„ჩემი მიწისქვეშეთი“ – წიგნი, რომელშიც თავმოყრილია სიმართლე, ტკივილი და იმედი
ახლახან გამოიცა პუბლიცისტის, მომსახურების სფეროს ღვაწლმოსილ მუშაკ ომარ შამილიშვილის წიგნი „ჩემი მზისქვეშეთი“, რომლის წინასიტყვაობაში დაწვრილებითაა განმარტებული ამ გამოცემის შექმნის მიზეზი და იდეა. იგი ასე იწყება: „მთელი ცხოვრება სწავლასა და შრომაში გავატარე. ეს არ იყო მხოლოდ ვალდებულება; ეს იყო ჩემი გზა, არჩევანი და დანიშნულება. ჩემი ცხოვრების მიზანი ყოველთვის ერთი იყო – ვყოფილიყავი იქ, სადაც ხალხს უჭირდა, სადაც პრობლემა ჩნდებოდა და მეპოვა გზები მისი გადაჭრისათვის, არ ჰქონდა მნიშვნელობა, მეხებოდა ეს პირადად თუ არა – უსამართლობა და გაჭირვება ჩემთვის საერთო ტკივილი იყო. ამიტომ ვეძებდი გამოსავალს, ვწერდი, ვსაუბრობდი, გაზეთების ფურცლებზე ვახმოვანებდი ადამიანების პრობლემებს, ვთავაზობდი გამოსავალს და დაჟინებით მოვითხოვდი რეაგირებას… და მაშინაც კი, როცა პრობლემა ვერ გვარდებოდა, ხალხი მაინც არ რჩებოდა უიმედოდ, მათ უკვე იცოდნენ, როგორ ებრძოლათ საკუთარი უფლებებისათვის“.
ომარ შამილიშვილი თვლის, რომ წიგნში ,,ჩემი მზისქვეშეთი“ სწორედ ის ტკივილი, სიმართლე და იმედია თავმოყრილი, რომელიც ასე ნაცნობია დღევანდელი საზოგადოებისთვის და მასში მკითხველი არა მხოლოდ პრობლემების აღწერას, არამედ გადაჭრის გზების ძიებასაც იპოვის. „დღეს ჩვენი ქვეყნის ყველაზე მტკივნეული პრობლემა დაცლილი სახლები და დაცარიელებული სოფლებია, ადამიანებია, რომლებიც იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ საკუთარი მიწა, საკუთარი ოჯახები და უცხო ქვეყნებში ეძებნათ ლუკმაპური. ისინი წავიდენ არა უკეთესი ცხოვრების საძიებლად, არამედ გადარჩენისთვის“, – წერს ომარ შამილიშვილი და ეს სავალალო ფაქტი იმ მძიმე შეცდომების შედეგად მიაჩნია, რომლებიც წარსულშია დაშვებული და რომლებიც, მისი აზრით, დანაშაულს უტოლდება ქვეყნისა და ხალხის წინაშე.
ასეთ დანაშაულებად მიაჩნია მას შევარდნაძის მმართველობის პერიოდში მოქალაქეებს საბანკო ანაბრები რომ დააკარგვინეს, ასევე – კოოპერაციის სისტემის განადგურება, – ეს სისტემა, ხომ ათწლეულების განმავლობაში შენდებოდა უბრალო შრომისმოყვარე ადამიანების მიერ. ომარ შამილიშვილი თავის წიგნში ბეჯითად აღწერს, თუ როგორ შენდებოდა ქვეყნის ეკონომიკა:
„ნელა, მაგრამ მყარად, ადამიანური შრომითა და ერთობით. და ერთ დღეს ველაფერი დაინგრა, გაიყიდა, განადგურდა – ქონება, რომელიც ხალხს, კოოპერატორებს, მეპაიეებს ეკუთვნოდათ: უნივერმაღები, რესტორნები, სასადილოები, მაღაზიები, პურის საცხობები, პურკომბინატები, საკონდიტრო საამქროები, ბუფეტები, სამშენებლო და სატრანსპორტო შენობები, საწყობები, სატრანსპორტო კანტორა, რომელიც აჭარკოოპკავშირს, ხალხს ეკუთნოდა“.
ავტორი გულისტკივილით წერს, რომ დაინგრა და გაიყიდა ციტრუსკომბინატები, ქობულეთისა და ხელვაჩაურის ციტრუსის 12შემფუთავ-დამხარისხებელი ქარხანა, სადაც დღე-ღამეში 80-100 ტონა ციტრუსს ახარისხებდნენ, დაიხურა აღნიშნული რაიონების 42 ციტრუსის მიმღები პუნქტი, დაიშალა აჭარკოოპკავშირის ქობულეთის თხილის გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც ათასობით ტონა თხილს არჩევდა და აფასოებდა დღე-ღამეში. მოიპარეს და გაყიდეს თხილის გადამამუშავებელი იაპონური დანადგარ-მოწყობილობა, რომელიც მილიონ ლარზე მეტი ღირდა.

ავტორი საინტერესოდ აღწერს ყველა იმ სიკეთეს, რაც კოოპერაციის სისტემას მოჰქონდა ქვეყნისთვის. ომარ შამილიშვილის აზრით, დღევანდელი გლეხი, რომელსაც ფერმერს ეძახიან, სინამდვილეში პროლეტარია, რადგან საკუთრებიდან შემოსავალი არ გააჩნია. გლეხები ვეღარ აბარებენ თავიანთ საკარმიდამო ნაკვეთზე მოყვანილ ხილს, ჩაის, ციტრუსს, ვეღარ ამზადებენ ბუნებისგან ნაბოძებ მცენარეებს, რომელთაგან უამრავ სასარგებლო პროდუქტს აწარმოებდნენ. ადრე ამ საქმიანობით თავადაც შეძლებულნი იყვნენ და ქვეყნის ბიუჯეტსაც ამდიდრებდნენ.
წიგნში საუბარია იმ პრობლემებზე, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლების შეცდომების შედეგად იწვნია ქართველმა ხალხმა: უმუშევრობაზე , სოფლების დაცარიელებაზე, ემიგრაციაზე, მოსახლეობის ეკონომიკურ სიდუხჭირეზე…
ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აჭარაში ციტრუსის რეალიზაციის პრობლემებს.
„ჩვენივე ხელით გავანადგურეთ ფაბრიკა, ქარხნები, კომბინატები, დამზადების ობიექტები, თითქმის ყველაფერი, რაც კარგი იყო. რამდენი მუშა-მოსამსახურე დარჩა უმუშევარი. დაიშალა და განადგურდა ციტრუსკომბინატები, ციტრუსის დამზადების პავილიონები, ქობულეთისა და ხელვაჩაურის 12 ციტრუსის შემფუთავი პავილიონი, დაიშალა და თურქეთში გაიყიდა დანადგარ-მოწყობილობები. გახსნილი იყო 42 ციტრუსის დამზადების პუნქტი. ყველაფერი გაუქმდა და გაიყიდა, მაშინ, როდესაც აჭარის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის შემოსავალს განაპირობებდა ციტრუსის ბაღები. საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ მოითხოვა საქართველოს კოოპერაციის ხელისუფლებაზე გადაცემა თითქოს იმ პირობით, რომ კოოპერაციას უკეთესად მოუვლიდა და კოოპერატორები ბედნიერად იცხოვრებდნენ. კოოპერაცია იყო კერძო საკუთრება, კოოპერაციის კანონის თანახმად, სახელმწიფო არ ერეოდა კოოპერაციის საქმიანობაში, არ შეეძლო მისი გაუქმება, ამიტომ გვაიძულეს, ჩაგვეტარებინა რიგგარეშე ყრილობა და კოოპერატორის საკუთრება გადაგვეცა სახელმწიფოსათვის. აჭარკოოპკავშირის ყრილობის დადგენილება რომ მიიღო საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ, მეორე დღესვე გააუქმეს საქართველოს კოოპერაცია, მოსახლეობას ჩამოართვეს მისი კერძო საკუთრება და ერთ დღეს საქართველოს მილიონნახევარზე მეტი მოქალაქე გაათავისუფლეს სამუშაოდან, ჩამოართვეს მათი კერძო საკუთრება. მატერიალური ფასეულობებიდან ზოგი გაყიდეს, ზოგი გააჩუქეს, ზოგი დაიტოვეს. სახელმწიფოს გადაეცა კოოპერაციის მიწები, რომლებიც დღეს გამოუყენებელია. კოოპერაციის გაუქმების განკარგულებას ხელს აწერს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი. აჭარის კოოპერაციამ მოინდომა აჭარკოოპკავშირის აღდგენა. შეადგინა კოოპერაციის აღდგენის ოთხი ვარიანტი, მაგრამ უშედეგოდ“, – წერს ომარ შამილიშვილი.
იგი იმედით უყურებს აჭარის დღევანდელ ხელისუფლებას: „როცა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დენის სალუქვაძემ მთავრობას წარუდგინა ანგარიში თავისი მუშაობის შესახებ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძემ გააკეთა განცხადება: „სამინისტროს მიერ გატარებული მუშაობის მიუხედავად, არსებობს გამოწვევები და ხარვეზები, რომლებზეც მოსახლეობა საუბრობს და რასაც ჩვენ ვხედავთ ყველა მიმართულებით. საჭიროა მუშაობის გაძლიერება იქ, სადაც პრობლემები განსაკუთრებით მწვავედ დგას. მნიშვნელოვანია სწორი დაბალანსება და საკითხების საფუძვლიანი გადაფასება. მიმდინარე წელს აუცილებელია ისეთი პროექტის შემუშავება, რომელიც ორიენტირებული იქნება როგორც ინდივიდუალურ, ისე ფართო სისტემურ მხარდაჭერაზე სოფლის მეურნეობის სფეროში, განსაკუთრებით ფერმერების გაძლიერებაზე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ჩვენი რეგიონის ტრადიციულ დარგებს, მათ შორის მეციტრუსეობას. როგორც ვიცით, რეგიონში 22 000-ზე მეტ ოჯახს აქვს ციტრუსის მეურნეობა. ამიტომ ამ მიმართულების მხარდაჭერა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ციტრუსი მალფუჭადი პროდუქტია, საჭიროებს სწრაფ რეალიზაციას, ლოგისტიკურ მხარდაჭერას და სუბსიდირების ეფექტიანი მექანიზმისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას, რაც ჩვენი მოსახლეობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია“. ბატონი ცოტნეს ამ განცხადებას აჭარის მეციტრუსეები დიდი იმედით და სიხარულით შეხვდნენ. მათ ხომ უკანასკნელ წლებში არცერთი კაპიკი არ მოუგიათ ციტრუსიდან“, – გვიზიარებს თავის გულისტკივილს ომარ შამილიშვილი.
წიგნში ,,ჩემი მზისქვეშეთი“, ასევე, დიდი ყურადღება ეთმობა ბათუმის განვითარებისა და ზღისპირა პარკის გაშენების ისტორიას.
ავტორი წიგნს ოპტიმისტურ ნოტზე ასრულებს: „მოგვარდება ციტრუსის საკითხი, თუ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო გააფორმებს საქართველოს მეზობელ მეგობარ ქვეყნებთან – აზერიბაიჯანთან და სომხეთთან ციტრუსის რეალიზაციის ხელშეკრულებას.
უნდა აღდგეს სამკურნალო მცენარეების დამზადება რეალიზაცია, ასევე – თუ აღდგება წარმოება, თუ ამუშავდება ჩაის ქარხნები და ციტრუსის კომბინატები, თუ ადამიანს ექნება გარანტია, რომ მისი შრომა დაფასდება, ის დაბრუნდება საკუთარ მიწაზე, საკუთარ სახლში, საკუთარ ფესვებთან.
საქართველო ყოველთვის იყო შრომის და მიწის სიყვარულის ქვეყანა და ეს სული ჯერ კიდევ ცოცხალია. მჯერა, რომ შესაძლებელია ადამიანების დაბრუნება, სოფლების გაცოცხლება და ქვეყნის გაძლიერება. წიგნი „ჩემი მზისქვეშეთი“ სწორედ ამ რწმენის გამოხატულებაა, იგი გზის მაჩვენებელი შუქურაა, რომელიც მიანიშნებს, როგორ შეიძლება დავიბრუნო საკუთარი ქვეყანა და საკუთარი ღირსება“.
მანანა ტაკიძე