ქართული დელეგაცია თურქეთში, საქართველოს პატრიარქის ილია მეორის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო
თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ვლადიმერ მგალობლიშვილი ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად, მსოფლიო საპატრიარქოს რეზიდენციასთან არსებულ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, საქართველოს პატრიარქის ილია მეორის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.
პანაშვიდი ილია წინასწარმეტყველის ხსენების დღესთან დაკავშირებით, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს I-მა აღასრულა. პანაშვიდის შემდგომ, ყოვლადუწმინდესმა ქართულ დელეგაციას მსოფლიო საპატრიარქოს რეზიდენციაში უმასპინძლა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და მსოფლიო საპატრიარქოს შორის არსებულ მჭიდრო ისტორიულ, კულტურულ და რელიგიურ კავშირებს. აღინიშნა მსოფლიო პატრიარქის განსაკუთრებული როლი და თანადგომა საქართველოს პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების დროს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ორ ეკლესიას შორის არსებულ სულიერ ერთობას.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ მსოფლიო საპატრიარქო საყდრის არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს პროგრამების კოორდინატორი ბესიკ სილაგაძე.