მწერლები – მშობლიურ რაიონში
By

მწერლები – მშობლიურ რაიონში

შუახეველი მწერლები შოთა და ზურაბ ზოიძეები, რამაზ სურმანიძე, მიხეილ დავითაძე, შოთა ცეცხლაძე საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის ერთ-ერთი პირველი წევრები იყვნენ აჭარიდან. მათ გზას 20-ზე მეტი შუახეველი მწერალი და პოეტი აგრძელებს ამ საპატიო კავშირში. მათგან უმრავლესობა ბათუმსა და თბილისში მოღვაწეობს. კვიახიძეებელი თამაზ დიასამიძე, ოლადაურელი მერაბ მაკარაძე, დღვანელი ირმა კეკელიძე, ჭვანელი დავით ქათამაძე, ცინარეთელი ოთარ ცინარიძე, დაბა შუახეველი ფრიდონ დავითაძე, ნაღვარეველი იოსებ ქათამაძე, შუბნელი ოთარ ფუტკარაძე, წყაროთელი ვახტანგ გოგრაჭაძე შუახევში რჩებიან. მათთან ერთად შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში იყვნენ მიწვეულნი ედიშერ ფუტკარაძე, მანანა წულუკიძე, ლეილა ლემსაძე, იამზე ბერიძე, აკაკი მახარაძე, მზია თავართქილაძე, რევაზ დავითაძე, ვალერიან ცეცხლაძე, თამაზ დარჩიძე, თემურ თურმანიძე.

მათ მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, მერის მოადგილე გიორგი კეკელიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ფრიდონ ფუტკარაძე, საკრებულოს წევრი ფატი ჭაღალიძე შუახევში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე, სოციალურ და კულტურულ პროგრამებსა და პროექტებზე, ტურისტული პოტენციალის ათვისებაზე, შუახევში მოქმედი სახალხო დღესასწაულების მნიშვნელობასა და უახლოეს გეგმებზე ესაუბრნენ.

პოეტებმა საკუთარი ლექსები წაიკითხეს, მწერლებმა შეკრების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს.

იმავე დღეს მერაბ მაკარაძეს და თამაზ დიასამიძეს საზოგადოებრივ-რუდუნებითმა დარბაზმა „წუთისოფელი ასეა“ უმასპინძლა. დარბაზის ხელმძღვანელმა ოთარ ცინარიძემ კოლეგებსა და დამსწრე საზოგადოებას პოეტების შემოქმედებითი და პროფესიული საქმიანობა გააცნო. ორივე მათგანი მასწავლებლის პროფესიას არ ღალატობს. თამაზი კვიახიძეების საჯარო სკოლის დირექტორია, ამავე სკოლაში მშობლიურ ენას ასწავლის, მერაბი ოლადაურის საჯარო სკოლაში მუშაობს. თამაზი ლექსების ორი კრებულის ავტორია, მერაბი – ერთის.

დარბაზის სტუმარი პოეტების მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიზარეს კოლეგებმა და სხვა მონაწილეებმა.

– წინასწარ ვგრძნობდი, რა დატვირთვა ექნებოდა დარბაზში „წუთისოფელი ასეა“ ჩვენს სტუმრობას. ასეთი ღონისძიებები ერთმანეთს გვაახლოებს, შემოქმედებითი გეგმების გაცნობის საშუალებას გვაძლევს, – თქვა თამაზ დიასამიძემ.

– 65 წელი უკან მოვიტოვე. 40 წელზე მეტი ეროვნული მეურნეობის სხვადასხვა სფეროში საქმიანობას მოვახმარე. ასეთი ამაღლებული დღე არ მქონია, – გვითხრა მერაბ მაკარაძემ.

– ორ სქელტანიან წიგნს მოიცავს ჩემი ახალი მონაგარი: „აჭარა გმირთა სამშობლო“. სასიგნალო ეგზემპლარი შეხვედრისა მონაწილეებს გავაცანი. მადლობას ვუხდი ღონისძიებების ორგანიზატორებს. ჩვენი, მწერლების ვალია, სიტყვა შევაშველოთ შუახევში მიმდინარე პროცესებს, – აღნიშნა მწერალმა თამაზ დარჩიძემ.

– დიდი დატვირთვის მიუხედავად, დრო გამოვნახე და ორივე ღონისძიებაზე დასასწრებად თბილისიდან ჩამოვედი. ყოველთვის მახარებს შუახევისა და შუახეველების წარმატებები. მეცნიერს, მწერალს მშობლიური შუახევი ამაგს მიფასებს, მე კი ვალში ვარ მის წინაშე, სხვებთან ერთად, მეტის გაკეთება მმართებს, – თქვა ედიშერ ფუტკარაძემ.

შეხვედრების მონაწილე მწერლებმა და პოეტებმა გადაწყვიტეს, რომ გამოსცემენ წიგნს, რომლის მთავარი თემა შუახევი იქნება.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • ივლისი 17, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *