მორიგი სხდომა – უსკოში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის ახალარჩეული თავმჯდომარე პაატა კეშელავა უძღვებოდა.
სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 სამართლებრივი აქტის პროექტი განიხილეს, მათ შორის, უსკოს 7 დადგენილებისა და 4 განკარგულების პროექტი, რომლებიც მომზადდა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალი კანონის გარდამავალი დებულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ.
უსკოს ინფორმაციით, სამართლებრივი აქტების ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანასთან ერთად, სხდომაზე ახალი ნორმატიული აქტები მიიღეს, რომლებიც არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტებისა და დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენელთა უსკოში საქმიანობის სამართლებრივ რეგულირებას განსაზღვრავს.
უსკოს სამართლებრივი ბაზის სრულყოფა დემოკრატიული საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ახალი კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების მიღება წარმოადგენს უსკოსთვის კანონით დადგენილი ვალდებულების შესრულების პირველ ეტაპს. სამართლებრივი ბაზის ეტაპობრივი სრულყოფა კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში გაგრძელდება და ხელს შეუწყობს უსკოს ინსტიტუციურ გაძლიერებას, საქმიანობის ეფექტიანობის ზრდასა და გამჭვირვალე საარჩევნო ადმინისტრირების შემდგომ განმტკიცებას.