ხსოვნის ტურნირი – ქართულ ჭიდაობაში
შუახევის სპორტული ცენტრის დარბაზში საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკის, სპორტის გამოცდილი ორგანიზატორისა და ქართული ჭიდაობის ერთგული მოამაგის ნოშრევან დავითაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ტურნირი გაიმართა.

ნაყოფიერი და მეგობრული თანამშრომლობისათვის ჯემალ წულუკიძემ აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის სახელით მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა ტურნირის საპატიო სტუმრებს – თურქეთის რესპუბლიკის რიზეს პროვინციის გიუნეისუს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობისა და სპორტის დირექტორს აქიფ ქალჩას, თურქეთის ჭიდაობის ფედერაციის რიზეს პროვინციის წარმომადგენელს ვეჰბი ოზდემირს და სპორტული კლუბ „გიუნეისუსპორის“ მენეჯმენტის წევრს ოქან კანბურს.
ტურნირი 45, 50, 55, 60, 65 და +65 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩატარდა, ერთმანეთს 2010–2012 წლებში დაბადებული ჭაბუკები დაუპირისპირდნენ. ექვსივე წონით კატეგორიაში ქობულეთლები: ლუკა აბულაძე, ხვიჩა კახაძე, ზაზა ბერიძე, ლუკა სურმანიძე, დაჩი ბარამიძე და ლერი შაინიძე გავიდნენ პირველ ადგილზე.
საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები სიგელებით, თასებითა და შესაბამისი სინჯის მედლებით დაჯილდოვდნენ. პირველ ადგილზე გასულებს ფულადი ჯილდოებიც გადასცეს, რომლებიც ბიზნესმენებმა ლევან პაქსაძემ და ზურაბ მახარაძემ გაიღეს. ტურნირი აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის ორგანიზებით, აჭარის სპორტის დეპარტამენტისა და შუახევის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით გაიმართა.
ოთარ ცინარიძე