პირადი არქივი, სადაც ყოველთვის რჩება რაღაც გამორჩეული
კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერი თანამშრომელი, საზოგადო მოღვაწეთა პირადი არქივების მცველი ესმა მანია, არაერთი წელია, საჯარო შეხვედრებს აწყობს, რომლებზეც სხვადსხვა საზოგადო მოღვაწის პირად არქივს შეულამაზებელი, ავთენტური სახით წარმოგვიდგენს. ამ შეხვედრების
თემა იცვლება, თუმცა ერთი რამ უცვლელი რჩება – წამყვანი იმდენად საინტერესოდ ყვება ამ არქივების შესახებ და იმდენ საინტერესო ფაქტს გვაწვდის, თანაც ისე გამორჩეულად, რომ თითოეულ შეხვედრას საზოგადოება გულთბილად იღებს და ბოლომდე სიამოვნებით ისმენს.
ასეთი იყო ბათუმში, აჭარის მწერალთა სახლში გამართული შეხვედრაც, რომელიც ესმა მანიამ მისთვის დამახასიათებელი პროფესიონალიზმით, საქმის დიდი ცოდნით წარმართა.
რა ხარისხის პირადი და საზოგადოებრივი თემა იკითხება ილია ჭავჭავაძისა და ოლღა გურამიშვილის, ექვთიმე თაყაიშვილისა და ნინო პოლტორაცკაიას, ივანე ჯავახიშვილისა და ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის, კონსტანტინე გამსახურდიასა და რებეკა ვაშაძის, გალაკტიონისა და ოლია ოკუჯავას პირად საარქივო დოკუმენტებში, – სწორედ ამაზე ისაუბრა ქალბატონმა ესმამ ბათუმში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა, მაგარამ აუდიტორია ბოლომდე სიამოვნებით ისმენდა ამ შესანიშნავი მკვლევრის ფაქტებით განმტკიცებულ სასიამოვნო საუბარს.
შეხვედრა აჭარის ტელევიზიის გადაცემა „ეთნოფორის“ წამყვანს მიხეილ გაბაიძის ინიციატივით შედგა და ქალბატონი ესმა ბათუმს ასეთი მისიით პირველად ეწვია.
შეხვედრის ბოლოს საინტერესო დისკუსიაც შედგა.
– ვისაუბრეთ იმაზე, რამდენად საჯარო უნდა იყოს ამ დიდი ადამიანების პირადი ცხოვრება – ბოლომდე უნდა ითქვას სიმართლე თუ რაღაც უნდა დავმალოთ, შევინახოთ. დღეს ძალიან საინტერესო პრობლემას შევეხეთ. ხშირად ჩვენ ვერ ვეხებით ისეთ პიროვნებებს, როგორებიც არიან დავითი, თამარი, ილია… მერე აღმოჩნდება, რომ პირადი ცხოვრებით ისინი ბოლომდე არ შეესაბამებიან თავიანთ რეალურ სახეს. ისმის კითხვა: გვაქვს კი უფლება, ბოლომდე ჩავწვდეთ ადამიანების პირად არქივებს, მეტი გავიგოთ მათი ცხოვრების შესახებ? ეს მარადიული პრობლემაა და პრობლემად რჩება, ამიტომ მიუხდავად იმისა, რომ ბევრი რამ ვიცოდი ამ თემის ირგვლივ, მაინც ბევრი სიახლე, უცნობი ფაქტი გავიგე. ეს სამი საათი სიამოვნებით ვუსმენდი ქალბატონ ესმას, დრო ნაყოფიერად გავატარე, – გვითხრა ფილოსოფოსმა გია მასალკინმა.
– არაჩვეულებრივი საღამო იყო, ესმა მანია გვესაუბრა ძალიან ცნობილ ადამიანებზე, თემა საინტერესო იყო. ინტელიგენციამ ეს ინფორმაცია მეტ-ნაკლებად იცის, მაგრამ პირადი არქივიდან დანახული სამყარო სულ სხვაა, სულ სხვა რამეზე გვაკეთებინებს აქცენტს. როცა ადამიანმა დაამუშავა თემა და გონივრულად იცის, რა მოგაწოდოს, ძალიან სასიამოვნოა. ამიტომაც კმაყოფილი მივდივარ და მას დიდ მადლობას ვუხდი, – აღნიშნა ფილოლოგმა ნინო სურმანიძემ.
– ესმა მანია იშვიათი მოღვაწეა, რომელიც თავის ცხოვრებას საზოგადოებას, არქივების კვლევას და ხელნაწერების შესწავლას უძღვნის. ის ძალიან დასაფასებელი ადამიანია. აქ წარმოდგენილი საარქივო მასალები, ხელნაწერები უნიკალური საგანძურია, რადგან ჩვენ ათას „ფილტრში გავლილი“ ინფორმაციით ვიზრდებოდით. საბჭოთა სკოლის ერთგვარი გაგრძელება იყო ეს, სადაც საზოგადო მოღვაწეების და განსაკუთრებით, მწერლების, ხელოვანების ბიოგრაფიების წარმოჩენა არ გვაძლევდა მათი, თუნდაც სირთულეების, რეალური ყოფის და კონტექსტის გააზრების შესაძლებლობას. დღეს ინფორმაციულადაც და ემოციურადაც ძალიან დატვირთული ვარ. მადლობა ესმას და ორგანიზატორებს. ვფიქრობ, ყველა ადამიანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, გაეცნოს იმას, რაც დღეს ერთეულებისთვისაა ხელმისაწვდომი, რომ იცოდნენ რეალური ისტორია საქართველოსი, იმ ადამიანების რეალური ბიოგრაფიები, ვისაც ასე ვეთაყვანებით, – აღნიშნა პოეტმა გენრი დოლიძემ.
– დღეს ბევრ სიახლეს გავეცანი, არაჩვეულებრივად მომზადებული ლექცია იყო, რომელმაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ გამოჩენილ ადამიანებზე ბევრი უნდა ვიცოდეთ, ვიაზრებდეთ, რა ეპოქაში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ, რათა უკეთესი მომავალი შევქმნათ. ესმა ერთ-ერთი გამორჩეული პროფესიონალი, კომპეტენტური ადამიანია, რომელიც იკვლევს და ყველაზე კარგად იცნობს ამ სფეროს. დღეს მისმა ლექციამ ძალიან გაგვამდიდრა თითოეული მსმენელი, – გვითხრა თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილმა.
– „პირადი არქივი“ – ამ ორი სიტყვის ნაკრები არ სარგებლობს პოპულარობით, რადგან ის რაღაც მოსაწყენ, არასაინტერესო მასალაზე მუშაობას მიგვანიშნებს. სინამდვილეში, ეს არის შესაძლებლობა უფრო ავთენტურად, უფრო ნამდვილად, ბუნებრივი სახით დავინახოთ ადამიანები. ჩვენი საზოგადო მოღვაწეების ნამუშევარი, ნაწერი, ნაღვაწი ძირითადად გამოქვეყნებულია, მაგრამ რაც უნდა მაღალი ხარისხის გამოცემები იყოს, პირად არქივში მაინც რჩება რაღაც გამორჩეული. ეს არის სიტყვიერი მასალა, ეს არის გადახაზვა, წამოცდენა, ცრემლის ნაკვალევი, თითის ანაბეჭდი… პირად არქივებში ძალიან ბევრი რამ არის, რასაც დამატებითი კვლევა სჭირდება და რაც მთავარია, კონტექსტს გვიხსნის სწორად. განსაკუთრებით საინტერესოა მე-20 საუკუნის არქივები, როცა სიტყვა ვერ ამბობს სათქმელს, როცა სხვა რამეზე უნდა გაკეთდეს აქცენტი, სწორად უნდა იყოს გახსნილი საზოგადოებრივი მოვლენების, პროცესების კონტექსტები. ჩვენთვის საინტერესოა ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილების“ ფიზიკურად გადარჩენა, როგორც არტეფაქტისა, დამატებით იმ ინფორმაციის ამოკითხვა, რამაც ილია ჭავჭავაძეს დააწერინა. დღეს ამ ადამიანების პირადი ისტორიები, რომლებიც გარკვეული წნეხის ქვეშ ცხოვრობდნენ, სხვა კონტექსტში გვაქვს გამოსაკვლევი. უნდა მოხდეს ამ არქივების ხელახლა შესწავლა. ნებისმიერ მშობელს უნდა ჰქონდეს პრეტენზია იმაზე, რომ მისი შვილი უშუალოდ ეხებოდეს ამ ავთენტურ მასალებს, პირადად ჰქონდეს წვდომა, რაღაც ტიპის კავშირი, რაც მას სხვაგვარად შეასწავლის, შეაყვარებს, შეამეცნებს ამ სამყაროს. საზოგადო მოღვაწეების ცხოვრებას უფრო ღრმა, დაკვირვებული, კომპლექსური კვლევა სჭირდება და პირადი არქივის გარეშე ეს შეუძლებელია, – გვითხრა ესმა მანიამ.
მანანა ძიძიშვილი