რევაზ ლაღიძის შემოქმედებითი საღამო
By

რევაზ ლაღიძის შემოქმედებითი საღამო

დიდი ქართველი კომპოზიტორის რევაზ ლაღიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში. ეს იყო დასკვნითი კონცერტი, პროექტის – „ბათუმი საქართველოს კულტურის დედაქალაქი 2025-2026“ ფარგლებში. ბათუმს ერთი წლის განმავლობაში მინიჭებული ჰქონდა კულტურის საპატიო დედაქალაქის სტატუსი და ამ პროექტით, რომლის იდეა მომღერალ აჩიკო ბერიძეს ეკუთვნის, ცნობილი ქართველი კომპოზიტორებისა და შემსრულებლების არაერთი საღამო ჩატარდა.

რევაზ ლაღიძის სიმღერები შეასრულეს თამარ გვერდწითელმა, ნუკრი კაპანაძემ, მაია ჯაბუამ, სოფო ხალვაშმა, თამთა ხუხუნაიშვილმა. კონცერტში მონაწილეობდნენ ანსამბლები „ალილო“, „ბათუმი“ „თეატრალურის კვარტეტი“. ღონისძიების მუსიკალური ხელმძღვანელი დავით მაზანაშვილი გახლდათ. მასთან ერთად საღამოს აფორმებდა საქართველოს ქალთა კამერული ორკესტრი და ბენდი. კონცერტის შემდეგ მონაწილეებმა დიდი კომპოზიტორი გაიხსენეს.

სოფო ხალვაში, მომღერალი:

– ჩვენს გამორჩეულ კომპოზიტორებს, პროექტის ფარგლებში, საინტერესო საღამოები ეძღვნებოდა. ეს ის კომპოზიტორები არიან, რომელთა კვალი საქართველოში არასოდეს წაიშლება. პროექტი ამ საღამოთი სრულდება და შემადგენლობაც ისეთია, როგორსაც რევაზ ლაღიძე იმსახურებს… ბევრი მომღერალი გვეწვია. მიხარია, რომ არაერთი ცნობილი, აწ გარდაცვლილი კომპოზიტორი გავიხსენეთ, ასევე, ცოცხლებს მოვეფერეთ.

კობა ჭეფხოძე, „თეატრალურის კვარტეტის“ სოლისტი:

– რევაზ ლაღიძეს ქართულ სამუსიკო ხელოვნებაში უდიდესი ადგილი უჭირავს. მადლობა ამ დიდ შემოქმედს, რომ უკვდავი სიმღერები და მუსიკა დაუტოვა თავის სამშობლოს. ის გენიოსი შემოქმედია და სანამ საქართველო იარსებებს, მისი შემოქმედებაც იცოცხლებს.

გია დავითიანი, მომღერალი:

– რევაზ ლაღიძე განსხვავებული ქართული ძარღვია, შეუდარებელი კომპოზიტორი. რეზოს მუსიკის მსგავსი, ალბათ, არსადაა. ჯერ მარტო მისი „თბილისო“ რად ღირს… და ბევრი ის მელოდია, რომელიც საუკუნეებს გაუძლებს.

სამარადისო ხსოვნა და ნათელი მის სულს. ბედნიერები ვართ, რომ დღევანდელ კონცერტში ვმონაწილეობთ, მისი არაერთი სიმღერა გავაჟღერეთ, რითაც ვამაყობთ.

მაია ჯაბუა, მომღერალი:

– მთელი საქართველოსია რეზო ლაღიძე. ძალიან პატარა ვიყავი, როცა მას შევხვდი, „მზიურის“ კონცერტს ესწრებოდა. მახსოვს, რომ ვიმღერე, ხელით მანიშნა, რომ მივსულიყავი. ცრემლი ჰქონდა თვალებზე, ყელი გადამაწევინა, ყელზე მაკოცა და წადიო, მითხრა. მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ ის კი ვიცოდი, რამხელა ადამიანმა გამოხატა ეს სიყვარული, რომელიც ჩემს გულში, მეხსიერებაშია დაფიქსირებული. ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეფასება, რაც შიძლებოდა მიმეღო ასეთი ბუმბერაზი ადამიანისგან.

არჩილ ბერიძე:

– ის ემოცია, რაც ჩემში ტრიალებს, ბავშვობიდან ქალაქის კულტურულ ცხოვრებას უკავშირდება და მოვიდა დრო, ფრთები შემესხა იდეისთვის. ამ პროექტში ძალიან ბევრი მონაწილეობდა და მიხარია, რომ პასუხისგებლობა, რაც ჩემმა ქალაქმა აიღო, „საქართველოს კულტურის დედაქალაქის ფარგლებში“, ეს ერთი წელი ღირსეულად ატარა. ამას სავსე დარბაზები მოწმობს, რომელიც არ იყო განებივრებული ამით. მიხარია, რომ ამ პროექტმა მისი გადავსება შეძლო.

ლაშა ღლონტი:

– სამი წლის ვიყავი, როცა ბებია იმ საავადმყოფოში მკურნალობდა, სადაც ბატონი რეზო – „ლეჩკომბინატის“ კარდიოლოგიურ განყოფილებაში. „აგი ბაღანა რეზო ლაღიძეს მიუყვანეთ, ეგებ მისი წყალი გადაესხასო“, ბრძანა ბებიამ. აი, აქედან დაიწყო შეუმეცნებლად ჩემი ურთიერთობა რეზო ლაღიძესთან. ის ჩემთვის ყველაზე გამორჩეული ქართველი კომპოზიტორია, არავის ჰგავს. ის ქართული კლასიკაა და ყოველთვის დიდი პატივია მის შემოქმედებასთან შეხება. ძალიან მიხარია, რომ ჩემს ულამაზეს ბათუმში ასეთი პროექტი განხორციელდა. დღესაც ძალიან ისიამოვნა მაყურებელმა, ყოველ საღამოზე სავსე იყო დარბაზი, მადლობა ორგანიზატორებს. მე, როგორც ბათუმელს, ეს ძალიან მახარებს. სამწუხაროა, რომ ეს პროექტი დასრულდა.

ნუკრი კაპანაძე, მომღერალი:

– ვერავითარი სიტყვა ვერ შეაფასებს რევაზ ლაღიძის შემოქმედებას. ის იყო ქართველი სახალხო კომპოზიტორი, რომლის სიმღერაც სულში, გულში გადის და რომელიც არავითარ გათანამედროვეობას არ ექვემდებარება. მას არ სჭიდება რაღაც შელამაზება, ის ხელშუხებელია.

მაესტრო დავით მაზანაშვილი:

– სიმბოლიურია, რომ ეს პროექტი შარშან გოგი ცაბაძით გაიხსნა და რევაზ ლაღიძით დაიხურა. ვფიქრობთ, პროექტი გაგრძელდება, დარჩა კიდევ რამდენიმე „მოსაფერებელი“ კომპოზიტორი. მადლობა პროექტის მხარდამჭერებს და იდეის ავტორს. სავსე დარბაზიდან ბათუმელებმა სიყვარულით და გულმხურვალედ დაგვიბრუნეს ემოციები.

ლალი სალუქვაძე, მუსიკოსი:

– არაჩვეულებრივი საღამო იყო როგორც სანახაობრივად, ისე, მოსასმენად. სცენაზე ყველა საუკეთესო მომღერალი ვიხილეთ. მიხარია, რომ ბათუმი კულტურისა და ხელოვნების ცენტრი გახდა. ისეთი კარგი საღამო იყო, მინდოდა, კიდევ გაგრძელებულიყო.

პროექტ „ბათუმი საქართველოს კულტურის დედაქალაქი 2025-2026“-ის დასკვნითი საღამო ტელეწამყვან ანა შამილაძეს მიჰყავდა, რომელმაც პროექტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს კულტურის სამინისტროს, მინისტრ თიკა რუხაძეს, „შემოქმედებით საქართველოს“, აჭარის კულტურის სამინისტროს, ბათუმის მერიას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძეს, ბათუმის მუსიკალურ ცენტრს.

მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • ივლისი 2, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *