ინფრასტრუქტურული პროექტები – ხიჭაურსა და გომარდულში
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე შუახევის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და ხიჭაურის დასახლებასა და სოფელ გომარდულში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, მთიან აჭარაში განხორციელებული პროექტები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც მოსახლეობის ცხოვრების პირობებს, ისე რეგიონის ტურისტულ მიმზიდველობას.
ხიჭაურის დასახლებაში აქტიურად მიმდინარეობს ადმინისტრაციული ცენტრის კეთილმოწყობა. პროექტი მოიცავს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოებისა და სკვერის რეაბილიტაციას, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას, ფერდსამაგრი კედლების ამოყვანას, დეკორატიული განათებისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობას.
გომარდულში დასრულებულია თანამედროვე სტანდარტების სოფლის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა. შენობაში განთავსდება რწმუნებულის ოფისი, თემის სამედიცინო პუნქტი და მრავალფუნქციური დარბაზი. პროექტი ითვალისწინებს შშმ პირებისთვის ადაპტირებულ გარემოს, ასევე მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას – მოეწყობა მოსასვენებელი და საბავშვო სივრცეები, ფანჩატურები, საფეხმავლო ბილიკები, საკოცონე სივრცე, გარე განათება და გამწვანება.
შუახევის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის მერი ომარ ტაკიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზაზა შავაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ.
„დღეს მთიან აჭარაში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები დავათვალიერეთ. ხიჭაურში დასახლების ცენტრის კეთილმოწყობა მიმდინარეობს, რომელიც საგზაო და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითვალისწინებს. ასევე ვიმყოფებოდით სოფელ გომარდულში, რომელსაც დიდი ტურისტული და სამთო-სათხილამურო პოტენციალი აქვს. აქ შენდება ახალი კოტეჯები, ვითარდება ტურისტული ინფრასტრუქტურა და იზრდება კერძო სექტორის ინტერესი. ახალი პროექტები მიმდინარეობს ხიჭაურის, ჭვანისა და გომის მთის მიმართულებებითაც, მათ შორის დაწყებულია 6.5 კილომეტრი გზის მოწყობა“, – თქვა ზურაბ პატარაძემ.
ოთარ ცინარიძე