შემოქმედი, რომელიც მთელი ცხოვრება ქართულ სიმღერას და სიკეთეს ემსახურებოდა
გურამ თამაზაშვილის სახელობის ფესტივალი 15 წლისაა
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ცნობილ მომღერალ გურამ თამაზაშვილის სახელობის ქალაქური სიმღერების ფესტივალის საიუბილეო საღამო გაიმართა – ფესტივალის დაარსებიდან 15 წელი შესრულდა. მისი მიზანია ქართული ქალაქური სიმღერების პოპულარიზაცია, კულტურული ღირებულებების წარმოჩენა და მუსიკალური მემკვიდრეობის მომავალი თაობისთვის გადაცემა. გურამ თამაზაშვილი იყო ანსამბლ „ქართული ხმების“ სოლისტი და ანსამბლ „ალილოს” დამაარსებელი. მის სახელთანაა დაკავშირებული ქალაქური ჟანრის სიმღერების პოპულარიზაცია და განვითარება.
საღამო, რომელიც ჟურნალისტ კახა მიქიაშვილს მიჰყავდა, მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამით გამოირჩეოდა.
წამყვანმა სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, ვახტანგ გორგასლისა და ღირსების ორდენების კავალერის, გამორჩეული მომღერლის გურამ თამაზაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედებითი მოღვაწეობის შესახებ არაერთი უცნობი და საინტერესო ისტორია მოუთხრო დარბაზს. იმ დღეს გალაკონცერტში სამი თაობის ცნობილი ქართველი სოლო შემსრულებლები და შემოქმედებითი ჯგუფები მონაწილეობდნენ.
კახა მიქიაშვილი შესანიშნავი ადამიანის შემოქმედებაზე, ავტორიტეტზე, ადამიანობაზე დროდადრო საინტერესო ცნობებს გვაწვდიდა, მან ფესტივალის შესახებაც ისაუბრა.
… ყველაფერი 15 წლის წინ დაიწყო. ქართულ სიმღერაზე უზომოდ შეყვარებულმა რამდენიმე ნიჭიერმა ადამიანმა ფესტივალის დაარსება გადაწყვიტა, ერთი მხრივ, ქართული ქალაქური სიმღერის კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაციისთვის, მეორე მხრივ, ამ დიდი შემოქმედის, გურამ თამაზაშვილისთვის პატივის მისაგებად. მათ, ასევე, სურდათ, მშობლიურ ქალაქში შეექმნათ ისეთი ასპარეზი, სადაც ყოველწლიურად არა მხოლოდ გამოცდილი და უკვე აღიარებული ანსამბლები გამოვიდოდნენ, არამედ ამ სფეროში დასაქმებულ ახალგაზრდებსაც თავიანთი ნიჭის ფართო საზოგადოების წინაშე წარმოჩენის საშუალება მიეცემოდათ. ასეც მოხდა, უკვე 15 წელია, ფესტივალი ცოცხლობს. რატომ ბათუმი? ზაფხულში გამორჩეულად უხდება ეს ფესტივალი საზღვაო ქალაქს. მისი დამაარსებლები სწორედ ბათუმელები არიან და ერთ-ერთი – ყველასთვის საყვარელი მომღერალი აჩიკო ბერიძეა. პირველი კონცერტი იყო საქველმოქმედო და შემოსული თანხა ერთ-ერთი ტაძრის მშენებლობისთვის გადაირიცხა, ამით, შეიძლება ითქვას, ფესტივალი ეკურთხა და ეს კურთხევა 15 წელია მოჰყვება.
საინტერესოა, რომ, ფაქტობრივად, არ დარჩენილა საქართველოში მოღვაწე ანსამბლები, გუნდები, მომღერლები – გამოცდილები, ლეგენდები, პოპულარულები და ახალბედებიც, ამ ფესტივალზე რომ არ გამოსულიყვნენ. ფესტივალის ამბიციაა, იქცეს მნიშვნელოვან ფორუმად, სადაც თითოეული ანსამბლისთვის თუ ინდივიდუალური შემსრულებლებისთვის მონაწილეობა პრესტიჟული გახდება.
ბატონ გურამს ახალგაზრდა, ნიჭიერი ადამიანების მოძიება-მოზიდვის საოცარი ნიჭი ჰქონდა. პოულობდა იმათ, ვისაც ფანატიკურად უყვარდა ქართული სიმღერა. ხშირად, მიუხედავად იმისა, რომ თავად არ ჰქონდა ფული, სესხულობდა და ამ ბიჭებს ბინის ქირასაც კი უხდიდა, ხელს უწყობდა… თავის დროზე მან სხვადასხვა სფეროდანაც აღმოაჩინა მომღერლები და… ასე შექმნა ბრწყინვალე ანსამბლი ჯერ სახელწოდებით „ზარები“, შემდგომ კი იგი დღეს უკვე ცნობილ ჯგუფ „ალილოდ“ იქცა. სასიხარულოა, რომ მისი აღმოჩენილი მოწაფეებიდან ერთ-ერთსაც, ლაშა ღლონტს, ეს ნიჭი აღმოაჩნდა და შექმნა ტრიო „სამანი“, რომელსაც საღამოზე მოვუსმინეთ. რთულია საქართველოში ამ ჟანრში ქართულ სცენაზე დაიმკვიდრო ადგილი და შექმნა ისეთი რამ, არავისას რომ არ ჰგავდეს, გისმენდნენ, მუდამ უყვარდე, მოიპოვო პოპულარობა… ამას არ ჰყოფნის მხოლოდ ნიჭი, ან მხოლოდ ხმა, არც გემოვნება… ამას სჭირდება მთავარი – ღვთისმადლი. აი, ამ ყველაფრის განსახიერება გახლდათ გურამ თამაზაშვილი. ყველამ იცის, რომ მას პროფესიული მუსიკალური განათლება არ ჰქონდა, თუმცა ჰქონდა ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – დაიბადა და გაიზარდა სიმღერის გარემოში და…. შეუძლებელი იყო მას ეს ნიჭი არ გამოჰყოლოდა, რომელიც ზრდასრულ ასაკში გამოავლინა ლეგენდარულ „ქართულ ხმებში“. მომღერლობამდე მძლეოსანი სპორტსმენი და ბრწყინვალე მოცეკვავე გახლდათ. ცხოვრობდა ისე, როგორც მღეროდა და მღეროდა ისე, როგორც ცხოვრობდა. ამიტომ უყვარდათ გამორჩეულად. ალბათ ძნელია, ვინმემ მისნაირად იმღეროს.
– რაც უნდა ვთქვა გურამ თამაზაშვილზე, ყოველთვის მიკერძოებული ვიქნები… გურამის მთავარი პრინციპი იყო, ეპოვა ნიჭიერი ადამიანები და ამით ეხარა, მათთვის ყველაფერი გადაეცა და ესწავლებინა. ეს კაცი იყო ქართული სიმღერის მადნების მაძიებელი. არაერთხელ უსესხებია ფული, რომ ნიჭიერი ადამიანისთვის ბინის ქირა გადაეხადა… ბევრი ისეთი რამ აქვს გაკეთებული, რაც ყველასთვის არაა ცნობილი. სწორედ ამას ემსახურება ეს ფესტივალიც – რამდენი ნიჭიერი ადამიანი, რამდენი ახალი სახე გამოჩნდა საღამოზე და დღეს ყველაზე მეტად გურამის სული ხარობს, რადგან მისი ცხოვრების მიზანი სხვისი გახარება და ნიჭიერი ადამიანების გვერდით დგომა იყო…15 წელია, ეს ფესტივალი არსებობს და თავის ფუნქციას ძალიან კარგად ასრულებს. ბატონი გურამი საზოგადო მოღვაწე იყო. ამას ქართული საზოგადოება თანდათან მიხვდება. ამ ადამიანთა უმეტესობა, რომელიც სცენაზე დგას, მის ხელშია გამოვლილი, ჩვენც მის ხელში ვართ გაზრდილები. როგორც გოგი დოლიძემ და ზაურ ბოლქვაძემ ქართული სიმღერისკენ შემოაბრუნეს მთელი ახალგაზრდობა და ქართული საზოგადოება, ასეთივე ღვაწლი მიუძღვის გურამ თამაზაშვილსაც, ოღონდ მათგან განსხვავებით, თავისი სკოლა ჰქონდა და ზრდიდა ახალ თაობებს. ამიტომ ვთვლი მას საზოგადო მოღვაწედ, – აღნიშნა ლაშა ღლონტმა.
– გურამ თამაზაშვილი იყო ლეგენდარული „ქართული ხმების“ ფანტასტიკური ხმა, რომელმაც ამქვეყნად ბევრი სიკეთე გააკეთა. პირველ რიგში, ჩამოაყალიბა ჩვენი ანსამბლი, რომელსაც ჯერ „ზარები“ ეწოდა, მერე „ალილო“ დაერქვა და ბედნიერები ვართ, რომ უკვე 26 წელია, ატარებს ამ სახელს. ის ყოველდღე ჩვენთანაა, ყოველ კონცერტზე… არ არსებობს წაიმღერო და ის თვალწინ არ დაგიდგეს… მისი ყველა ნასწავლი ფრაზა, მელოდია იმდენად ღრმა იყო, ისეა ჩაბეჭდილი მეხსიერებაში, რომ არასოდეს მავიწყდება. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული, უფალს შევთხოვ, საქართველოში გურამისნაირი ხალხი ბევრი იყოს, – თქვა გია დავითაშვილმა.
– დღე არ გავა, რომ არ გავიხსენო… მასთან რომ მივედი, პატარა ვიყავი. პირველად რომ დავინახე, საოცარი შთაბჭდილება დამრჩა, რაღაც გამორჩეული ემოცია მქონდა. თან ამ კადრებს, მისგან სითბო და საოცარი სიყვარული რომ მოდიოდა, ვერ ვივიწყებ. „დათუკას“ მეძახდა. მაშინ დავიწყე ქართულ სიმღერასთან სხვანაირად ზიარება … მან ყმაწვილკაცობაში, ბიჭობაში მაზიარა სხვაგვარ ნიუანსებს და არა მარტო სიმღერაში, არამედ კაცობაში. ჩემი აზრით, გენიოსი იყო… სადაც შედიოდა, სიყვარული შეჰქონდა, იქ ტოვებდა მთელ გულს, სულს, რომელსაც დღეს აქ ვიხსენებთ და არა მარტო აქ, არამედ ყველგან, ოჯახებშიც. მის სულს ვენაცვალე, – გვითხრა დათუნა სირბილაძემ.
– ბედნიერი ვარ, რომ ეს ადამიანი არსებობდა ჩვენს ცხოვრებაში და ყველაფრისთვის მადლობა უფროსი თაობის „ქართულ ხმებს“, რომ არა ესენი, ჩვენ ახლა ვინ იცის, რას და როგორ ვიმღერებდით, არ გვეცოდინებოდა, აი, ეს ნიჭი, რომელიც ღმერთმა მოგვმადლა, როგორ მოგვეხმარა. ამ ადამიანმა გზაზე დაგვაყენა და გეზი მოგვცა, საით უნდა წავსულივიყავით, როგორ და რა გვემღერა. ქალაქური ისეთი ჟანრია, რომელსაც დიდი ხნის ისტორია არა აქვს, ჩვენი ფესვები არის ხალხური სიმღერა, რაზეც წარმოიშვა ქალაქური ჟანრიც, რომლის ტრადიციაც გახლავთ ეს ურთიერთობები, ქართული სუფრა, ქალაქური ცხოვრების წესი, ადამიანური ურთიერთობები, პოლიფონია, მრავალხმიანობა… ამის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია „ქართული ხმები“ და მეამაყება, რომ მათ შორისაა ჩვენი კუთხის ასეთი საამაყო წარმომადგენელი გურამ თამაზაშვილი, რომლის იდეაც იყო ანსამბლ „ალილოს“ შექმნა. მიხარია, რომ მისი სახელობის ფესტივალი იმართება და ორმაგად ვარ გახარებული, რომ ამ ფესტივალზე სცენაზე დღეს სამი თაობის წარმომადგენლებიი ერთად დგანან. მახსოვს ფესტივალის პირველი დღე, მიხარია, რომ ფესტივალს 15 წელი შეუსრულდა და უამრავი ასეთი საოცარი ადამიანი სტუმრობდა და მასპინძლობდა ამ ანსამბლს, – აღნიშნა აჩიკო ბერიძემ.
… „ქართულმა ხმებმა“ სხვა სიმაღლეზე აიყვანა ქართული სიმღერა და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთ. მსოფლიოს ახლებურად გააცნო ქართული კულტურა.
ბოლოს სცენაზე სწორედ ლეგენდარული „ქართული ხმები“ მოიწვიეს. მათ ფესტივალი ყველა მონაწილესთან ერთად ყველასთვის საყვარელი სიმღერით „გაზაფხული შემოსულა ლენ“ დააგვირგვინეს ….
გურამ თამაზაშვილის სახელობის ქალაქური სიმღერების ფესტივალის ორგანიზატორებმა ქართულ სიმღერაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური სიმბოლური პრიზები გადასცეს სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებს, რომელთა შორის ყველაზე პატარა ოთო ბაზერაშვილიც იყო. განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს მაესტრო დავით მაზანაშვილს. ყველა მონაწილეს გადაეცა სიგელი.
საღამოს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია, აჭარის კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ვლადიმერ მგალობლიშვილი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, გურამ თამაზაშვილის ოჯახის წევრები, მეგობრები, მოწვეული სტუმრები და ქალაქური სიმღერების მოყვარულები ესწრებოდნენ.
ფესტივალი აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
მანანა ძიძიშვილი