ნედლი ნავთობის ფასი ექვსკვირიან მაქსიმუმს გასცდა
By

ნედლი ნავთობის ფასი ექვსკვირიან მაქსიმუმს გასცდა

ბერძნული კომპანია Dynagas-ი რუსული გათხევადებული ბუნებრივი აირის გადაზიდვას ევროკავშირის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციების პირობებშიც გააგრძელებს. ინფორმაციას Financial Times-ი სამ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, შეთანხმება, რომელიც დღეს ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ელჩებმა უნდა დაამტკიცონ, ევროკავშირის კომპანიებს კიდევ 12 თვის განმავლობაში მისცემს უფლებას, რუსული გათხევადებული ბუნებრივი აირი მესამე ქვეყნებში გადაიტანონ. წყაროების ცნობით, ეს ვადა საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, გაგრძელდეს.

ამავე დროს, ევროკავშირის ქვეყნები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებენ რუსულ ნავთობზე დაწესებულ ფასის ზედა ზღვარს, რომელიც ბარელზე 44,1 დოლარს შეადგენს. მიზანი კვლავ რუსეთის მიერ წიაღისეული საწვავის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების შეზღუდვაა.

არსებული მექანიზმის მიხედვით, ეს ზღვარი ხუთშაბათს ავტომატურად უნდა გაზრდილიყო, რადგან იგი მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასს უკავშირდება. გუშინ აშშ-სა და ირანს შორის ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების ფონზე, ნედლი ნავთობის ფასი ექვსკვირიან მაქსიმუმს, ბარელზე 95 დოლარს გასცდა. ამასთან, ჰორმუზის სრუტეში გემების გადაადგილება თითქმის მთლიანად შეჩერდა.

ევროკავშირმა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის თებერვლიდან დღემდე, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების 20 პაკეტი მიიღო. ევროკომისია და რამდენიმე წევრი სახელმწიფო ბოლო, 21-ე პაკეტში, რუსული გათხევადებული გაზის მესამე ქვეყნებში გადაზიდვის სრულ აკრძალვას მოითხოვდნენ, თუმცა ამ ინიციატივას სხვა ქვეყნებმა მწვავე წინააღმდეგობა გაუწიეს, რადგან მიაჩნდათ, რომ ეს მათ ეკონომიკურ ინტერესებს დააზიანებდა.

ბოლო მომენტში მიღწეული კომპრომისი, გამოცემის ცნობით, ათენისა და კიდევ რამდენიმე ევროპული დედაქალაქის ძლიერი წინააღმდეგობის შედეგი გახდა. მათი არგუმენტი იყო, რომ აკრძალვა კონკრეტულ კომპანიებსა და ეკონომიკის ცალკეულ სექტორებს მნიშვნელოვნად დააზარალებდა.

განსაკუთრებით აქტიური იყო საბერძნეთი, რომელიც სანქციების შემსუბუქებას კომპანია Dynagas-ის ინტერესების დასაცავად მოითხოვდა. კომპანია მილიარდერ გიორგი პროკოპიუსს ეკუთვნის და საზღვაო მონაცემების პორტალ Equasis-ის ინფორმაციით, 27 გაზმზიდ ტანკერს ფლობს.

 

  • No Comments
  • ივლისი 23, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *