გვარა-ხუცუბნის სანერგე მეურნეობაში ხეხილოვანი კულტურების მყნობის პროცესი დაიწყო
By

გვარა-ხუცუბნის სანერგე მეურნეობაში ხეხილოვანი კულტურების მყნობის პროცესი დაიწყო

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს აგროსერვისცენტრის გვარა-ხუცუბნის სანერგე მეურნეობაში ხეხილოვანი კულტურების მყნობის პროცესი დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს აგროსერვისცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მირზა სუქნიშვილი, დირექტორის მოადგილე ილია დადიანი და პროგრამების ხელმძღვანელი ლაშა მელაძე ადგილზე გაეცნენ.

აგროსერვისცენტრის ქვეპროგრამის „სანერგე და საჩითილე მეურნეობებში ნერგისა და ჩითილის წარმოება“ მიზანია მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების გამრავლება, ადგილობრივ კლიმატურ პირობებზე ადაპტირებული, მაღალხარისხიანი სანერგე მასალის წარმოება და ფერმერებისთვის მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. წელს გვარა-ხუცუბნის სანერგე მეურნეობაში 10 000-მდე ხეხილის ნამყენი დამზადდება. მათ შორის:

ბალი – 1 500 ძირი (ჯიშები: ჭროლა, გოგლა, გეორგია);

ტყემალი – 2 500 ძირი;

ვაშლი – 2 500 ძირი (ჯიშები: რუბინულა, როიალ გალა, გრანი სმითი, ტოპაზი, სინაპი);

მსხალი – 2 500 ძირი (ჯიშები: სანტა მარია, ალექსანდროული).

აგროსერვისცენტრის ინფორმაციით, მყნობის პროცესში მაღალი ხარისხის საძირე და სანერგე მასალა გამოიყენება, რაც ჯანსაღი, სიცოცხლისუნარიანი და მაღალპროდუქტიული ნერგების წარმოების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. აგროსერვისცენტრის მიერ წარმოებული ხეხილის მაღალხარისხიანი ნერგების რეალიზაცია მიმდინარე წლის სექტემბრის მეორე დეკადიდან დაიწყება. ქვეპროგრამა თანამედროვე, კონკურენტუნარიანი და მაღალპროდუქტიული მრავალწლოვანი ბაღების გაშენებას, ფერმერების ხარისხიან სანერგე მასალაზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და რეგიონში მეხილეობის განვითარებას შეუწყობს ხელს.

  • No Comments
  • აგვისტო 4, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *