ერისიმედელებს გვერდით დაუდგნენ
By

ერისიმედელებს გვერდით დაუდგნენ

1989 წელს, აჭარის მთიანეთში განვითარებული მეწყრული პროცესების შემდეგ, სიღნაღის რაიონში, მდინარე ალაზნის ნაპირზე ახალი ქართული სოფლის – ერისიმედის აღორძინებას დაედო სათავე. მისი პირველი მობინადრენი ხულოსა და შუახევის რაიონებიდან გადასული ოჯახები გახდნენ. 75 ოჯახი ახლაც აგრძელებს ცხოვრებას იქ.

საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი სტიქიური მოვლენები, რომლებიც ივლისში კახეთის რეგიონში განვითარდა. ბუნების რისხვას ვერც ერისიმედელები გადაურჩნენ. ზარალიც დიდია, აღდგენითი სამუშაოები დღემდე ინტენსიურად გრძელდება, თუმცა სტიქიის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი სამუშაოებია შესასრულებელი. საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე ერისიმედელების ხშირი სტუმარია. ისინი არც ამჯერად დატოვა ყურადღებისა და თანადგომის გარეშე. მას კომენტარი ვთხოვეთ.

– საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილთან, სამინისტროს პასუხისმგებელ პირებთან, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან, სახელმწიფო რწმუნებულთან კახეთის მხარეში პლატონ კალმახელიძესთან, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად სოფელ ერისიმედს ვესტუმრე. გავეცანით სტიქიის შედეგად შექმნილ მძიმე ვითარებას, შევხვდით დაზარალებულ მოსახლეობას. უხვი და ინტენსიური ნალექის გამო მდინარე ბელექანჩაი ადიდდა, კალაპოტიდან გადმოვიდა, დატბორა მიმდებარე ტერიტორია, მათ შორის მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმიდამო ნაკვეთები. სტიქიის ზონაში მყისიერად მობილიზდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამისი ტექნიკა. სამაშველო ჯგუფებმა ინტენსიური სამუშაოები ჩაატარეს, ცენტრალური საავტომობილო გზები ნარჩენებისგან გაიწმინდა. ჯერ კიდევ უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს აღდგენითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები, თუმცა სირთულეები კვლავ ბევრია. მთავრობა როგორც ყოველთვის, ახლაც სრულ პასუხისმგებლობას იღებს სოფელ ერისიმედში სკოლისა და საბავშვო ბაღის შენობების დროულ აღდგენაზე, მოსახლეობის წყლით, ბუნებრივი აირითა და პირველადი მოთხოვნილების პროექტებით უზრუნველყოფაზე. ერისიმედელები მადლობას უხდიან საქართველოს მთავრობას, პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, ყველა იმ უწყებას, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ერისიმედში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში. ჩვენც დაზარალებული მოსახლეობის გვერდით ვდგავართ და ყველა შესაბამის უწყებასთან კოორდინაციით გავაგრძელებთ მუშაობას, რათა სოფელში ცხოვრება უმოკლეს ვადებში დაუბრუნდეს ჩვეულ რიტმს, – გვითხრა ანზორ ბოლქვაძემ.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • ივლისი 21, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *