უპრეცედენტო შემთხვევა – ორმაგი მოქალაქეობის მქონე ოსმან მჟავანაძემ ისტორიული გვარი აღიდგინა
By

უპრეცედენტო შემთხვევა – ორმაგი მოქალაქეობის მქონე ოსმან მჟავანაძემ ისტორიული გვარი აღიდგინა

უპრეცედენტო შემთხვევა თურქეთში – წარმოშობით ქართველმა, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, თურქეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქანმა საკუთარი ისტორიული გვარი, მჟავანაძე, თურქეთში ოფიციალურად აღიდგინა. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს: „ძვირფასო მეგობრებო, ძმებო და დებო, მინდა თქვენთვის უმნიშვნელოვანესი და ემოციური ამბავი გაგიზიაროთ.

როგორც იცით, თურქეთის რესპუბლიკაში წარმატებით დავიბრუნე ჩემი ისტორიული გვარი – მჟავანაძე. ეს განსაკუთრებული მნიშვნელობის ამბავია, რადგან წარმოადგენს პრეცედენტს, როდესაც ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირმა შეძლო ისტორიული გვარის აღდგენა.

გულწრფელ მადლობას ვუხდი თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას, რომ ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა მომცა. მადლობას ვუხდი, ასევე, საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომელმაც თურქეთის ოფიციალური დოკუმენტები აღიარა და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს, საბოლოო დადასტურებით, უკვე სამშობლოშიც ოფიციალურად მომეცა შესაძლებლობა, ჩემი წინაპრების გვარი, მჟავანაძე, კვლავ სიამაყით ვატარო. ეს ჩემთვის მხოლოდ გვარის შეცვლა არ არის, ეს არის ჩემი ფესვების, იდენტობისა და ისტორიის პატივისცემა.

პირველი ადამიანი ვარ, რომელმაც ისტორიული გვარი დავიბრუნე თურქეთის რესპუბლიკაში. მეხუთე თაობა ვარ და საქართველოშიც მჟავანაძე ვარ. ამით გზა გავუხსენი ქართველებს, რომლებსაც გვარის დაბრუნება სურთ“, – წერს ოსმან მჟავანაძე.

აღსანიშნავია, რომ თურქეთში გვარების გამოყენებას 1934 წლის ,,გვარის კანონი“ არეგულირებს. კანონის მიღებამდე ქვეყანაში, თანამედროვე გაგებით, ოფიციალური მემკვიდრეობითი გვარების სისტემა არ არსებობდა. 1934 წელს ყველა მოქალაქეს გვარის მიღება დაევალა, თუმცა კანონმა გარკვეული შეზღუდვებიც დააწესა. მათ შორის, აკრძალული იყო უცხო რასებთან, ერებთან და ტომებთან დაკავშირებული გვარების გამოყენება. სწორედ ამ ისტორიულმა და სამართლებრივმა შეზღუდვებმა არაერთი ეთნიკური ჯგუფის, მათ შორის ქართველების, წინაპრების ისტორიული გვარების ოფიციალურად შენარჩუნება ან აღდგენა გაართულა.

სხვადასხვა მონაცემებით, თურქეთის ტერიტორიაზე, დაახლოებით, სამ მილიონამდე ეთნიკური ქართველი ცხოვრობს.

– მეხუთე თაობა ვართ, ვინც თურქეთში ცხოვრობს და სხვა გვარს ვატარებთ. ისტორიული გვარის დაბრუნება ჩემი ვალდებულება იყო. ეს ოცნება ბაბუას ავუსრულე, როგორც ჩემს ყველა წინაპარს. როგორც მე გავხდი მჟავანაძე, ასევე ჩემმა ოჯახის წევრებმაც გვარი ავტომატურად დაიბრუნეს. პირველად ამ საკითხთან დაკავშირებით თურქეთის რესპუბლიკაში 5 წლის წინ შევიტანე განცხადება. სასამართლოს პირველმა ინსტანციამ უარი მითხრა. მერე ავიყვანე ადვოკატი და უზენაეს სასამართლოში, ანკარაში შევიტანე საბუთები. მოვაგროვე არგუმენტები, რომ მე წარმოშობით ქართველი ვარ. გვარის დაბრუნების პრაქტიკა თურქეთში დაშვებულია, მაგრამ ადვილი არ იყო. 4 წლის შემდეგ, დეკემბერში, სასამართლომ გამოიტანა ჩემს სასარგებლოდ განაჩენი და გვარი დამიბრუნა. ახლა მაქვს პირადობაც და ყველა სხვა საბუთი მჟავანაძეზე. მოგეხსენებათ, თურქეთის რესპუბლიკაში გვარს იმხელა მნიშვნელობა არ აქვს, როგორც საქართველოში. აქ გკითხავენ, რა გვარის ხარ, ამით ვლინდება, რომელი კუთხიდან ხარ. თურქეთში კი გეტყვიან: სადაური ხარ, საიდან ხარ? მე ვპასუხობდი: ფაცადან ვარ, იქ ჩემი პატარა ქობულეთია. აქედან ხვდებოდნენ რომ მე გურჯი ვარ, ქართველი. ამით იმის თქმა მინდა, რომ თურქეთში გვარს არ აქცევენ ყურადღებას, ან თურქი ხარ, ან სხვა ქვეყნის შვილი, იქ კუთხურობა არ არის. ჩემთვის კი გვარი ფესვებთან დაბრუნებაა. საბუთები რომ გავაკეთე და ნათარგმნი მივიტანე იუსტიციის სახლში, მითხრეს, რომ ეს საბუთები საქართველოს სასამართლომაც უნდა ცნოს, ჩვენ ასე გვარს ვერ შევცვლითო. ეს ეტაპიც წარმატებით გავიარე და დღეს უკვე ყველა ოფიციალურ საბუთში მჟავანაძე ვარ. წინაპრების გვარით უკვე ვიყავი მეზობელ ქვეყანაში, თურქეთში გადასული, ყველა მილოცავდა და ისეთი ამაყი ვიყავი, სიტყვებით ვერ ავხსნი. წარმოიდგინეთ, ორმაგი მოქალაქე მხოლოდ მე ვარ, რომელმაც გვარი დაიბრუნა. ორმა-სამმა კი დაიბრუნა გვარი, მაგრამ ორმაგი მოქალაქეობა არ ჰქონია. ჩემი გვარის დაბრუნებით ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ოცნება ავისრულე“, – გვითხრა ოსმან მჟავანაძემ.

ხატია იაშვილი

  • No Comments
  • ივლისი 30, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *