თავდასხმები ტანკერებზე სპარსეთის ყურის ფარგლებს გარეთაც გახშირდა
საუდის არაბეთი ცდილობს წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ თავდასხმებისგან საზღვაო გადაზიდვების დასაცავად საერთაშორისო კოალიცია ჩამოაყალიბოს. ინფორმაციას Reuters-ი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ინფორმაციით, კოალიციის საბოლოო შემადგენლობა ჯერ არ განსაზღვრულა და ამ საკითხზე ათეულობით ქვეყანასთან მიმდინარეობს კონსულტაციები.
ირანის მიერ მხარდაჭერილმა „ჰუსიტებმა“ 20 ივლისს განაცხადეს, რომ წითელ ზღვაში საუდის არაბეთის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადას აწესებდნენ. მათი მტკიცებით, ეს იემენის მიმართ საუდის არაბეთის მიერ დაწესებული „ბლოკადის“ საპასუხო ნაბიჯი იყო, თუმცა ერ-რიადი ამ ბრალდებას უარყოფს.
მოგვიანებით „ჰუსიტებმა“ განაცხადეს, რომ წითელ ზღვაში საუდის არაბეთის გემებზე რამდენიმე თავდასხმა განახორციელეს. საპასუხოდ, საუდის არაბეთმა საჰაერო დარტყმები მიიტანა იემენის ქალაქ ჰოდეიდის პორტში მდებარე იმ ობიექტებზე, რომლებიც, მისი განცხადებით, „ჰუსიტების“ სამხედრო ინფრასტრუქტურას წარმოადგენდა და კომერციული გემებისთვის საფრთხის შესაქმნელად გამოიყენებოდა.
Reuters-ის შეფასებით, ამ ბლოკადამ ირანთან მიმდინარე ფართო კონფლიქტის ფარგლებში, აშშ-ისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ ახალი ფრონტი გახსნა. შედეგად, თავდასხმები ენერგომატარებლებისა და სხვა ტვირთების გადამზიდავ ტანკერებზე სპარსეთის ყურის ფარგლებს გარეთაც გავრცელდა, რამაც ნავთობის ფასების ზრდას შეუწყო ხელი.