შორეული აღმოსავლეთი – გეოპოლიტიკური „ჭადრაკის დაფის ჭრილში“
სხვადასხვა გლობალურ საკითხთან მიმართებით, აშშ, ჩინეთი და ევროკავშირი ურთიერთსაწინააღმდეგოდ მოქმედებენ, ეს გამოიხატება არა მხოლოდ სამხედრო ძალაში, არამედ ეკონომიკურ ექპანსიაშიც. დაძაბულობის არეალია ახლო აღმოსავლეთი, ევროპა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი. ფარული დაპირისპირება შეიმჩნევა ასევე ჩინეთს, იაპონიასა და სამხრეთ კორეას შორის. სწორედ ამის თაობაზე გვესაუბრება ანალიტიკური ორგანიზაცია PoLitico EoroPo-ს ანალიტიკოსი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი ნიჟარაძე.
– დღეს შორეული აღმოსავლეთი მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ ცენტრად მიიჩნევა, რა ფაქტორებმა განაპირობა ამ რეგიონის მნიშვნელობის ასეთი ზრდა?
– შორეული აღმოსავლეთი ის რეგიონია, სადაც ტრადიცია და ინოვაცია ერთმანეთის კონკურენტი კი არაა, პარტნიორია. ეს არის რეგიონი, რომელმაც საკუთარი კულტურული იდენტობა თანამედროვე ტექნოლოგიურ პროგრესთან წარმატებით გააერთიანა და სწორედ ამან აქცია იგი XXI საუკუნის ერთ-ერთ მთავარ ცენტრად. ჩინეთის სწრაფმა განვითარებამ, იაპონიისა და სამხრეთ კორეის ინოვაციურმა პოტენციალმა, ასევე რეგიონის სტრატეგიულმა მდებარეობამ მნიშვნელოვნად გაზარდა მისი გავლენა მსოფლიო პროცესებზე. დღეს უკვე რთულია ისეთი გლობალური საკითხის დასახელება, რომელშიც ამ რეგიონის როლი არ იკვეთება. ჩემი გამოცდილებით, იაპონიასა და სამხრეთ კორეასთან ურთიერთობისას განსაკუთრებით იგრძნობა, რომ მათი წარმატების საფუძველი მხოლოდ ძლიერი ეკონომიკა არ არის. განათლება, ტექნოლოგიური პროგრესი, სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანობა და გრძელვადიანი ხედვა ქმნის იმ საფუძველს, რომელმაც შორეული აღმოსავლეთი მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან რეგიონად აქცია.
– როგორია ამჟამად ჩინეთის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის ურთიერთობები და რა არის მათ შორის თანამშრომლობისა და დაპირისპირების მთავარი მიზეზი?
– შორეული აღმოსავლეთის პარადოქსი სწორედ ის არის, რომ ქვეყნები, რომლებიც ერთმანეთის უმსხვილესი ეკონომიკური პარტნიორები არიან, ხშირად ყველაზე რთულ პოლიტიკურ სიტუაციაში რჩებიან. სწორედ ეს ახასიათებს დღეს ჩინეთის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის ურთიერთობებს. ერთი მხრივ, მათ ერთმანეთთან მჭიდრო ეკონომიკური კავშირები აქვთ და თანამშრომლობენ ისეთ მიმართულებებში, როგორებიცაა ვაჭრობა, ტექნოლოგიები და რეგიონული ეკონომიკური სტაბილურობა. მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა, სამივე ქვეყანა აცნობიერებს, რომ თანამშრომლობა საერთო ინტერესებში შედის და სწორედ ამიტომ ბოლო წლებში სამმხრივი დიალოგიც კვლავ გააქტიურდა. მეორე მხრივ, ურთიერთობებს კვლავ ამძიმებს ისტორიული მეხსიერება, ტერიტორიული დავები და ჩინეთსა და აშშ-ს შორის მზარდი სტრატეგიული კონკურენცია. იაპონია და სამხრეთ კორეა უსაფრთხოების სფეროში სულ უფრო მჭიდროდ თანამშრომლობენ ნატოსთან, განსაკუთრებით ჩრდილოეთ კორეისა და რეგიონში ჩინეთის მზარდი გავლენის ფონზე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისტორიული უთანხმოებები საბოლოოდ დაძლეულია. ჩემი შეფასებით, ამ სამი ქვეყნის ურთიერთობების მთავარი თავისებურება ის არის, რომ ისინი კონკურენციასა და თანამშრომლობას ერთდროულად ახერხებენ. სწორედ ეს ბალანსი განსაზღვრავს დღეს შორეული აღმოსავლეთის პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვან ნაწილს.
– რამდენად განსაზღვრავს ჩინეთის მზარდი ეკონომიკა და სამხედრო პოტენციალი ძალთა ბალანსს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში?
– თუ XXI საუკუნის გეოპოლიტიკას ერთი ქვეყანა ყველაზე მეტად ცვლის, ეს, უდავოდ, ჩინეთია. მისი ეკონომიკური და სამხედრო გაძლიერება უკვე მხოლოდ რეგიონული საკითხი აღარ არის – ის პირდაპირ გავლენას ახდენს საერთაშორისო ძალთა ბალანსსა და გლობალურ პოლიტიკაზე. ბოლო წლებში ჩინეთმა მნიშვნელოვნად გააძლიერა როგორც ეკონომიკური შესაძლებლობები, ისე სამხედრო პოტენციალი, განსაკუთრებით საზღვაო ძალებისა და თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიების მიმართულებით. შედეგად, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში შეიქმნა ახალი რეალობა, სადაც სხვა სახელმწიფოები, განსაკუთრებით იაპონია, სამხრეთ კორეა და აშშ, საკუთარ უსაფრთხოების სტრატეგიებს სწორედ ამ ცვლილებების გათვალისწინებით აყალიბებენ, თუმცა ვფიქრობ, ჩინეთის გაძლიერება მხოლოდ კონკურენციას არ ნიშნავს. ის რეგიონს ახალი თანამშრომლობის ფორმების ძიებისკენაც უბიძგებს. საბოლოოდ, ძალთა ბალანსი მხოლოდ ერთი სახელმწიფოს შესაძლებლობებით არ განისაზღვრება – არამედ იმითაც, თუ როგორ რეაგირებენ ამ ცვლილებებზე მისი მეზობლები და პარტნიორები. სწორედ ამიტომ ჩინეთის როლი დღეს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია.
– რა როლს ასრულებს იაპონია რეგიონალურ ურთიერთობაში და რატომ ზრდის ბოლო წლებში საკუთარ თავდაცვით შესაძლებლობებს?
– იაპონიას ხშირად ეკონომიკურ გიგანტად მოიხსენიებენ, თუმცა დღეს ის სულ უფრო მნიშვნელოვან პოლიტიკურ და უსაფრთხოების აქტორადაც ყალიბდება. წლების განმავლობაში ტოკიო რეგიონში სტაბილურობის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი იყო და ეს როლი დღემდე უცვლელია, თუმცა ბოლო წლებში უსაფრთხოების გარემო მნიშვნელოვნად შეიცვალა. ჩინეთის მზარდი სამხედრო აქტივობა, ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო პროგრამა და რეგიონში არსებული დაძაბულობა იაპონიას აიძულებს, საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობები გააძლიეროს. ეს, ჩემი შეფასებით, უფრო პრევენციული ნაბიჯია, ვიდრე აგრესიული პოლიტიკის გამოხატულება. იაპონია ცდილობს, თანამედროვე გამოწვევებს რეალისტურად უპასუხოს და ამავდროულად, შეინარჩუნოს რეგიონში ძალთა სტაბილური ბალანსი. ვფიქრობ, დღევანდელი იაპონია არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ეკონომიკური ძალა თანდათან პოლიტიკურ და უსაფრთხოების პასუხისმგებლობადაც გადაიქცეს. სწორედ ამიტომ მისი როლი შორეული აღმოსავლეთის მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.
– სამხრეთ კორეა ერთდროულად ეკონომიკური გიგანტიცაა და ჩრდილოეთ კორეის მუდმივი საფრთხის წინაშეც დგას. როგორ აისახება ეს ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე?
– სამხრეთ კორეის ისტორია გვაჩვენებს, რომ ძლიერი სახელმწიფო მხოლოდ დიდი არმიით არ იქმნება – ის იქმნება განათლებით, ტექნოლოგიებით, ეკონომიკითა და კულტურული გავლენით. იგი ერთ-ერთი ის იშვიათი სახელმწიფოა, რომელსაც ერთდროულად უწევს მშვიდობიანი მომავლის შენება და მუდმივ უსაფრთხოების გამოწვევებთან ცხოვრება. სწორედ ამ ბალანსმა განსაზღვრა მისი საგარეო პოლიტიკაც. ერთი მხრივ, სეული ცდილობს, შეინარჩუნოს მჭიდრო თანამშრომლობა აშშ-თან და სხვა პარტნიორებთან, რათა უსაფრთხოების გარანტიები კიდევ უფრო გააძლიეროს, მეორე მხრივ კი აქტიურად ავითარებს ეკონომიკურ და დიპლომატიურ ურთიერთობებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან, რადგან კარგად აცნობიერებს, რომ თანამედროვე მსოფლიოში გავლენა მხოლოდ სამხედრო ძალით აღარ იზომება. ჩემი აზრით, სამხრეთ კორეის ყველაზე დიდი წარმატება ის არის, რომ მან საკუთარი კულტურა და ტექნოლოგიური განვითარება საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად აქცია. ტექნოლოგიური ბრენდები და ინოვაციები ქვეყნის „რბილი ძალის“ ნაწილია და ხშირად ისეთ გავლენას ახდენს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე, როგორიც წარსულში მხოლოდ ტრადიციულ დიპლომატიას შეეძლო. სწორედ ამიტომ სამხრეთ კორეა დღეს მხოლოდ ეკონომიკური წარმატების მაგალითი არ არის – ის სახელმწიფოა, რომელმაც უსაფრთხოება, ინოვაცია და კულტურული გავლენა ერთიან საგარეო პოლიტიკად აქცია, მათი ისტორია კი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ტრანსფორმაციის მაგალითია – რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ქვეყანამ ომის ნანგრევებიდან მსოფლიო ლიდერების რიგებში გადაინაცვლა.
– რა ინტერესები აქვთ რეგიონში აშშ-ს, ჩინეთს, იაპონიას და სამხრეთ კორეას და როგორ მოქმედებს მათი კონკურენცია შორეული აღმოსავლეთის სტაბილურობაზე?
– შორეული აღმოსავლეთი დღეს ერთგვარი გეოპოლიტიკური „ჭადრაკის დაფაა“, სადაც თითოეულ სახელმწიფოს საკუთარი სვლა და საკუთარი სტრატეგია აქვს. შესაბამისად, თუ გვსურს გავიგოთ, საით მიდის მსოფლიო პოლიტიკა, პირველ რიგში, შორეულ აღმოსავლეთს უნდა დავაკვირდეთ. ჩინეთი ცდილობს, გააძლიეროს თავისი ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო გავლენა და დამკვიდრდეს, როგორც რეგიონის წამყვანი ძალა, აშშ-ის მთავარი ინტერესი კი ძალთა ბალანსის შენარჩუნება, მოკავშირეების, განსაკუთრებით იაპონიისა და სამხრეთ კორეის, უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ინდო-წყნარი ოკეანის თავისუფალი და ღია სივრცის შენარჩუნებაა. იაპონია ორიენტირებულია სტაბილურობაზე, უსაფრთხოებასა და საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგის დაცვაზე, ხოლო სამხრეთ კორეა ცდილობს, ერთდროულად უზრუნველყოს ეროვნული უსაფრთხოება ჩრდილოეთ კორეის საფრთხის ფონზე და შეინარჩუნოს ეკონომიკური თანამშრომლობა როგორც აშშ-თან, ისე ჩინეთთან. ამ რეგიონის მომავალი იმაზეა დამოკიდებული, შეძლებენ თუ არა ეს სახელმწიფოები კონკურენციის მართვას ისე, რომ თანამშრომლობის სივრცეც შეინარჩუნონ. კონკურენცია ზოგჯერ ზრდის სამხედრო და პოლიტიკური დაძაბულობის რისკს, თუმცა, მეორე მხრივ, ძლიერი ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება ქვეყნებს დიალოგისა და თანამშრომლობისკენაც უბიძგებს. სწორედ ამიტომ, შორეული აღმოსავლეთის სტაბილურობა დღეს, დიდწილად, დამოკიდებულია იმაზე, შეძლებენ თუ არა ეს სახელმწიფოები კონკურენციის მართვას ისე, რომ ის კონფლიქტში არ გადაიზარდოს.
– ტაივანის საკითხი და სამხრეთ ჩინეთის ზღვა რამდენად შეიძლება იქცეს რეგიონული ან გლობალური დაპირისპირების კერად?
– ტაივანის საკითხი და სამხრეთ ჩინეთის ზღვა დღეს საერთაშორისო პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე თემაა. ეს აღარ არის მხოლოდ ტერიტორიული დავა – აქ ერთმანეთს ეჯახება უსაფრთხოების, ეკონომიკისა და გეოპოლიტიკური გავლენის ინტერესები. ტაივანი ჩინეთისთვის ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხია, ხოლო აშშ-ისა და მისი მოკავშირეებისთვის – რეგიონში ძალთა ბალანსისა და უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ელემენტი. ამასთან, სამხრეთ ჩინეთის ზღვა მსოფლიო ვაჭრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საზღვაო მარშრუტია, რის გამოც მის სტაბილურობას გლობალური მნიშვნელობა აქვს. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით შესამჩნევია, რომ ჩინეთმა ტაივანის მიმართულებით სამხედრო აქტივობა და სანაპირო დაცვა გააძლიერა. გახშირდა სამხედრო სწავლებები, საბრძოლო ავიაციისა და სამხედრო-საზღვაო ძალების მოქმედებები, ასევე, გაიზარდა ჩინეთის სახელმწიფო გემების აქტივობა ტაივანის მიმდებარე წყლებში. ბევრი ანალიტიკოსი ამას აღიქვამს, როგორც ზეწოლის გაზრდისა და შესაძლო ბლოკადის სცენარების დამუშავების მცდელობას, თუმცა, ჩემი შეფასებით, მიუხედავად მაღალი დაძაბულობისა, ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი, ამ ეტაპზე, არცერთ მთავარ აქტორს არ აძლევს ხელს. ნებისმიერი ასეთი დაპირისპირება გავლენას მოახდენს არა მხოლოდ რეგიონზე, არამედ მსოფლიო ეკონომიკაზე, განსაკუთრებით ნახევარგამტარების წარმოებასა და საერთაშორისო ვაჭრობაზე. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ უახლოეს წლებში მთავარი გამოწვევა იქნება არა მხოლოდ სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილება, არამედ ისეთი სტრატეგიული ბალანსის შენარჩუნება, რომელიც კონკურენციას კონტროლირებად ფარგლებში დატოვებს.
– როგორია იაპონიისა და სამხრეთ კორეის თანამშრომლობის პერსპექტივა მიუხედავად ისტორიული უთანხმოებისა და რა როლი აქვს ამ პროცესში ჩინეთის ფაქტორს?
– ისტორიული უთანხმოება, რომელიც გასული საუკუნის მოვლენებს უკავშირდება, დღემდე გავლენას ახდენს ორივე ქვეყნის საზოგადოებრივ აზრსა და პოლიტიკურ ურთიერთობებზე. მიუხედავად ამისა, ბოლო წლებში ვხედავთ, რომ უსაფრთხოების საერთო გამოწვევებმა – განსაკუთრებით ჩინეთის მზარდმა გავლენამ და ჩრდილოეთ კორეის ბირთვულმა და სარაკეტო პროგრამამ ტოკიოსა და სეულს თანამშრომლობისკენ კიდევ უფრო უბიძგა. ამას ადასტურებს ლიდერების გახშირებული შეხვედრები, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება და აშშ-თან სამმხრივი კოორდინაცია. თუმცა, ვფიქრობ, ამ ურთიერთობების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მხარე ის არის, რომ პოლიტიკური უთანხმოების მიუხედავად, კულტურულ და ადამიანურ დონეზე თანამშრომლობა მაინც გრძელდება. მიმაჩნია, რომ კულტურული დიპლომატია ხშირად იმ ხიდის როლს ასრულებს, რომელსაც პოლიტიკა ყოველთვის ვერ აშენებს. ეს ყოველივე პირადი გამოცდილებითაც დავინახე. საქართველოში მქონდა შესაძლებლობა, ორგანიზება გამეწია იაპონური და კორეული დღეებისთვის, სადაც ორივე ქვეყნის ელჩებთან ერთად კულტურული ღონისძიებები ჩავატარეთ. ამ გამოცდილებამ დამანახა, რომ განათლება, კულტურა და ხალხთა შორის კონტაქტები ხშირად უფრო სწრაფად ამცირებს დისტანციას, ვიდრე მხოლოდ პოლიტიკური მოლაპარაკებები. ჩემი შეფასებით, ჩინეთის ფაქტორი მომავალშიც ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა იქნება იაპონიასა და სამხრეთ კორეას შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. მიუხედავად ისტორიული უთანხმოებისა, თანამედროვე უსაფრთხოების გარემო მათ უფრო მჭიდრო კოორდინაციისკენ უბიძგებს. ამიტომ ვფიქრობ, მათი ურთიერთობების მომავალი კონკურენციაზე – ნაკლებად, ხოლო საერთო ინტერესებზე უფრო მეტად იქნება დამოკიდებული.
– ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ჩინეთი ეწინააღმდეგება რუსეთის მხრიდან უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას თუნდაც იმ მიზეზით, რომ სამომავლოდ იაპონიამ და სამხრეთ კორეამ ასეთ იარაღი არ შექმნან. რას ფიქრობთ?
– ჩემი აზრით, ამ შეფასებას გარკვეული ლოგიკა ნამდვილად აქვს. ჩინეთი ოფიციალურად ბირთვული იარაღის გამოყენების წინააღმდეგ გამოდის, თუმცა ამის უკან მხოლოდ ჰუმანური მიზეზები არ დგას – არსებობს მკაფიო სტრატეგიული ინტერესებიც. თუ რუსეთი უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებდა, ეს საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაზე ძალიან სერიოზულ გავლენას მოახდენდა. ასეთ შემთხვევაში, ბევრ ქვეყანას შეიძლებოდა დაესკვნა, რომ საკუთარი უსაფრთხოების ერთადერთი რეალური გარანტია სწორედ ბირთვული იარაღის ფლობაა. ამ კონტექსტში, განსაკუთრებით საინტერესოა იაპონია და სამხრეთ კორეა. ტექნოლოგიურად ორივე იმდენად განვითარებულია, რომ საჭიროების შემთხვევაში ბირთვული იარაღის შექმნა შედარებით მოკლე დროში შეუძლიათ. დღეს ისინი ამას არ აკეთებენ, რადგან ეყრდნობიან აშშ-ის გაფართოებული შეკავების პოლიტიკას, ანუ ამერიკის ბირთვულ ქოლგას. ვფიქრობ, ჩინეთისთვის ძალიან არასასურველი სცენარი იქნებოდა, თუ რეგიონში იაპონია ან სამხრეთ კორეა ბირთვულ სახელმწიფოებად გადაიქცეოდნენ. ეს მნიშვნელოვნად შეცვლიდა აღმოსავლეთ აზიაში ძალთა ბალანსს და ჩინეთის უსაფრთხოების გარემოს კიდევ უფრო გაართულებდა. ამიტომ, ჩემი შეფასებით, ჩინეთის პოზიცია მხოლოდ რუსეთის მხარდაჭერით ან უკრაინის საკითხით არ აიხსნება. პეკინი ცდილობს, თავიდან აიცილოს ისეთი პრეცედენტი, რომელმაც შეიძლება ბირთვული გავრცელების ახალი ტალღა გამოიწვიოს, განსაკუთრებით მის უშუალო სამეზობლოში.
– დაბოლოს, როგორი იქნება შორეული აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური ვითარება უახლოეს 10 წელიწადში და რა გავლენას მოახდენს ეს მსოფლიო პოლიტიკასა და ეკონომიკაზე?
– თუკი XXI საუკუნეში რეგიონი მსოფლიო პოლიტიკის ცენტრად იქცა, ვფიქრობ, მომდევნო ათწლეულშიც ასე იქნება და ეს სწორედ შორეული აღმოსავლეთია. ჩემი აზრით, უახლოეს წლებში რეგიონში ერთდროულად გაგრძელდება კონკურენციაც და თანამშრომლობაც. ჩინეთი გააგრძელებს ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებას, აშშ კი შეეცდება, შეინარჩუნოს საკუთარი გავლენა მოკავშირეებთან – იაპონიასთან, სამხრეთ კორეასთან, ავსტრალიასთან და სხვა პარტნიორებთან ერთად. შესაბამისად, ძალთა ბალანსი რეგიონში საერთაშორისო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ საკითხად დარჩება. ამავე დროს, ტექნოლოგიური კონკურენცია კიდევ უფრო გამწვავდება. ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთხოება და ინოვაციური ტექნოლოგიები სახელმწიფოებს შორის კონკურენციის მთავარ მიმართულებად გადაიქცევა. სწორედ ამიტომ, ეკონომიკა და უსაფრთხოება მომავალში ერთმანეთთან კიდევ უფრო მჭიდროდ იქნება დაკავშირებული. ვფიქრობ, ეს პროცესები მსოფლიო ეკონომიკაზეც დიდ გავლენას მოახდენს, რადგან შორეული აღმოსავლეთი გლობალური წარმოების, ინოვაციების, ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვების ერთ-ერთი მთავარი ცენტრია. ნებისმიერი კრიზისი ამ რეგიონში თითქმის ავტომატურად აისახება საერთაშორისო ბაზრებზე, ინვესტიციებსა და ენერგომატარებლების ფასებზე. ჩემი შეფასებით, უახლოესი ათი წელი არ იქნება სტაბილური, მაგრამ არც – სრულმასშტაბიანი კონფლიქტების პერიოდი. უფრო მეტად ვიხილავთ სტრატეგიულ კონკურენციას, ეკონომიკურ დაპირისპირებას, ტექნოლოგიურ რბოლას და დიპლომატიურ ბრძოლას გავლენისთვის.
ლაშა ხომერიკი