სამუშაო შეხვედრა – ბულგარეთში
გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის სპეციალისტებმა, ბულგარეთის ქალაქ ბურგასში, ხმელთაშუა ზღვის მეთევზეობის გენერალური კომისიის (GFCM) ორგანიზებით გამართულ, შავი ზღვის მარაგების შეფასების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მონაწილეებმა თევზის მარაგების შეფასების თანამედროვე მეთოდებზე იმსჯელეს და შავი ზღვის პრიორიტეტული სახეობების მარაგებთან დაკავშირებული მონაცემები განაახლეს, ასევე, სამეცნიერო რეკომენდაციები და მოკლევადიანი პროგნოზები შეიმუშავეს.
აღნიშნულ შეხვედრაზე სააგენტოს სპეციალისტებმა პრეზენტაციები წარადგინეს თემებზე – „ქაფშიის სივრცითი გავრცელება საქართველოს შავი ზღვის ტერიტორიულ წყლებში sdmTMB მოდელის გამოყენებით“ და „შავი ზღვის სტავრიდის მარაგის შეფასება SAM მოდელის გამოყენებით“.
,,წარმოდგენილმა კვლევებმა საერთაშორისო ექსპერტების მხრიდან დადებითი შეფასება დაიმსახურა და წარმოაჩინა ქვეყნის აქტიური მონაწილეობა შავი ზღვის თევზის რესურსების სამეცნიერო შეფასებისა და მდგრადი მართვის პროცესში.
მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, მონაწილეები არსებულ მონაცემებს განიხილავენ, მარაგების შეფასების მოდელებს აუმჯობესებენ, ასევე, სამეცნიერო რეკომენდაციებს ამზადებენ და ხელს უწყობენ შავი ზღვის თევზჭერის მდგრადი მართვის პროცესს.
გარემოს ეროვნული სააგენტო საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას, თანამედროვე სამეცნიერო მეთოდების დანერგვასა და შავი ზღვის ბიოლოგიური რესურსების მდგრადი მართვის ხელშეწყობას აქტიურად განაგრძობს.“ – ვკითხულობთ ინფორმაციაში.