ხელვაჩაურში ახალი თეატრის შექმნა იგეგმება
ხელვაჩაურში თეატრის შექმნის იდეა უკვე კონკრეტულ გეგმად ყალიბდება. ყველასათვის ცნობილი და საყვარელი მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ ხელვაჩაურის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლი „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ წარმოადგინა, ახლა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კულტურული პროექტის განხორციელებას გეგმავს. მისი თქმით, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით, ხელვაჩაურს შესაძლოა მალე საკუთარი პროფესიული თეატრი ჰქონდეს, სივრცე, რომელიც როგორც ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის, ისე მთელი რეგიონის კულტურული ცხოვრებისთვის მნიშვნელოვან ცენტრად იქცევა. გაზეთ „აჭარასთან“ საუბარში ზურაბ ცინცქილაძე სპექტაკლის დადგმის პროცესზე, თეატრის როლსა და ახალი კულტურული კერის შექმნის მნიშვნელობაზე საუბრობს.
– ბატონო ზურაბ, სანამ ახალი თეატრის ჩამოყალიბების იდეაზე გკითხავდეთ, მოდით, საუბარი დავიწყოთ სპექტაკლით, რომელიც თქვენ დადგით. მოგვიყევით, როგორ მიუბრუნდით რამდენიმე წლის შემდეგ აღნიშნულ ნაწარმოებს, ოღონდ ამჯერად რეჟისორის ამპლუაში?
– თანამედროვე კლასიკოს მწერალ გურამ დოჩანაშვილთან ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა. თითქმის ყველა მისი ნაწარმოების მიხედვით დადგმულ სპექტაკლში ვმონაწილეობდი. ხუმრობით „დოჩანოლოგსაც“ მეძახდნენ. სპექტაკლში „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ ვითამაშე საქართველოს თითქმის ყველა თეატრის სცენაზე. მართალია, ლიტერატურის კითხვა მანამდეც მიყვარდა, მაგრამ ამ სპექტაკლის შემდეგ წიგნს კიდევ უფრო დიდი და სიღრმისეული ყურადღებით მოვეკიდე. სპექტაკლს, სადაც თითქმის 50 წლის წინ ვთამაშობდი, ისევ მივუბრუნდი, ოღონდ ამჯერად რეჟისორის ამპლუაში. ბედნიერი ვარ, რომ ძალიან კარგი ადამიანების მხარში დგომით ამის შესაძლებლობა მომეცა.
– მოგვიყევით ხელვაჩაურში თეატრის გახსნის იდეაზე. რამდენად რეალურია აღნიშნული ჩანაფიქრის განხორციელება?
– ჩვენს ინიციატივას ხელვაჩაურში თეატრის შექმნის შესახებ მხარი დაუჭირა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძემ, ასევე, სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა ხელვაჩაურის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო შერვაშიძემ. იდეის განხორციელებაში გვერდით დაგვიდგა აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე. ვფიქრობ, ხელუაჩაურში, ანუ ხელოვანთა მხარეში (როგორც ვიცით, ძველკოლხურად ხელუა ხელოვანს ნიშნავს) აუცილებლად უნდა არსებობდეს თეატრი. მოგეხსენებათ, იმდენ თეატრში და იმდენი როლი მაქვს ნათამაშები, იმდენი პროექტი მაქვს განხორციელებული, რომ, ვფიქრობ, ახალი თეატრის ხელმძღვანელის ამპლუაში ჩემს გამოცდილებას ბოლომდე გამოვიყენებ, რათა ხელვაჩაურის თეატრი ერთ-ერთი მოწინავე თეატრი გახდეს, რომელიც დიდ როლს ითამაშებს ადგილობრივი ახალგაზრდებისა, და არამარტო, გემოვნებიან მაყურებლად ჩამოყალიბებაში. როგორც დიდი ილია ჭავჭავაძე იტყოდა, ყოველი საზოგადოებრივი ინსტიტუტი თუ საქმიანობა ერის ინტერესებს, გადარჩენასა და განვითარებას უნდა ემსახურებოდეს. ქვეყნის წინაშე მდგარი ნებისმიერი ამოცანა, იქნება ეს კულტურული, ეკონომიკური თუ საგანმანათლებლო, უნდა შეფასდეს იმით, თუ რამდენად აძლიერებს იგი ეროვნულ თვითშეგნებას, მე კი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ ეროვნულ საქმეში თეატრის როლს. „ყოველი ერი თვისის ისტორიით სულდგმულობს. იგია საგანძე, საცა ერი პოულობს თვისის სულის ღონეს“ – და სწორედ ამ სულის ღონის საძიებლად თეატრი მიმაჩნია საუკეთესო საშუალებად.
კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო – ხელვაჩაური (ხელუაჩაური) ნიშნავს ხელოვანთა მხარეს. შეიძლება კი იქ თეატრი არ იყოს? თეატრი უნდა იყოს ეროვნული საქმის კეთების მაგალითი. მუნიციპალიტეტის პირველ პირებს უდიდესი მზაობა აქვთ, რომ მალე ხელვაჩაურს საკუთარი თეატრი ჰქონდეს და მჯერა, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, მალე ყველა ერთად ვიზეიმებთ მის გახსნას.
მინდა, ჩემი გამოცდილება ბოლომდე გამოვიყენო და, რახან ხელოვანთა მხარეა, იქ სამაგალითო თეატრი არსებობდეს. ჩემი მიზანია, თეატრში მოვიწვიო საინტერესო რეჟისორები და მსახიობები, დავაინტერესოთ ახალი თაობაც, რათა მათ კიდევ უფრო შეიყვარონ თეატრი და მისი გულშემატკივრები გახდნენ.
– ბატონო ზურაბ, ვთქვათ, ხუთი წლის შემდეგ როგორ წარმოგიდგენიათ თეატრი?
– ხუთი წლის შემდეგ უნდა გვქონდეს, მინიმუმ, 25 სპექტაკლი, რომლითაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, განსაკუთრებით იქ, სადაც უამრავი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს, ვიმოგზაურებთ. ასევე, გვინდა, კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა ჩავრთოთ თეატრის ცხოვრებაში. თეატრი ხომ ის სივრცეა, სადაც ადამიანები კითხვებზე პასუხებს პოულობენ. შევეცდებით, მობილური სპექტაკლებიც შევქმნათ – ვინც ჩვენთან ვერ მოვა, თავად მივიდეთ მათთან. მჯერა, ხელვაჩაურის თეატრი თავის ღირსეულ სიტყვას იტყვის რეგიონის კულტურულ ცხოვრებაში. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერს, საკრებულოს თავმჯდომარეს, ყველა იმ ადამიანს, რომლებისთვისაც კულტურა და ხელოვნება მნიშვნელოვანია. მადლობა როგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულ მსახიობებს, რომლებიც გვერდით გვიდგანან, და იმათაც, ვინც მომავალში ისურვებს ჩვენთან თანამშრომლობას, – გვითხრა ზურაბ ცინცქილაძემ.

სპექტაკლში მონაწილეობაზე, ასევე ახალი თეატრის დაარსების იდეასა და, ზოგადად, თეატრის როლზე თავისი მოსაზრება გაგვიზიარა მსახიობმა მინდია ჩოხარაძემ.
– მინდა, პირველ რიგში, გულწრფელად მოგიყვეთ იმ ემოციებზე, რაც ჩემში ტრიალებს ბატონი ზურაბის შემოთავაზების შემდეგ, რომ მის მიერ დადგმულ სპექტაკლში მიმეღო მონაწილეობა. მოგეხსენებათ, ძალიან დიდი ხანია ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე ვდგავარ, მაგრამ ისეთი ბუმბერაზი ადამიანების გვერდით სცენაზე დგომა, როგორებიც არიან ბატონები ზურაბ ცინცქილაძე და ნუგზარ ერგემლიძე, ჩემთვის უდიდესი პატივია.
როდესაც უმაღლეს თეატრალურ სასწავლებელში ჩავაბარე, ბატონი ზურაბ ცინცქილაძე ჩემი პირველი პედაგოგი იყო. მისი სტუდენტი ვარ. სწორედ მისი დიდი დამსახურებაა, რომ სცენა შემიყვარდა და დღემდე თეატრში ვარ. დიდი პატივია იმ ადამიანთან ერთად სცენაზე დგომა, რომლისგანაც როგორც პროფესიული, ისე ადამიანური კუთხით ბევრი რამ ვისწავლე.

აქვე მივესალმები იმ ფაქტს, რომ ჩვენს კუთხეში, კიდევ ერთი თეატრი შეიქმნება და ბედნიერი ვარ, რომ წილად მხვდა პატივი, ვიყო ამ ყველაფრის მონაწილე. მაქვს არაერთი ჩანაფიქრი. მსურს, განვახორციელო როგორც შერეული, ასევე თოჯინური სპექტაკლები და მჯერა, მოვა ამის დროც. მინდა, წარმატებები და ყველა ჩანაფიქრის განხორციელება ვუსურვო ბატონ ზურაბს და მადლობა ვუთხრა ადამიანებს, რომლებიც კულტურისა და ხელოვნების განვითარებისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ, – გვითხრა მინდია ჩოხარაძემ.
ზურაბ ცინცქილაძის მიერ დადგმულ სპექტაკლში 14 წლის გიორგი ირემაძეც მონაწილეობს და, როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ბავშვობიდანვე მისთვის ყველაფერი, რაც ხელოვნებასთან იყო დაკავშირებული, სასურველი და საინტერესო იყო. ამბობს, რომ ძალიან გაუმართლა – ვერ წარმოიდგენდა,თუ მეათე კლასის მოსწავლეს მოუწევდა სპექტაკლში თამაში, მით უმეტეს ისეთ დიდ მსახიობებთან ერთად, რომლებმაც თავიანთი პროფესიული გზის განმავლობაში უპირველესი ჯილდო – ადამიანების უანგარო სიყვარული მოიპოვეს.
– მართლა ვერ წარმოვიდგენდი, რომ 14 წლის ასაკში მომიწევდა თეატრის სცენაზე დგომა, თან ისეთ პროფესიონალებთან და დიდ ადამიანებთან ერთად, როგორებიც არიან ზურაბ ცინცქილაძე, ნუგზარ ერგემლიძე, მაკა შალიკაშვილი და მინდია ჩოხარაძე. თითოეული რეპეტიციის დღე ჩემთვის ახალი ცოდნის მიღების შესაძლებლობა იყო. სპექტაკლში მონაწილე თითოეული მსახიობი დამეხმარა, რომ ბოლომდე გამომევლინა ჩემი შესაძლებლობები.
სპექტაკლის დასრულების შემდეგ იმდენი მილოცვა, ისეთი სითბო და ყურადღება მივიღე, რომ ალბათ გამიჭირდება ემოციების სიტყვებით გადმოცემა. ჩემთვის თეატრი პირველია, შესაბამისად, ვაპირებ თეატრალურზე ჩავაბარო და მომავალში ხელვაჩაურის თეატრის მსახიობი გავხდე. როგორც იტყვიან, „სცენის მტვრით“ უკვე მოვიწამლე და ეს კიდევ უფრო ბედნიერსა და მოტივირებულს მხდის.
ვფიქრობ, თეატრის სიყვარული ნებისმიერ ადამიანში უნდა იყოს. აუცილებელია, ჩემს თანატოლებში თეატრის სიყვარული უფრო გაღვივდეს, მოვწყდეთ გაჯეტებს და მეტი დრო დავუთმოთ თეატრს, ზოგადად კი ხელოვნებას, რომელიც ადამიანის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მჯერა, როდესაც ხელვაჩაურში თეატრი დაარსდება, ახალგაზრდები მოისურვებენ, უფრო აქტიურად ჩაერთონ მუნიციპალიტეტის კულტურულ ცხოვრებაში, მეტი ინტერესი გაუჩნდებათ ლიტერატურისადმი, – აღნიშნა გიორგი ირემაძემ.

თავისი მოსაზრებები ახალი თეატრის დაბადების იდეაზე, ასევე, მსახიობმა მაკა შალიკაშვილმა გაგვიზიარა.
– რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულოა და მგონი, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც აჭარაში კიდევ ერთი თეატრის დაარსება ეწყინება. ვფიქრობ, ზურაბ ცინცქილაძის ხელმძღვანელობით ქართული თეატრის გახსნა ნიშნავს ქართული სულის, ქართული იდენტობისა და ჩვენი ტრადიციების შენარჩუნებასა და გაგრძელებას.
ზურა არის ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა, უყვარს მოყვასი, ადამიანი, მეგობრები, პოეზია უყვარს, ქართული ენა, სწორი მეტყველება, უღალატო კაცია და მიმაჩნია, რომ სადაც ის იქნება, დაიდგმება სპექტაკლები, რომლებიც თაობების სწორი ფასეულობებით აღზრდაზე იქნება ორიენტირებული.
მთელი გულითა და სულით ვულოცავ მას და, რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდი აჭარის კულტურის სამინისტროს, ხელვაჩაურის ხელმძღვანელობას, რადგან მათ უდიდესი მზაობა გამოიჩინეს, გვერდით დაუდგნენ ხელოვნებასა და ხელოვან ადამიანებს. მომავალში, თუ ხელვაჩაურის თეატრს დავჭირდები, ძალიან ბედნიერი ვიქნები და დიდი სიხარულით ვითანამშრომლებ ადამიანებთან, რომლებიც შემდგომში დასის წევრები იქნებიან.
კიდევ ერთხელ ვულოცავ საქართველოს, აჭარას, ხელვაჩაურს და, ზოგადად, თეატრალურ საზოგადოებას ახალი თეატრის შექმნის იდეას, რომელიც, მჯერა, ძალიან მალე რეალობად იქცევა, – გვითხრა მაკა შალიკაშვილმა.
მუსიკოსმა და ხელოვანმა ნუგზარ ერგემლიძემ, რომელმაც მონაწილეობა მიიღო სპექტაკლში „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ და ასევე, აქტიურად არის ჩართული ახალი თეატრის ჩამოყალიბების პროცესში, წარმატებები უსურვა თეატრის შექმნის იდეის ავტორს. მიაჩნია რომ მუნიციპალიტეტის კულტურულ ცხოვრებას ახალი თეატრი კიდევ უფრო საინტერესოსა და მიმზიდველს გახდის. მან მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვისი ხელშეწყობითაც ხელვაჩაურს თეატრი შეემატება.
ნანა აბულაძე