მეტყველების შეფერხება ბავშვებში – პრობლემა, რომელიც საყურადღებოა
By

მეტყველების შეფერხება ბავშვებში – პრობლემა, რომელიც საყურადღებოა

მეტყველების ჩამოყალიბება ბავშვის განვითარების უმნიშვნელოვანესი ეტაპია, თუმცა ბოლო წლებში სპეციალისტები სულ უფრო ხშირად საუბრობენ მეტყველების შეფერხებაზე, როგორც პრობლემაზე, რომელიც არაერთ ოჯახს აწუხებს.

რა იწვევს ბავშვის მეტყველების განვითარების შეფერხებას და როგორ ამოვიცნოთ იგი? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მეტყველების თერაპევტი სოფიო ჩაფიძე გვესაუბრა.

რა ეტაპებს გადის ბავშვის მეტყველების განვითარება?

– გავრცელებულია მოსაზრება, რომ მეტყველების ჩამოყალიბება დაბადების შემდგომი პროცესია, თუმცა ეს ყველაფერი ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდში იწყება. სწორედ ამ დროს ყალიბდება ნაყოფის აკუსტიკური სისტემა, ძლიერდება ნეირონული კავშირები თავის ტვინის მარცხენა ჰემისფეროში მდებარე ვერნიკესა (ენის გაგება) და ბროკას (მეტყველების წარმოთქმა) ცენტრებს შორის. მთელ ამ პროცესზე, რა თქმა უნდა, ცენტრალური ნერვული სისტემა აგებს პასუხს. დაბადების პირველივე წუთიდან კი იწყება ე.წ. წინარე მეტყველების ფაზა. პირველი ამოტირება, კვების მოთხოვნა თუ სხვა რეაქციები ბავშვის პირველი სოციალურ-კომუნიკაციური გამოვლინებებია, რაც შემდგომში აქტიურ კომუნიკაციაში გადადის. მთლიანობაში, სკოლამდელ ასაკამდე განვითარების გზა შეგვიძლია რამდენიმე ძირითად ფაზად დავყოთ: წინარე მეტყველების ფაზა, სიმბოლური ჟესტ-მიმიკის გაგების, ღუღუნისა და ტიტინის ფაზა, ადრეული ასაკის ფაზა, სკოლამდელი ასაკის ფაზა.

ბავშვს დაბადებიდან სკოლამდელ ასაკამდე, რა მეტყველებითი უნარები უნდა განუვითარდეს?

– მოდით, დეტალურად ჩავშალოთ თითოეული ეტაპი, რათა მშობლებისთვის ორიენტირი უფრო ნათელი იყოს:
0-1 თვე – წინარე მეტყველების ფაზა, სამეტყველო აპარატის ფიზიკური ვარჯიში; 2 თვე – კომუნიკაციის მთავარი იარაღი პირველი ტირილია, რომლითაც ბავშვი ფიზიკურ დისკომფორტს (შიმშილს, სიცივეს, ტკივილს) გამოხატავს; 2-4 თვე (ღუღუნი) – ჩნდება პირველი ნაზი, უნებლიე ხმოვანი ბგერები (ძირითადად ხმოვნები: „ააა“, „უუუ“, „ეეე“). ბავშვი რეაგირებს ხმოვან სათამაშოებზე და თვალებით ეძებს ხმის წყაროს; 4-6 თვე (აქტიური ექსპერიმენტები) – ღუღუნი უფრო ინტენსიური ხდება. ბავშვი აფიქსირებს საკუთარ ხმას, თამაშობს ინტონაციებით და იწყებს ბაგისმიერი თანხმოვნების ჩართვას (მ, ბ, პ), რადგან წოვის პროცესში ტუჩის კუნთები უკვე კარგად აქვს გავარჯიშებული;  6-9 თვე (ტიტინი) – ჩნდება მარცვლების განმეორებითი ჯაჭვები: „ბა-ბა-ბა“, „მა-მა-მა“. ეს ჯერ კიდევ არ არის გააზრებული სიტყვები, არამედ აპარატის აქტიური ვარჯიშია; 9-12 თვე (სიმბოლური ჟესტები და გაგება) – ბავშვს ესმის მარტივი ინსტრუქციები („მოდი“, „არა“). აქტიურად იყენებს ჟესტებს (ხელის დაქნევა, თითით ჩვენება). ჩნდება პირველი გააზრებული სიტყვები კონკრეტული პირების მიმართ („დედა“, „მამა“); 1-3 წელი – ადრეული ასაკი, ლექსიკური მარაგის მკვეთრი გაფართოება; 12-18 თვე – აქტიურ ლექსიკონში დაახლოებით 5-დან 20-მდე მარტივი სიტყვაა. ბავშვი იყენებს ერთსიტყვიან წინადადებებს (მაგალითად, სიტყვა „წყალი“ კონტექსტის მიხედვით შეიძლება ნიშნავდეს: „წყალი მინდა“ ან „აქ წყალი დაიქცა“); 18-24 თვე (სიტყვების აფეთქება) – ლექსიკონი მკვეთრად იზრდება 50-200 სიტყვამდე. ბავშვი იწყებს ორი სიტყვის გადაბმას: „დედა მიდი“, „მომე ბურთი“. საკუთარ თავს ჯერ კიდევ სახელით მოიხსენიებს (მაგ: „ანი ტირის“); 2-3 წელი (აქტიური დიალოგი) – წინადადებები ხდება 3-4-სიტყვიანი. ბავშვი იყენებს ზედსართავ სახელებსა და ზმნებს. ესმის თითქმის ყველაფერი, რაც მას ეხება და იწყებს კითხვების დასმას: „ეს რა არის?“, „ვინ არის?“. 3-4 წლის ასაკში ლექსიკონი დაახლოებით 800-1000 სიტყვას აღწევს. იწყება ცნობილი „რატომის“ პერიოდი. საკუთარ თავზე უკვე საუბრობს ნაცვალსახელით „მე“ და შეუძლია მოგიყვეთ, რა გადახდა თავს ბაღში; 4-5 წელი – წინადადებები რთული და გრამატიკულად სწორია. ბავშვი იყენებს დროებს (გუშინ, დღეს, ხვალ). მეტყველება სრულიად გასაგებია უცხო ადამიანებისთვისაც კი. შეუძლია ზეპირად ისწავლოს მოკლე ლექსები; 5-6 წელი (სკოლისთვის მზაობა) – ბავშვი თავისუფლად ფლობს მონოლოგურ მეტყველებას – ლოგიკურად ყვება ნანახ ფილმს ან წაკითხულ წიგნს. უვითარდება ფონემატური სმენა (სიტყვაში პირველი და ბოლო ბგერის გამოყოფა). სრულად ჩამოყალიბებულია ყველა, მათ შორის რთული ბგერების (რ, შ, ჟ, ჩ, წ) სუფთა გამოთქმა.

რა არის მეტყველების შეფერხება და მისი ძირითადი მიზეზები?

– მეტყველების შეფერხებად ითვლება მდგომარეობა, როდესაც ბავშვს ზემოთ აღნიშნული ასაკობრივი ეტაპებიდან საგრძნობი ჩამორჩენა აქვს როგორც ექსპრესიულ (მეტყველების გამოხატვა, თქმა), ისე იმპრესიულ (ენის, ნათქვამის გაგება) დონეზე. რაც შეეხებება მიზეზებს, იგი შეიძლება გამოიწვიოს ფიზიოლოგიურმა და ანატომიურმა პრობლემებმა, ნევროლოგიურმა დარღვევებმა, გენეტიკურმა ფაქტორმა, სხვადასხვა სინდრომმა და, რა თქმა უნდა, გარემო (სოციალურ-ემოციურმა) ფაქტორებმა.

როგორ უნდა გაარკვიოს მშობელმა, აქვს თუ არა ბავშვს მეტყველების პრობლემა და სჭირდება თუ არა სპეციალისტის დახმარება?

– როგორც მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე ენისა და მეტყველების თერაპევტი, ხაზგასმით აღვნიშნავ, ბავშვის მეტყველება არ არის ცალკე მდგომი, იზოლირებული ფუნქცია. ის წარმოადგენს უმაღლეს ნერვულ მოქმედებას, რომელიც პირდაპირ ორგანულ და ფუნქციურ კავშირშია ბავშვის მოტორულ, ფიზიკურ, კოგნიტურ და ემოციურ სფეროებთან. მშობლებმა ყურადღებით უნდა ადევნონ თვალი განვითარების ასაკობრივ ნორმებს. თუ ბავშვს სხვა სფეროებშიც (მაგალითად, მოტორიკაში, ემოციების გამოხატვაში, ფიზიკურ აქტივობაში) შეენიშნება თუნდაც მცირედი ჩამორჩენა, მეტყველებას ორმაგი ყურადღება უნდა დაეთმოს. ეს არის უმნიშვნელოვანესი სიგნალი იმისა, რომ დროულად მივმართოთ სპეციალისტს კომპლექსური შეფასებისა და ადრეული ინტერვენციისთვის. პირველადი კონსულტაცია მშობელს აძლევს სწორ მზაობას, თუ როგორ ჩაერთოს ბავშვის განვითარების პროცესში და რას მიაქციოს ყურადღება დაკვირვებისას.

რამდენად ხშირია დღეს მეტყველების შეფერხება ბავშვებში?

– თანამედროვე პედიატრიასა და ნეიროფსიქოლოგიაში ბავშვთა ასაკში მეტყველებისა და ენის განვითარების შეფერხება ერთ-ერთ ყველაზე მზარდ გლობალურ გამოწვევად იქცა. თუ ადრეულ ათწლეულებში ეს დიაგნოზი იშვიათობას წარმოადგენდა, დღეს კლინიკური მონაცემები საგანგაშო დინამიკას აჩვენებს. ბოლო 20 წლის განმავლობაში, საერთაშორისო ეპიდემიოლოგიური მონაცემების მიხედვით, დარღვევების პროცენტულობა საშუალოდ 30%-დან 45%-მდეა გაზრდილი.

– რა შეიძლება იყოს ამის მიზეზები?

– მეცნიერულ-აკადემიურ წრეებში ამ მატებას ორ მთავარ ფაქტორს უკავშირებენ. პირველი – ეს არის ნეგატიური გარემო ფაქტორები: ეკრანული დროის კატასტროფული ზრდა, ცოცხალი კომუნიკაციის დეფიციტი, სოციალური იზოლაცია და ეკოლოგიური პრობლემები, მეორე ფაქტორი კი დიაგნოსტიკური სიზუსტეა. 20 წლის წინ ბავშვს მეტყველების შეფერხების დიაგნოზს ხშირად მხოლოდ სკოლის ასაკში (6-7 წლისას) უსვამდნენ, მანამდე კი პრობლემა „უხილავი“ რჩებოდა. დღეს, ადრეული ინტერვენციის ეპოქაში, სკრინინგი 1.5 – 2 წლის ასაკიდანვე ხდება, რამაც სტატისტიკაში რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაზარდა.

რა განსხვავებაა მეტყველების დაგვიანებასა და მეტყველების დარღვევას შორის?
განსხვავება პრინციპულია. მეტყველების დაგვიანებისას ბავშვი განვითარების ყველა ეტაპს სწორი თანმიმდევრობით გადის, თუმცა თანატოლებთან შედარებით – ნელი ტემპით. ასეთ დროს, სწორი სტიმულაციისა და ხელშემწყობი გარემოს პირობებში, ბავშვი სწრაფად ეწევა ასაკობრივ ნორმას, მეტყველების დარღვევის დროს კი პროცესი ატიპურად მიმდინარეობს – სრულად დარღვეულია ენობრივი სისტემის სტრუქტურა – ამ დროს ბავშვს უჭირს არა მხოლოდ სიტყვის წარმოთქმა, არამედ ენის სემანტიკური გაგებაც, რაც სპეციალიზებული, ხანგრძლივი თერაპიული მუშაობის გარეშე ვერ გამოსწორდება.

მეტყველების განვითარებაზე რამდენად ახდენს გავლენას ეკრანთან და ტელეფონთან გატარებული დრო?
ნამდვილად უარყოფითად აისახება. ეკრანთან ყოფნისას ბავშვი მოკლებულია ცოცხალ კომუნიკაციას, რომელიც საუბრის დაწყების უალტერნატივო წინაპირობაა. ცოცხალი დიალოგის დროს ბავშვი არა მხოლოდ ლექსიკურ მარაგს ივსებს, არამედ სწავლობს ჟესტებს, მიმიკებს, ემოციების გამოხატვასა და სიტყვის კონტექსტურად, სიტუაციის შესაბამისად გამოყენებას. კვლევებიც ადასტურებს, რომ 2 წლამდე ასაკში ეკრანთან გატარებული ყოველი დამატებითი 30 წუთი ენის ექსპრესიული შეფერხების რისკს 49%-ით ზრდის.

თქვენი გამოცდილებით, რა შეცდომებს უშვებენ მშობლები ყველაზე ხშირად, რაც მეტყველების განვითარებას აფერხებს?

– შვილის ამეტყველება მშობლისთვის უდიდესი სიხარულია, თუმცა ამ მოლოდინში ზოგჯერ უნებლიე შეცდომებს უშვებენ. ყველაზე ხშირია ჰიპერმზრუნველობა: როცა მშობელი ბავშვის ყოველი ჟესტისა თუ თითით მინიშნებისას მომენტალურად ასრულებს სურვილს. ასეთ დროს ბავშვს უბრალოდ არ უჩნდება სიტყვის თქმის ფიზიკური საჭიროება და კომუნიკაციის მოტივაცია. მეორე გავრცელებული შეცდომაა ენის მოჩლექით საუბარი. ბავშვთან დამახინჯებული, „საბავშვო“ ფორმებით საუბრისას ის არასწორ ფონეტიკურ მატრიცას იმახსოვრებს. ამიტომ, პატარას თავიდანვე გამართული და სწორი ფორმით უნდა მივაწოდოთ სიტყვები. და რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია გაჯეტების გამოყენება კომუნიკაციის ნაცვლად – ტელეფონის ჩართვა ჭამის, მგზავრობის ან ტირილის დროს, რაც სპობს ცოცხალი დიალოგის ყოველგვარ შესაძლებლობას.

რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის გარემო, რომელშიც იზრდება ოჯახი, ბაღი, სკოლა?

– გარემო მეტყველების განვითარების უმთავრესი ფაქტორია. პირველად ენობრივ და ემოციურ ბაზისს ბავშვი ოჯახში იღებს, თუმცა შემდგომში ენობრივი გარემოს მამოძრავებელ ძალად, ოჯახთან ერთად, სწორედ ბაღი, სკოლა და ის სივრცეები გვევლინება, სადაც ბავშვს დროის გატარება უწევს. ბაღი და სკოლა უზრუნველყოფს მეტყველების სოციალიზაციას – აქ ბავშვი სწავლობს დიალოგის მართვას, აზრის არგუმენტირებას, მეტყველების წესებსა და თანატოლებთან ვერბალურ ნავიგაციას.

როგორ ხდება ბავშვის მეტყველების შეფასება და რას აკვირდებით პირველივე შეხვედრის დროს?

– ბავშვის შეფასება ყოველთვის კომპლექსურია. პირველივე შეხვედრისას, ვაკვირდები არავერბალურ საკომუნიკაციო ბაზისს: ამყარებს თუ არა მზერით კონტაქტს, რეაგირებს თუ არა თავის სახელსა და ინსტრუქციებზე, იყენებს თუ არა მიზანმიმართულ ჟესტებს, ინტერესდება თუ არა სათამაშოებითა და აქტივობებით. პარალელურად ფასდება სამეტყველო აპარატის ანატომია და ტონუსი, მიმიკური კუნთების მოძრაობა, ბგერათწარმოება, ფონემატური სმენა, სამეტყველო სუნთქვა, ნატიფი (წვრილი) მოტორიკა და ბავშვის ზოგადი ემოციურ-ქცევითი სურათი თამაშის პროცესში. რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია მშობელთან ან მეურვესთან ინტერვიუ, სადაც დეტალურად განვიხილავთ ბავშვის განვითარების ისტორიასა და არსებულ ჩივილებს.

რამდენად ეფექტურია ადრეული ჩარევა და რატომ არის მნიშვნელოვანი პრობლემის დროულად აღმოჩენა?

– ადრეული ჩარევა (2-დან 4 წლამდე) კრიტიკულად მნიშვნელოვანი და მაღალეფექტურია. ეს აიხსნება ბავშვის ტვინის მაღალი ნეიროპლასტიკურობით. ამ ასაკში ტვინს აქვს უნარი, მარტივად მოახდინოს შეფერხებული ფუნქციების კომპენსირება და შექმნას ახალი ნეირონული გზები. პრობლემის იგნორირებამ, სკოლის ასაკში, შეიძლება გამოიწვიოს სწავლის უნარის დარღვევა და სერიოზული ფსიქოლოგიური კომპლექსები.

რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს მეტყველების თერაპია და რა განსაზღვრავს მის ხანგრძლივობას?

– თერაპიის ხანგრძლივობა აბსოლუტურად ინდივიდუალურია. იგი შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე. ამ დინამიკას მრავალი ფაქტორი განსაზღვრავს: დარღვევის ეტიოლოგია და სიმძიმე (ორგანულია ის თუ ფუნქციური), თანდართული დიაგნოზები: ბავშვის კოგნიტური და ნევროლოგიური სტატუსი; ინტერვენციის დაწყების ასაკი (რაც უფრო ადრე ვიწყებთ, მით უფრო მოკლეა თერაპიის კურსი), მშობლის ჩართულობა და სახლში მისაცემი რეკომენდაციების სისტემატური, ყოველდღიური შესრულება.

რა მეთოდებს იყენებთ მეტყველების განვითარებისთვის?

– ყველა მიდგომა ინდივიდუალურია და ბავშვის შესაძლებლობებიდან გამომდინარეობს. მუშაობის დაწყებამდე აუცილებელია პატარა პაციენტის შეფასება, პრობლემის იდენტიფიცირება და სხვა სპეციალისტების დასკვნების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დეტალური გაცნობა. უშუალოდ მეთოდებს რაც შეეხება: თუ საქმე გვაქვს მხოლოდ ბგერათა დარღვევასთან, ვიყენებ საარტიკულაციო და ორალურ-მოტორულ ვარჯიშებს, ვაწესრიგებ სამეტყველო სუნთქვას, ზოგ შემთხვევაში კი საჭიროა სპეციალური სამეტყველო მასაჟი. კომუნიკაციური დარღვევებისას აქცენტს ვაკეთებ ლექსიკური მარაგის შევსებაზე ბარათებისა და სხვადასხვა ინტერაქციული აქტივობის საშუალებით. აქტიურად ვიყენებ წვრილი მოტორიკის სავარჯიშოებს, სამაგიდო თამაშებს, თავის ტვინის სარკისებური ნეირონების გასააქტიურებელ აქტივობებს, ასევე გონების განსავითარებელ სამაგიდო თამაშებს, ვმუშაობ ფონემატური სმენის გაუმჯობესებაზე. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი სრულად უბგეროა, კომუნიკაციის დასამყარებლად ვიყენებთ ალტერნატიულ მეთოდებს, მაგალითად, ბარათებით კომუნიკაციას.

შესაძლებელია თუ არა მეტყველების შეფერხების სრულად დაძლევა?

– დიახ, თუმცა შედეგი რამდენიმე უმნიშვნელოვანეს ფაქტორზეა დამოკიდებული: დარღვევის სირთულესა და თანდართულ დიაგნოზზე, სპეციალისტის დროულ ჩარევაზე, სწორად შერჩეულ თერაპიულ სტრატეგიაზე, ბავშვის ნერვული სისტემის რესურსსა და, რაც ყველაზე მთავარია, თერაპევტისა და ოჯახის გუნდურ, თანმიმდევრულ მუშაობაზე.

რას ურჩევდით მშობლებს ?

– პირველ რიგში, იყავით ემოციურად გახსნილები, აუმაღლეთ შვილებს თვითშეფასება და დააჯერეთ საკუთარ შესაძლებლობებში. იყავით მუდმივ, ცოცხალ კომუნიკაციაში: ერთად იმღერეთ, იცეკვეთ, ხატეთ თითებით, წაუკითხეთ ასაკის შესაბამისი ლიტერატურა, დადგით პატარა საოჯახო მინითეატრები. ესაუბრეთ ბავშვს გამართულად და რაც მთავარია, სასურველია, გაიაროთ კონსულტაცია სპეციალისტთან, რათა ზუსტად იცოდეთ, როგორ მართოთ პატარასთან ენობრივი მარაგის შევსებისა და კომუნიკაციის დამყარების პროცესი სწორად.

თამარ ლამპარაძე

  • No Comments
  • ივლისი 17, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *