„ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა 5 აგვისტოს ჩატარდება
,,ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. პარტიის გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ პარტიის ყრილობა 5 აგვისტოს შედგება.
„დელეგატების რაოდენობა დაახლოებით 250-დან 300 კაცამდე განისაზღვრა. ამ დელეგატების მოწვევის წესიც დადგინდა და განისაზღვრა. დელეგატები, როგორც წესი, იქნებიან დედაქალაქიდან, რეგიონებიდან, ცენტრალური ოფისი წარმოადგენს დელეგატების ნაწილს. დაინიშნა საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც ყრილობის ორგანიზებისთვის და ჩატარებისთვის აუცილებელი ფაქტორია. ამ ორგანიზაციის შემადგენლობა შვიდი ადამიანით განისაზღვრა“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ თინა ბოკუჩავას, იგი სხდომას არ დასწრებია, რადგან ქალაქში არ იმყოფებოდა.
„სამწუხაროდ, პოლიტსაბჭოს ყველა წევრი ამ კალენდარული მოცემულობიდან გამომდინარე, ქალაქში არ იმყოფება, ზოგი დისტანციურად ჩაგვერთო. არ იყო შესაძლებელი, თინას დავლოდებოდით. ყრილობა იმართება იმ დროს, როდესაც თინა ქალაქში იქნება. ყრილობის ჩატარების წინამოსამზადებელი საორგანიზაციო ეტაპია პოლიტსაბჭოს სხდომის ჩატარება. ჩვენ ყველას ვერ დავუმიზნებთ ლოგისტიკურ მიზნებს, გადაადგილებებს, ქალაქში ყოფნა-არყოფნას. იმედი გვაქვს, 5 აგვისტოს შემოგვიერთდება“, – აღნიშნა პეტრე ცისკარიშვილმა.