არკადი დვორკოვიჩი: მივიღე გადაწყვეტილება, შევიჩერო FIDE-ს პრეზიდენტის უფლებამოსილება
By

არკადი დვორკოვიჩი: მივიღე გადაწყვეტილება, შევიჩერო FIDE-ს პრეზიდენტის უფლებამოსილება

ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (FIDE) რუსმა პრეზიდენტმა არკადი დვორკოვიჩმა განაცხადა, რომ ორგანიზაციაში საქმიანობას აჩერებს მას შემდეგ, რაც ევროკავშირის სანქციების უახლეს, 21-ე პაკეტში მოხვდა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

დვორკოვიჩმა ევროკავშირის გადაწყვეტილებას „უკანონო და უსამართლო“ უწოდა და განაცხადა, რომ მას ყველა შესაძლო სამართლებრივი და სხვა საშუალებით გაასაჩივრებს.

„თუმცა, ვინაიდან სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და/ან ამ გადაწყვეტილების გაუქმებამდე ან შეცვლამდე აღნიშნულმა სანქციებმა შესაძლოა ხელი შეუშალოს FIDE-ს სტაბილურ ფუნქციონირებას, მივიღე გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ, ნებაყოფლობით შევაჩერო ჩემი, როგორც FIDE-ს პრეზიდენტის, უფლებამოსილებები და მოვალეობები“, – აღნიშნულია დვორკოვიჩის განცხადებაში.

მისი ინფორმაციით, ფედერაციის დროებითი პრეზიდენტის პოსტს ინდოელი მსოფლიო ჩემპიონი ვიშვანათან ანანდი დაიკავებს.

რუსეთის ყოფილმა ვიცე-პრემიერმა დვორკოვიჩმა, რომელიც FIDE-ს 2018 წლიდან ხელმძღვანელობს, გასულ თვეში განაცხადა, რომ პრეზიდენტის პოსტზე ხელახლა იყრის კენჭს. არჩევნები FIDE-ს გენერალურ ასამბლეაზე, სექტემბერში, უზბეკეთის დედაქალაქ სამარყანდში დაგეგმილ ჭადრაკის ოლიმპიადაზე გაიმართება.

 

  • No Comments
  • ივლისი 24, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *