„რატომ არ ისჯებიან დეკლარირებულად ანტიქართული ძალები“?
By

„რატომ არ ისჯებიან დეკლარირებულად ანტიქართული ძალები“?

გთავაზობთ ინტერვიუს პოლიტანალიტიკოს გია აბაშიძესთან, სადაც ის განიხილავს მსოფლიოსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებს.

– ბატონო გია, დავიწყოთ იმ საფრთხით, რაც დღეს ემუქრება ევროპას რუსეთის მხრიდან

– ამ ეტაპზე მინდა განვიხილო არა დაპირისპირებები ამ ორ კონგლომერატს შორის, არამედ კლასიკური კონფლიქტი მორალსა და რეალურ პოლიტიკას შორის. 2026 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირმა რუსული თხევადი გაზის (LNG) შესყიდვის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, რამაც კრემლს 6 მილიარდი ევროს შემოსავალი მოუტანა. მორალური თვალსაზრისით, ეს ნამდვილად ფარისევლობაა, თუმცა დასავლეთისთვის საკუთარი მოსახლეობისა და ეკონომიკის უსაფრთხოება ამ ეტაპზე უფრო მაღალ პრიორიტეტად რჩება, ვიდრე რუსეთის ენერგეტიკული იზოლაცია. ევროპული კომპანიები ცდილობენ, მაქსიმალურად მოიმარაგონ გაზი 2027 წლიდან დაგეგმილი სრული ემბარგოს ძალაში შესვლამდე. მოგეხსენებათ, ​ირანთან დაკავშირებულმა დაძაბულობამ კატარიდან მომარაგების რისკები შექმნა, რის გამოც ევროპა ისევ რუსულ გაზს მიუბრუნდა. ყველაზე მეტი გაზი საფრანგეთმა, ბელგიამ და ესპანეთმა შეიძინეს, რის გამოც, ევროკავშირი მკაცრი კრიტიკის ქარცეცხლშია — უკრაინის ომის ფონზე, ევროპა პუტინის რეჟიმის დაფინანსებას აგრძელებს.

– სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ პოსტში, თქვენ აცხადებთ, რომ პუტინი სი ძინპინისთვის მისაბაძი მაგალითი იყო, ახლა ის უმცროსი პარტნიორია“…

– დიახ, ეს ასეა, თუ ადრე ჩინეთის პრეზიდენტი, გარკვეულწილად, აღფრთოვანებული იყო პუტინით (როგორც დასავლეთთან აქტიურად დაპირისპირებული ლიდერით), უკრაინაში მიმდინარე ომმა და რუსეთის ეკონომიკურმა იზოლაციამ ეს ბალანსი სრულად შეცვალა. ​უკრაინაში ოთხწლიანმა ომმა და დასავლურმა სანქციებმა რუსეთი ეკონომიკურად და პოლიტიკურად ჩინეთზე დამოკიდებული გახადა. პუტინი ამ ურთიერთობაში უკვე მთხოვნელის როლშია.

იმის ​მიუხედავად, რომ საჯაროდ ორი ქვეყანა მჭიდრო „მეგობრობას“ აჩვენებს, რეალურად, მათ შორის ურთიერთობა სულ უფრო დისბალანსური და ხშირად დაძაბულიც ხდება, რადგან ჩინეთი საკუთარ ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ ინტერესებს პირველ ადგილზე აყენებს და რუსეთს თავის სასარგებლოდ იყენებს (მაგალითად, იაფი ენერგორესურსების მისაღებად). პეკინის სტრატეგიული მიზანი არ არის რუსეთის სრული განადგურება ან კოლაფსი, თუმცა არც მისი გადამწყვეტი გამარჯვება აწყობს. ჩინეთისთვის იდეალურია „ფუნქციური, კონტროლირებადი და მასზე ფინანსურად დამოკიდებული“ რუსეთი, რომელიც დასავლეთის ყურადღებასა და რესურსებს გადაიბარებს, თავად პეკინს კი იაფ ნედლეულს მიაწვდის.

ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ დასავლეთთან იდეოლოგიური დაპირისპირება მაინც აიძულებს სი ძინპინსა და ვლადიმირ პუტინს, ერთმანეთს მხარი დაუჭირონ და საჯაროდ აჩვენონ უპრეცედენტო ერთობა.

– სოციალურ ქსელში თქვენ ეხმიანებითრადიო თავისუფლებისმიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუს ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორ ნილ მაკფარლეინთან, სადაც პროფესორი აცხადებს: „არსებობს ნაკლებად სავარაუდო, მაგრამ მაინც რეალური რისკი – სომხეთის დამარცხების შემდეგ, აზერბაიჯანმა საქართველოზე სცადოს ზეწოლა“. ნუთუ მართლა არსებობს მსგავსი საფრთხე?

– რას ამბობთ, რაღაც გაუგონარ საფრთხეზე ლაპარაკობს ვიღაც რესპონდენტი, მედია კი ამის ტირაჟირებას ახდენს და ყველანაირად ცდილობს დააზიანოს ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები. ეს სხვა არაფერია, თუ არა ქვეყნის მტრობა და უცხოეთის სპეცსამსახურების მსახურება.

– ბატონო გია, თქვენ მოუწოდებთ მოქმედებისკენ შესაბამის სტრუქტურებს ნილ მაკფარლეინთან ინტერვიუს გამო. თუ შეიძლება დაგვიკონკრეტეთ, რას გულისხმობთ და საიდან დაიწყო ეს ყველაფერი?

– დიახ, ვაცხადებდი და ახლაც მკაცრად ვიმეორებ – ანტისახელმწიფოებრივი ჭიები გასანადგურებელია, კმარა ამდენი ე.წ. ტოლერანტობა! „რადიო თავისუფლების“ თანამშრომლებში სასოწარკვეთილი პირადი ცხოვრება ექტრაპოლირებული რეალობა ვერასდროს იქნება. ეს  ქვეყნის მტრობა და უცხოეთის სპეცსამსახურების მსახურებაა.  რაც შეეხება ბაქოს თემას, მოგეხსენებათ, გეოპოლიტიკური, ენერგეტიკული, ეკონომიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, აზერბაიჯანი აწარმოებს დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას და ევროკრატიას მტკიცედ ეღობება. ბაქო ევროპის საბჭოს დატოვებას აპირებს. შუშის მე-4 გლობალურ მედიაფორუმზე პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ევროპის საბჭოს შესახებ რამდენიმე მკაფიო განცხადება გააკეთა; „ჩვენ სერიოზულად განვიხილავთ ევროპის საბჭოდან სრულად გასვლას“. „თუ აზერბაიჯანი ევროპის საბჭოს სრულად დატოვებს, ქვეყანაში ამას თითქმის ვერავინ შეამჩნევს“; „ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მთხოვა, ეს ნაბიჯი არ გადამედგა, ამიტომ პროცესი შევაჩერეთ, მაგრამ მას შემდეგ არაფერი შეცვლილა, ხოლო PACE-ის ულტიმატუმის მსგავსი მოთხოვნები აზერბაიჯანისთვის მიუღებელია“. მოკლედ რომ ავხსნათ, ალიევის თქმით, ურთიერთობების ნორმალიზებისთვის აუცილებელია: PACE-მა აღადგინოს აზერბაიჯანის დელეგაციის უფლებამოსილება, წინააღმდეგ შემთხვევაში აზერბაიჯანი ორგანიზაციის მუშაობას არ დაუბრუნდება. მან, ასევე, აღნიშნა: „ჩვენ გვინდა ევროპის საბჭოსთან ურთიერთობების ნორმალიზება, მაგრამ პირველი ნაბიჯი მათ უნდა გადადგან“, ანუ აზერბაიჯანი აღარაა, როგორც მხოლოდ ნავთობისა და გაზის ექსპორტიორი, ქვეყანა ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების, მწვანე ენერგეტიკისა და რეგიონული ეკონომიკური კავშირების მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ბაქო აძლიერებს საკუთარ საერთაშორისო გავლენას და ამცირებს დასავლეთის მხრიდან ზეწოლის ეფექტს. დარწმუნებული ვარ, იქნება ევროკრატების სასაცილო კუდის ქიცინი, თუმცა ვერაფერს გაუბედავენ პრეზიდენტ ალიევს და რა შუაში ან თავშია ამ სიტუაციაში საქართველო, გაუგებარია.

რუსეთის მხრიდან გერმანიისკენ მიმართულ რა საფრთხეზე საუბრობენ საერთაშორისო ანალიტიკოსები?

– აქ საუბარია პოლიტიკური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) შესახებ, თუმცა  ამ პარტიის თავდაცვის პოლიტიკის ხელმძღვანელ იან ნოლტეს მიაჩნია, რომ რუსეთის მხრიდან თავდასხმის საფრთხე არარეალური და აშკარად გადაჭარბებულია ბერლინისა და სხვა ნატოელი მოკავშირეების მიერ. მისი შეფასებით, რუსეთი გერმანიას განიხილავს ჰიბრიდული ომის, ჯაშუშობისა და საბოტაჟის კონტექსტში (რადგან გერმანია უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი მხარდამჭერია), თუმცა პირდაპირ სამხედრო აგრესიას გამორიცხავს. ​AfD მკაცრად ეწინააღმდეგება უკრაინის სამხედრო დახმარებას და მის ნატოსა თუ ევროკავშირში გაწევრიანებას. ისინი მხარს უჭერენ კრემლთან დიალოგსა და დეესკალაციას, ხოლო უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, სურთ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა და იაფი რუსული გაზის იმპორტის განახლება. ნოლტე აღნიშნავს, რომ გრძელვადიანი მშვიდობისთვის რუსეთთან დიალოგი აუცილებელია. AfD-ს ერთ-ერთი ლიდერი უარყოფს კრიტიკოსებისა და ნატოს წევრი ქვეყნების ბრალდებებს, თითქოს მისი პარტია კრემლის ინტერესების გამტარებელია გერმანიაში. მისი თქმით, პარტიამ თავიდანვე გააკრიტიკა უკრაინაზე თავდასხმა და რუსული ჯარების სრულად გაყვანა მოითხოვა. ნოლტე ემხრობა გერმანიის შეიარაღებული ძალების (Bundeswehr) დაფინანსების გაზრდას, რადგან მიიჩნევს, რომ არმია ინვესტიციების ნაკლებობის გამო დაზიანდა. რაც შეეხება ბირთვულ იარაღს, მიუხედავად იმისა, რომ AfD ოფიციალურად არ უჭერს მხარს გერმანიის მიერ საკუთარი ბირთვული პროგრამის შექმნას, ნოლტე პირადად ამ იდეის მიმართ ღიაა, რადგან მას ძლიერ შემაკავებელ ფაქტორად მიიჩნევს. ​ასევე, იან ნოლტე მკაცრად გმობს ირანის რეჟიმს ევროპაში ისლამიზმისა და ისრაელის ობიექტებზე ტერორისტული თავდასხმების მხარდაჭერის გამო. ის გამოთქვამს სინანულს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ვერ შეძლო ამ რეჟიმის განადგურება ყურეში დაწყებული ომის დროს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთმა მრავალჯერადი გამოყენების რაკეტების ტექნოლოგიაში უმნიშვნელოვანეს გარღვევას მიაღწია, რამაც მსოფლიო დონის რეზონანსი გამოიწვია. თუ შეიძლება დაგვიკონკრეტეთ რა ხდება და რაზეა საუბარი?

​- Long March-10B-მა გაშვების შემდეგ ზღვაში წარმატებით დააბრუნა პირველი საფეხურის ამაჩქარებელი. რაკეტა დასაჯდომ პლატფორმაზე დაეშვა და ის გიგანტურმა ბადემ დაიჭირა, რაც მსოფლიოში ბადის გამოყენებით რაკეტის დაჭერის პირველი ცნობილი შემთხვევაა. ჩინეთმა კოსმოსურ რბოლაში სრულიად ახალ და ინოვაციურ ტექნოლოგიურ მეთოდს მიაგნო. აქამდე რაკეტების უმეტესობა ერთჯერადი იყო — კოსმოსში გაფრინდებოდა, ძვირად ღირებული ნაწილები ოკეანეში ცვიოდა და ფუჭდებოდა. ჩინეთმა ისწავლა რაკეტის ყველაზე დიდი, მთავარი და ძვირად ღირებული ნაწილის (პირველი საფეხურის) უკან, დედამიწაზე უვნებლად დაბრუნება, რათა ის შემდეგი ფრენებისთვისაც გამოიყენოს. ​მსოფლიოში პირველი „გიგანტური ბადე“ – მაგალითად, ამერიკული კომპანია SpaceX თავის რაკეტებს სპეციალურ დასაჯდომ „ფეხებზე“ სვამს პლატფორმაზე.  ჩინელებმა სრულიად სხვა გზა აირჩიეს: ზღვაში განთავსებულ პლატფორმაზე სპეციალური გიგანტური ბადე დაამონტაჟეს, რომელმაც რაკეტა დაშვებისას ჰაერშივე დაიჭირა. ​როდესაც რაკეტას დასაჯდომი კონსტრუქციები (ფეხები) არ სჭირდება, ის ბევრად მსუბუქია, შესაბამისად, ნაკლებ საწვავს წვავს და კოსმოსში უფრო მეტი სასარგებლო ტვირთის ატანა შეუძლია. ბადე, ასევე, საიმედოდ ამორტიზებს დაშვებას და იცავს კონსტრუქციას დაზიანებისგან. ​ამ წარმატებით ჩინეთი ძალიან მიუახლოვდა ილონ მასკის SpaceX-ის დონეს. ეს ჩინელებს საშუალებას მისცემს, ბევრად უფრო იაფად და ხშირად გაუშვან რაკეტები კოსმოსში, რაც პირდაპირ უკავშირდება მათ დიდ გეგმებს: მთვარეზე საკუთარი ბაზის აშენებასა და მარსის ათვისებას.

– კერძო სექტორის მხარდამჭერი მმართველობით, საქართველოს მთავრობა მსოფლიოს საუკეთესო ოცეულშია. ჩენდლერის ინსტიტუტის თანახმად, საქართველოში ბიზნესის კეთება, კანონმდებლობა და ბიუროკრატია რეალურად ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში. . .

– დიახ, ეს ძლიერი გზავნილია უცხოელი ინვესტორებისთვის.

კერძო სექტორის მხარდამჭერი მმართველობის თვალსაზრისით, საქართველოს მთავრობამ მაღალი შეფასება მიღო, მსოფლიოში 31-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა, ანუ საქართველო უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 17 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ხორვატია, საბერძნეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მალტა, კვიპროსი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ალბანეთი, თურქეთი. მორიგი საერთაშორისო ანგარიში ადასტურებს, რომ საქართველომ წლების განმავლობაში შეინარჩუნა და განავითარა ეკონომიკური ლიბერალიზმის და ბიზნესის მხარდაჭერის ძლიერი მოდელი. ეს გახლავთ უზარმაზარი პოტენციალის მქონე ინსტრუმენტი, რომელიც ქვეყანამ უნდა გამოიყენოს უცხოური კაპიტალდაბანდებების მოსაზიდად და ამასთან, ევროინტეგრაციის პროცესში ეკონომიკური არგუმენტების გასამყარებლად.

მსოფლიო ბანკის ამ გლობალური კვლევის ფარგლებში, საქართველო შეაფასა შვიდმა საერთაშორისო შემფასებელმა ორგანიზაციამ და პროექტმა. ესენია: გერმანული Bertelsmann Transformation Index-ი, ბრიტანული Economist Intelligence Unit-ი, ამერიკული Heritage Foundation’s Index of Economic Freedom-ი, სარეიტინგო კომპანია Standard & Poor’s, World Bank Enterprise Surveys, World Economic Forum’s Global Competitiveness Survey Report-ი და ამერიკული World Justice Project-ი.

– „შიგნით აქცია, გარეთ სანქცია“ – კოალიცია ცვლილებებისთვისლიდერის ნიკა გვარამიას ამ განცხადებას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ქვეყნის ღალატიუწოდა. ხელისუფლებაში არ გამორიცხავენ, რომ განცხადება შესაბამისი უწყებების შესწავლის საგანი გახდეს. . .

– მე მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ გაკეთებული საჯარო განცხადებები შესაბამის სამართლებრივ შეფასებას უნდა ექვემდებარებოდეს. მსგავსი რიტორიკა ოპოზიციის ნაწილისთვის ახალი არ არის, თუმცა კანონმა ყველას მიმართ თანაბრად უნდა იმოქმედოს, პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად. გვარამიას და მისი კოლეგების ასეთი განცხადებები რადიკალურ ოპოზიციაში სიახლე არ არის და ამას უნდა დაეთმოს ჯეროვანი სამართლებრივი ყურადღება, რაზეც მიუთითა კიდეც პრემიერმა კობახიძემ და რაზეც ლაპარაკობენ „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსები. დემოკრატიულ სამყაროში, ნებისმიერი ოპოზიციონერის მიერ გაკეთებულ მსგავს განცხადებას,  ბუნებრივია, შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება. აქ კი, რატომღაც ძალიან უკვირთ, როდესაც ქართული მართლმსაჯულება მოქმედებს იმ აპრობირებული დასავლური სტანდარტებით  (გაცილებით მსუბუქად) და ამას არქმევენ ეგრეთ წოდებულ რუსულ კანონს, ავტორიტარიზმს და ასე შემდეგ. . . მაგრამ სახელმწიფოს წინააღმდეგ ღიად, დაუფარავად მოქმედება არავის უნდა შერჩეს, რა გვარის თუ პარტიის წარმომადგენელიც უნდა იყოს. ამიტომ, მე ვიზიარებ საზოგადოების დიდი ხნის აღშფოთებას, რომელსაც უკვირს, რატომ არ ისჯებიან დეკლარირებულად ანტიქართული ძალები. ვფიქრობ, ეს დრო დადგა. . . ამ შემთხვევაში,  კონკრეტულად გვარამიას კი არ ვგულისხმობ, არამედ არაერთ, ექსტრემისტულ პოლიტიკოსს, რომელიც ამგვარ განცხადებებს აკეთებს ღია ეთერში თუ სოციალურ ქსელებში.

ირმა ცეცხლაძე

 

  • No Comments
  • ივლისი 14, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *