ადამიანის სულზე საშლელი არ მუშაობს …
ლალი თავართქილაძის სახელი არაერთი მოსწავლისთვის ცოდნასთან, ლიტერატურის სიყვარულთან და იმ ღირებულებებთან ასოცირდება, რომლებიც ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს. პედაგოგიური საქმიანობის განმავლობაში მან არაერთ თაობას გაუზიარა ქართული სიტყვის სილამაზე, წიგნის ძალა და აზროვნების კულტურა, თუმცა პროფესიული წარმატების მიღმა დგას ადამიანი, რომლისთვისაც შემოქმედება ცხოვრების ორგანული ნაწილია და რომელიც მუდმივად ეძებს საკუთარი შინაგანი სამყაროს გამოხატვის ახალ შესაძლებლობებს.
ცოტა ხნის წინ ლალი თავართქილაძემ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და თავისი პირველი პერსონალური გამოფენა წარმოუდგინა საზოგადოებას. ფერწერა მისთვის მხოლოდ ხელოვნების ფორმა არ არის, ესაა ემოციების, გამოცდილებისა და შინაგანი განცდების ენა, რომელიც სიტყვების მიღმა აგრძელებს სათქმელს.
გაზეთ „აჭარას“ დღეს ლალი თავართქილაძე ესაუბრება პედაგოგიურ გზაზე, მოსწავლეებთან ურთიერთობის მნიშვნელობაზე, თანამედროვე განათლების გამოწვევებზე, ლიტერატურის როლსა და ხელოვნებასთან განსაკუთრებულ კავშირზე. ეს არის ინტერვიუ ადამიანზე, რომლის ცხოვრების მთავარ საყრდენად ერთგულება, პასუხისმგებლობა, სიყვარული და მუდმივი შემოქმედებითი ძიება რჩება.
– გაეცანით ჩვენს მკითხველს, ვინ არის ლალი თავართქილაძე პროფესიის მიღმა? რა არის ის მთავარი ღირებულებები, რომლებმაც თქვენი ცხოვრება და საქმიანობა განსაზღვრა?
– მივესალმები თქვენს ძვირფას მკითხველს. ჩემი პროფესიის უკან იმალება თავისუფალი სული, რომელიც ეძებს ყველა გზას შინაგანი სათქმელის გამოსახატად. ჩემი საქმიანობა განსაზღვრა თავგანწირვამდე ერთგულებამ იმის მიმართ, რასაც ვემსახურები. ვფიქრობ, ცოდნას შეიძენ, საქმესაც შეიყვარებ, მაგრამ თუ ერთგულება არ შეგიძლია, სრულყოფილების გემოს ვერასდროს შეიგრძნობ.
– ქართულ ენასა და ლიტერატურასთან თქვენი ურთიერთობა როგორ დაიწყო? გახსოვთ ის მომენტი, როდესაც მიხვდით, რომ თქვენი გზა პედაგოგობა იყო?
– პედაგოგი ვიყავი აზროვნების დაწყებისთანავე – ვასწავლიდი ყველგან და ყველაფერს, სჭირდებოდათ ეს თუ არა. მეხუმრებოდნენ კიდეც ამაზე. თავდაპირველად, მამაჩემის თხოვნით, სამედიცინო ინსტიტუტში ჩავაბარე, მაგრამ მივხვდი, არ იყო ეს ჩემი გზა, პაციენტებს „ვეფხისტყაოსანს“ ვუყვებოდი. . . მერე ჩავაბარე პედაგოგიურ ინსტიტუტში და ალბათ, ასეთი მართებული ნაბიჯი არასდროს გადამიდგამს.
– თქვენი აზრით, პედაგოგობა მხოლოდ პროფესიაა თუ ცხოვრების წესი? რას ნიშნავს თქვენთვის ეს პასუხისმგებლობა?
– ურთულესი გზაა, თუმცა საკუთარი სულის საზრდოდაც შეიძლება იქცეს. ის იმ პროფესიათაგანია, რომელიც იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ საქმე. ადამიანის სუფთა სამყარო გაბარია და მის გამოძერწვაში მონაწილეობ. მოქალაქეს ზრდი და ყოველი სიტყვა თუ ქმედება ზედმიწევნით უნდა იყოს ნაფიქრი და გააზრებული, თორემ შედეგი სავალალო შეიძლება აღმოჩნდეს. კლასში რომ შედიხარ და კარს მოხურავ, იქ სრულდება ყველაფერი პირადული და ბოლომდე ეკუთვნი მათ.
– წლების განმავლობაში არაერთ თაობასთან გიმუშავიათ. რა არის ის, რასაც მათგან ყოველდღიურად სწავლობთ?
– მათგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება, ვსწავლობ, როგორ ვიყო ყველგან და ყოველთვის საკუთარი თავი, ვსწავლობ, როგორ ვმართო ის, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ჩემს კარგ განწყობაზე. ისინი ლაღები არიან, თავისუფლები, ყველაფერს მარტივად, პოზიტიურად უყურებენ. ეს გადამდებია და მუდამ ახალგაზრდად ყოფნის ხელშემწყობიც.
– მოსწავლეების ნდობის მოპოვება მარტივი არ არის. თქვენი გამოცდილებით, რა არის ის მთავარი, რაც მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ნამდვილი ურთიერთობის საფუძველს ქმნის?
– ბავშვები მარტივად გცნობენ, არაფერი შაბლონური მათთვის საინტერესო არ არის. მთავარია, შეგამჩნიონ, რომ გულწრფელი ხარ, რომ გიყვარს როგორც საკუთარი პროფესია, ასევე ის სამიზნე აუდიტორიაც, რომელსაც ასწავლი და მერე ყველაფერი იოლდება. როგორც ემოციურ, ისე ინტელექტუალურ ნაწილში მოსწავლესთან ტყუილი დაუშვებელია.
– თანამედროვე ეპოქაში, როდესაც ბავშვების ყურადღებას ტექნოლოგიები და სოციალური ქსელები იპყრობს, როგორ შეიძლება ლიტერატურის სიყვარული გავაღვივოთ?
– ეს ყველასთვის ძალიან რთული პროცესია და არც ჩემთვის ყოფილა მარტივი. ბევრ მეთოდს მივმართე და ყველაზე დიდი მიღწევა ამ გზაზე ლიტერატურული კლუბის შექმნა მგონია. კლუბის დღეები იყო დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი, ვსაუბრობდით პერსონაჟებსა და იმ საკითხებზე, რომლებიც მათ ცხოვრებაშიც აქტუალურია.
როგორ მივედით კლუბამდე? პირველ რიგში, სწორი ლიტერატურის შერჩევაა მნიშვნელოვანი და თავად უნდა იყო პროცესის ისე წარმმართავი, რომ აღფრთოვანება და ინტერესი გამოიწვიო. კომპლექსური საკითხია და ძალიან ბევრ ნიუანსს მოიცავს.
– რა უნდა გააკეთოს სკოლამ და მასწავლებელმა იმისათვის, რომ ბავშვი სკოლაში სიხარულით მიდიოდეს და სწავლა მისთვის მხოლოდ ვალდებულება არ იყოს?
– უნდა გრძნობდეს, რომ მას იქ ელოდებიან, რომ სულერთი არაა სკოლისა და პედაგოგისთვის და რომ უყვართ ისეთი, როგორიცაა – უმარტივესი ფორმულაა, მაგრამ დღემდე ძალიან რთული აღმოჩნდა კაცობრიობისთვის ამის მიღწევა. სიყვარული თუ არ შეგიძლია, არც სკოლა უნდა გერქვას და არც მასწავლებელი.
– ქართული ლიტერატურიდან რომელი ნაწარმოები მიგაჩნიათ ისეთად, ყველა მოზარდმა რომ აუცილებლად უნდა წაიკითხოს და რატომ?
– ასეთი ბევრია. . . ძალიან რთულია, გამოვარჩიო, მაგრამ ამ წამს პირველი, რაც გონებაში წამოვიდა, ნოდარ დუმბაძის „მარადისობის კანონია“, რადგან ყველაზე ნათლად აჩვენებს – ადამიანის სული იმდენად მძიმეა, რომ რთულია მარტომ ატაროს. ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება.

– რამდენიმე დღის წინ, თქვენი დაბადების დღე განსაკუთრებულად აღინიშნეთ პირველი პერსონალური გამოფენით. რას ნიშნავდა ეს დღე თქვენთვის, როგორც ადამიანისა და შემოქმედისთვის?
– ეს დღე ჩემთვის დაბადებაა, სხვა ადამიანად დაბადება. სხვა მიმართულებით წავიყვანე ჩემი შემოქმედებითი გზა. ადრე ვწერდი, წიგნიც მაქვს გამოცემული. არასდროს მყოფნიდა არაფერი სათქმელის გადმოსაცემად, ხატვა კი აღმოჩნდა ზუსტად ის, რამაც ბოლომდე დაცალა შინაგანი გზავნილები.
– როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა ფერწერასთან? ეს ბავშვობის ოცნება იყო, თუ ცხოვრების ერთ–ერთ ეტაპზე აღმოჩენილი ახალი სიყვარული?
– ყოველთვის კარგად ვხატავდი, ასე მეუბნებოდნენ, თუმცა დიდი ხანია, ფუნჯისთვის ხელი არ მიხლია. პრიორიტეტები ისე გადავანაწილე, რომ პროფესიული განვითარების გზა ვაქციე იდეა ფიქსად და გამომივიდა, მერე კი მივხვდი – რაღაც მჭირდებოდა იმისთვის, რომ ჩემი შინაგანი მდგომარეობა გამომეტანა. აღმოჩნდა, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე ეს განსაკუთრებით კარგად გამომივიდა.
– ფერთა პალიტრა თქვენთვის შინაგანი სამყაროს გამოხატულებაა თუ იმ ემოციების ანარეკლი, რომელსაც გარემო და ადამიანები გაძლევენ?
– ორივე ერთდროულად. მე „შევიქმენი“ სოციუმში და თითოეული შტრიხი ჩემს შინაგან სამყაროში იმ ადამიანებისგანაა, რომლებმაც გაიელვეს ჩემს ცხოვრებაში.
– რამდენად ჰგავს ერთმანეთს პედაგოგობა და მხატვრობა? ხედავთ თუ არა ამ ორ სფეროს შორის რაიმე საერთოს?
– აბსოლუტურად სხვადასხვაა. როგორც მხატვარს, შემიძლია შემეშალოს, წავშალო ან დავტოვო და შეცდომას ორიგინალურობა შევძინო, კრეატიულად შევასწორო. როგორც პედაგოგს, შეცდომის დაშვების უფლება არ მაქვს, საშლელები ადამიანის სულზე არ მუშაობს.
– როდესაც ტილოსთან რჩებით მარტო, რას გრძნობთ? არის ეს დიალოგი საკუთარ თავთან, სიმშვიდის პოვნის გზა თუ შემოქმედებითი თავისუფლება?
– ძალიან ინტიმური საკითხია. ისეთი აჟიტირებული ვარ ხატვისას და იმდენად დიდი ემოცია მოდის დასასრულს, რომ ძალიან დიდხანს ვუყურებ ნახატს და არ მჯერა ხოლმე, რასაც ვხედავ. პირიქით, ჩემთვის სიმშვიდე არასდროს მოუტანია ხატვას, ვნებათაღელვის პროცესია და ის თავისუფლება, არსად რომ არ იძებნება.
– რა განიჭებთ ყველაზე დიდ სიამოვნებას ყოველდღიურ ცხოვრებაში და როგორია თქვენი განტვირთვა?
– ყველაზე დიდ სიამოვნებად ყოველ დროში მაინც ჩემთვის რჩება კითხვის პროცესი და ზღვასთან სიახლოვე. ადამიანთა უმრავლესობა ზღვასა და წიგნს ერთად ცოტა სკეპტიკურად უყურებს, აი, ჩემთვის ეს ტანდემი უნივერსალური მიგნებაა. მეგობრებთან ყოფნა და განვლილი ემოციების შეჯამებაც საუკეთესო ვარიანტია განსატვირთად.
– თუ წიგნის პერსონაჟი უნდა ყოფილიყავით, რომელს აირჩევდით და რატომ?
– ყოველ ასაკში სხვადასხვა ვინმე მინდოდა, ვყოფილიყავი. პეპიც ვყოფილვარ, ტომ სოიერიც და კონკიაც, მაგრამ დღეს სიამოვნებით ვიქნებოდი ქარჩხაძის „იგი“, რომ დავრჩე…
– მოსწავლეებისთვის საზაფხულო არდადეგები დაიწყო. რომელ წიგნებს ურჩევდით მათ, რათა სამყაროსა და საკუთარ თავზე ახლებურად დაფიქრდნენ?
– ასეთი ძალიან ბევრია, გააჩნია ასაკობრივ ჯგუფს:
„თევზი ხეზე“, „ზებულონი“, „ყვავილები ელჯერნონისთვის“ , „სიყვარულის ფორმულა“, დუმბაძის მოთხრობები…
– რას ეტყოდით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც საკუთარ შესაძლებლობებში ბოლომდე დარწმუნებულები არ არიან და გზას ეძებენ?
– შეცდომა დანაშაული არაა, დანაშაულია უმოქმედობა. შეიძლება შეცდე, დაეცე, მაგრამ ადექი, გააგრძელე, არასდროს შეწყვიტო ძიება, სიკეთის მხარეზე ყოფნა და აუცილებლად დადგება დღე, როცა იტყვი, ამისთვის ღირდა! სხვა ვარიანტი არ არსებობს!
– თქვენი ცხოვრების დევიზი ან ფრაზა, რომელიც ყველაზე ხშირად გახსენდებათ რთულ თუ ბედნიერ დღეებში?
– ადამიანმა, რომელმაც მთა დაძრა, პატარა ქვების გადატანით დაიწყო – ეს მახსენდება რთულ და ბედნიერ დღეებში თანაბრად.
– როგორ ახერხებთ, იყოთ წარმატებული პროფესიაში, აქტიური –საზოგადოებრივ ცხოვრებაში, შემოქმედებით საქმიანობაში და ამავდროულად, შეინარჩუნოთ ის შინაგანი სინათლე, რომელსაც ადამიანები თქვენში ხედავენ?
– მადლობა ჩემზე ასეთი წარმოდგენისთვის. გულწრფელად გეტყვით და მართლა არ ვიცი, როგორ დალაგდა ასე. ამას დავამატებდი სამი შვილის დედობასაც, მეტიც, ამით დავიწყებდი. პასუხისმგებლობა, შრომისმოყვარეობა, ადამიანთა სიყვარული და გვერდით მყოფთა თანადგომა იყო ის, რამაც განაპირობა თქვენ მიერ ჩამოთვლილი მიღწევები.
– რა არის ის, რაც ყველაზე მეტად გსურთ და საითკენაც მიდიხართ?
– მსურს, ვიყო საკუთარი თავი და ამავდროულად აუცილებელი, საჭირო, საიმედო და მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის და ყველა ჩემი გზა აქეთკენ მიდის.
ნანა აბულაძე