მანდარინის ექსპორტის მიმართულებით არსებული მდგომარეობა განიხილეს
აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა დენის სალუქვაძემ, მანდარინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებისა და ახალი ბაზრების ათვისების ხელშეწყობის მიზნით, ციტრუსის ასოციაციის, ექსპორტიორი კომპანიებისა და მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოების წარმომადგენლებთან საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრა გამართა.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მანდარინის ექსპორტის მიმართულებით არსებული მდგომარეობა, საექსპორტო ბაზრების გაფართოების შესაძლებლობები, ექსპორტის ხელშემწყობი ღონისძიებების შემუშავების აუცილებლობა, ასევე, დარგში არსებული ძირითადი გამოწვევები და მათი გადაჭრის შესაძლო გზები განიხილეს.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, ქართულ მანდარინს მეტი და უფრო სტაბილური საექსპორტო ბაზარი ჰქონდეს. ამისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და კერძო სექტორის აქტიური თანამშრომლობა. დარწმუნებული ვარ, კოორდინირებული მუშაობით შევძლებთ ქართველი მეციტრუსეების მხარდაჭერას, ექსპორტის ზრდასა და დარგის მდგრად განვითარებას,“ – განაცხადა დენის სალუქვაძემ.
მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, რაც ხელს შეუწყობს ქართული მანდარინის კონკურენტუნარიანობის ზრდას, საექსპორტო ბაზრების გაფართოებასა და მეციტრუსეობის დარგის მდგრად განვითარებას.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე მირიან ქათამაძე და სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელები.
გალერეა

