თანამედროვე ხელოვნების სივრცესა და ხელოვნების მუზეუმს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ თანამედროვე ხელოვნების სივრცისა და ხელოვნების მუზეუმის ახალი ხელმძღვანელები წარადგინა. თანამედროვე ხელოვნების სივრცის მენეჯერის პოზიციაზე გოგა ანთიძე დაინიშნა, ხოლო ხელოვნების მუზეუმს ლელა ცხოიძე უხელმძღვანელებს.
თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა სამინისტროს სამომავლო ხედვებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ახალი მენეჯერის საქმიანობა ორიენტირებული იქნება თანამედროვე ხელოვნების სივრცის ფუნქციური და შემოქმედებითი პოტენციალის გაძლიერებაზე, ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობაზე სახელოვნებო პროცესებში, დამწყები ხელოვანების მხარდაჭერასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებაზე.
გოგა ანთიძე 2025 წლიდან აჭარის კულტურის სამინისტროში, საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში მუშაობდა. მანამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში საქმიანობდა. მას აქვს კულტურული პროექტებისა და ინიციატივების დაგეგმვისა და განხორციელების, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის გამოცდილება. ასევე, მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო პროექტსა და ფესტივალში.
ამავე დღეს ელისო ბოლქვაძემ ხელოვნების მუზეუმის ხელმძღვანელად ლელა ცხოიძე წარადგინა. თანამშრომლებთან შეხვედრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ მუზეუმის განვითარების შემდეგი ეტაპი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციას, საგამოფენო და საგანმანათლებლო მიმართულებების გაძლიერებას, სამუზეუმო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო პროექტების განხორციელებას.
ლელა ცხოიძე 2025 წლიდან აჭარის კულტურის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტში მუშაობდა. მას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს კულტურული პროექტების მართვის, ღონისძიებების ორგანიზებისა და სახელოვნებო განათლების სფეროში. სხვადასხვა პერიოდში საქმიანობდა როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
მინისტრის განცხადებით, განხორციელებული საკადრო ცვლილებები სამინისტროს სისტემაში შემავალი კულტურული ინსტიტუციების განახლებისა და მათი ინსტიტუციური გაძლიერების პროცესის ნაწილია.
ახალი ხელმძღვანელების წარდგენას კულტურის მინისტრის მოადგილეები ვლადიმერ მგალობლიშვილი და ირმა აბულაძე, ასევე, კულტურის დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.