალისტები“) პრობლემების წინაშეა. განსაკუთრებით გამწვავდა ურთიერთობა ალიანსის სხვა წევრებსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, რადგან „ენმ-ის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციის ტაქტიკისა და სტრატეგიის საჯაროდ გაკრიტიკება დაიწყო, რითაც დაარღვია ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებული წესები. აღსანიშნავია მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა მელიას დაპირისპირება, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე განსახილველ თემად იქცა. სააკაშვილმა საჯაროდ დაადანაშაულა მელია იმაში, რომ ოპოზიციური პროტესტის ენერგია არჩევნების თემაზე გადაიტანა და მისი გათავისუფლების მოთხოვნით გამართული აქციები შეასუსტა.
სულ რაღაც 5 წლის წინ, მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილს ნიკა მელიამ უკრაინაში ჩააკითხა, სააკაშვილი ამბობდა, რომ მელია მისთვის გმირი იყო, თუმცა დღეს სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. აღნიშნული დაპირისპირება კიდევ უფრო გაფართოვდა და იგი ორი პოლიტიკოსის პირად კონფლიქტად აღარ განიხილება. პროცესში „ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია და „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ჩაერთნენ. ამავდროულად, შეიძლება ითქვას, რომ ალიანსი გაიყო და 8 პარტია ერთის წინააღმდეგ წავიდა.
ნიკა გვარამიას თქმით, „ენმ“ არ მონაწილეობს ალიანსის გადაწყვეტილებებში.
– „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ფორმალურადაა ამ ეტაპზე ალიანსში. მისი გადაწყვეტილებაა, მონაწილეობა არ მიიღოს ალიანსის საქმიანობაში. ალიანსი ხომ არ არის ფურცლის ორგანიზაცია, თუმცა არსებობს ფურცელზეც, მაგრამ რეალობაში რაც ხდება, იმაში მონაწილეობას თუ არ იღებ, როცა არ დადიხარ სხდომებზე, არ მონაწილეობ გადაწყვეტილების მიღებაში, არც მიტინგის და დემონსტრაციის ორგანიზებაში, მაშინ ეს არის წევრობა? თუ ამას თვლით წევრობად, მაშინ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ალიანსში“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან საუბარში.
თამარ ჩერგოლეიშვილი კი ამბობს, რომ „ოპოზიციური ალიანსიდან“ მალე ამოიღებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლოგოს.
მიუხედავად უთანხმოებებისა და ცალკეულ ლიდერებს შორის გამწვავებული დაპირისპირებისა, „ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანების დატოვებას, ამ ეტაპზე, არ გეგმავს. პარტიაში აცხადებენ, რომ არსებული განსხვავებული მოსაზრებები პოლიტიკური პროცესის ნაწილია და მთავარი მიზანი საერთო ოპოზიციური ძალისხმევის შენარჩუნება და მმართველი გუნდის წინააღმდეგ ერთიანი ბრძოლის გაგრძელებაა.
ოპოზიციური ალიანსის ირგვლივ მიმდინარე პროცესების პარალელურად, მიხეილ სააკაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერებაზე აკეთებს აქცენტს. ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, პარტიამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უნდა შეინარჩუნოს და ამ მიზნისთვის საჭიროა როგორც მხარდამჭერთა მობილიზება, ისე პარტიული სტრუქტურების გაძლიერება, ამასთან, ცნობილი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ უერთდება და სააკაშვილი მას პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატადაც ასახელებს.
„ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი, მას აქვს გამოცდილება, ენერგია, ხედვა, რომ ამ გამოწვევას გაუმკლავდეს. ნანუკა, გამარჯვების შემთხვევაში რეფორმებს გაატარებს პარტიის ბირთვთან, როგორც ვეტერანებთან, ასევე ახლებთან ერთად. ამ ყველაფერში მათ აქვთ ჩემი სრული ნდობა“, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სააკაშვილის ზემოთაღნიშნულ განცხადებას ეხმაურება.
– „ეს პოსტი მოულოდნელი იყო და ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა და მიმაჩნია, რომ სწორედ ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქ, სადაც ვართ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, ჩვენ ერთი წუთით გავჩერდებით“, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან საუბარში.
მიმდინარე პროცესები განხილვის თემაა როგორც ოპოზიციაში, ასევე მმართველ გუნდში.
„ოპოზიციის ალიანსს“ მიღმა დარჩენილი პოლიტიკური ძალებისთვის მიმდინარე კრიზისი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ოპოზიციის მთავარი გამოწვევა არა მხოლოდ გაერთიანება, არამედ საერთო ხედვისა და სტრატეგიის ჩამოყალიბებაა. მმართველი გუნდის წარმომადგენლები კი ამ პროცესს ოპოზიციის სისუსტისა და შიდა წინააღმდეგობების გამოვლინებად აფასებენ. პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ გუნდი ერთ დროს მასთან ერთ მაგიდასთან მსხდომ პარტიებს აკრიტიკებს და ემიჯნება. ,,ეს ადამიანები არიან ტოქსიკური ადამიანების ერთობა, რომლებიც იჩხუბებენ, მერე შერიგდებიან, კვლავ იჩხუბებენ და შემდეგ შერიგდებიან. სიმართლეს გეტყვით და ჩვენ არ გვაინტერესებს, რა ხდება ,,ნაციონალურ მოძრაობაში“ და ამ ალიანსში, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფია“, – აღნიშნა მედიასთან საუბარში „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი ჭანტურიამ.
პროცესს ეხმაურება ქვეყნის პრემიერი ირაკლი კობახიძეც.
„გახსოვთ რამდენიმე თვის წინანდელი პროგნოზები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ახალი გაერთიანება აუცილებლად დაიშლებოდა, ისევე, როგორც დაიშალა აქამდე მსგავსი გაერთიანება წარსულში. ამას აქვს ერთი მარტივი მიზეზი – მთლიანობაში ოპოზიცია არის სუსტი და სისუსტის პირობებში რთულია მათთვის თანამშრომლობა. მათ ერთმანეთიც კი არ მოსწონთ და როგორ უნდა მოაწონონ ქართველ ხალხს თავი? ამ ოპოზიციას აბსოლუტურად არავითარი შანსი არ აქვს იმისა, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიოს ქართველ ხალხთან და ამიტომ არიან ორიენტირებულები არა ქართველ ხალხზე, არამედ გარე პატრონებზე. რაც შეეხება ნანუკა ჟორჟოლიანის წინ წამოწევას ამ პროცესში, ესეც მეტყველებს იმ უმძიმეს მდგომარეობაზე, რომელიც შექმნილია რადიკალურ ოპოზიციაში“, – განაცხადა პრემიერმა.
ბოლო განვითარებული მოვლენების მიხედვით, ოპოზიციური ალიანსი ფაქტობრივად დაშლილია. მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად დაშლის შესახებ ყველა მხარის ერთობლივი განცხადება არ გაკეთებულა, ალიანსში შემავალი პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით თანამშრომლობის რესურსს ვერ ხედავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ალიანსის თავდაპირველი ფორმატი გაანადგურებულია. ამ გადმოსახედიდან მთავარი კითხვა უცვლელია – შეძლებს ალიანსი კრიზისის დაძლევას, თუ უნდა ველოდოთ ახლო მომავალში ალიანისის ოფიციალურ განცხადებას დაშლის შესახებ?
მიმდინარე კვირაში პოლიტიკური სპექტრის განხილვის საგანი გახდა ევროკავშირის გაფართოების საკითხებში კომისრის მარტა კოსის განცხადებაც, სადაც იგი ევროკავშირის მომავალი წევრებისთვის ვეტოს უფლების შეზღუდვაზე საუბრობს. ჟურნალისტებმა კოსს ჰკითხეს, განიხილავს თუ არა ევროკავშირი უკრაინისთვის წევრობის დასაწყისში ვეტოს შეზღუდვას, რასაც ევროკომისარმა უპასუხა, რომ აუცილებელია იმ ვითარებამდე მისვლა, როდესაც მოხდება უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ შეთანხმების გაფორმება. როგორც მან დაამატა, აუცილებელია იმაში დარწმუნება, რომ ახალი წევრი სახელმწიფოები ევროპულ წესებს დაიცავენ გაწევრიანებიდან 5-10 ან 15 წლის შემდეგაც.
„ახლა ჩვენ ვართ მონტენეგროს გაწევრიანების შესახებ შეთანხმების მომზადების პროცესში, ამიტომ გავა კიდევ გარკვეული დრო, ვიდრე ჩვენ დავინახავთ, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს. მაგრამ ის, რაც დღეს ვიცით, არის, რომ იქნება ევროკავშირში გაწევრიანების ახალი თაობის შეთანხმებები იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ გვექნება ახალი დამცავები, რაც უზრუნველყოფს იმას, რაც თქვენ ახსენეთ“, – განაცხადა ევროკომისარმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას გამოეხმაურა.
„ევროკავშირი ყოველთვის იყო წესებზე დაფუძნებული პროექტი, რაც გულისხმობს, რომ ყველა წევრი ამ წესების წინაშე თანასწორია. ბრიუსელის იდეა, მოახდინოს ქვეყნების უფლებრივი სეგრეგაცია, რადიკალურად ცვლის ევროკავშირის ამ ფუძემდებლურ პრინციპს და მას, თანაბარ ერთა კავშირიდან, „პირველხარისხოვან“ და ,,მეორეხარისხოვან“ ერთა კავშირად აქცევს. ამიტომ, ერთი რამ აქვე უნდა ითქვას მკაფიოდ – ამ იდეის განხორციელების შემთხვევაში, ეს აღარ იქნება ის კავშირი, რომლის წევრობაზეც საქართველომ ოთხი წლის წინ განაცხადი შეიტანა და არც ამგვარი კავშირის წევრობისკენ სწრაფვა არის ის, რაც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში წერია“, – დაწერა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
პარლამენტის თავმჯდომარის კომენტარს ოპონენტების მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
„აშკარაა, რომ თუ 2024 წელს „ღირსებით ევროპისკენ“ ლოზუნგით ატყუებდნენ ქართველ ხალხს, რუსეთის მოლოდინია, რომ ახლა უკვე „შორს უღირსი ევროპისგან“ ლოზუნგით დარჩნენ ხელისუფლებაში.
საქართველოს ფორმალური განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე უნდა გაუქმდეს უახლოეს მომავალში – ესაა რუსების შემდგომი ამოცანა. ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის ამ მიზნისკენ „ქოცური“ პროპაგანდა, იწყება საფუძვლის მზადება ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გასაუქმებლად“, – ასე გამოეხმაურა „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს.
კითხვა, რა პირობებით მიიღებს ევროკავშირი ახალ წევრებს და როგორ აისახება ეს საქართველოს ევროპულ მომავალზე, ღიად რჩება, რაზეც პასუხს დრო გასცემს.
თამარ ლამპარაძე