„სხვა სამყარო“ – გიორგი მჟავანაძის პერსონალური გამოფენა თანამედროვე ხელოვნების სივრცეში
By

„სხვა სამყარო“ – გიორგი მჟავანაძის პერსონალური გამოფენა თანამედროვე ხელოვნების სივრცეში

თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გიორგი მჟავანაძის პერსონალური გამოფენა „სხვა სამყარო“ გაიხსნა. ექსპოზიცია მხატვრის შემოქმედებით ხედვასა და თანამედროვე ხელოვნების მრავალფეროვან ფორმებს აერთიანებს, სადაც ავტორი საკუთარ სამყაროს, განცდებსა და წარმოსახვას ფერწერის ენით გადმოსცემს. მხატვრულ სივრცეში ფერი, ფორმა და ემოცია ერთმანეთთან ახალ დიალოგს ქმნის.
გიორგი მჟავანაძის პერსონალური გამოფენის დათვალიერება მსურველებს 22 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ. გამოფენის მხარდამჭერია აჭარის კულტურის სამინისტრო.
– გიორგი მჟავანაძის პერსონალური გამოფენა „სხვა სამყარო“ თანამედროვე ხელოვნების სივრცეში 15 აგვისტოს გაიხსნა, სადაც ავტორის 12 ნამუშევარია წარმოდგენილი. გიორგის მხატვრობა ძალიან ინდივიდუალური და ადვილად ამოსაცნობია. ის ქმნის ფანტასტიკურ, თითქოს სხვა სამყაროს – გალაქტიკებში არსებულ სივრცეებსა და პერსონაჟებს. მის ნამუშევრებში ხშირად გვხვდება იდუმალი, უსახო ან განზოგადებული ფიგურები, რაც დამთვალიერებელს უფლებას აძლევს, თავად გააგრძელოს სურათის ისტორია და საკუთარი ინტერპრეტაცია შექმნას. ვფიქრობ, სწორედ ამიტომაც შეესაბამება გამოფენას სათაური „სხვა სამყარო“. მისი ფერწერა რეალობისგან განსხვავებულ, წარმოსახვით სივრცეში გვამოგზაურებს.

თანამედროვე ხელოვნების სივრცესთან ეს გიორგი მჟავანაძის პირველი თანამშრომლობაა, თუმცა მისი შემოქმედება ჩვენთვის მანამდეც საინტერესო იყო და გვინდოდა, ბათუმელ დამთვალიერებელს მის განსხვავებულ მხატვრულ სამყაროსთან უფრო ახლოს გაცნობის შესაძლებლობა ჰქონოდა. გახსნამ ძალიან სასიამოვნო და საინტერესო გარემოში ჩაიარა. გვყავდა ბევრი დამთვალიერებელი და განსაკუთრებით საინტერესო იყო მათ რეაქციებზე დაკვირვება. სტუმრები დიდხანს ჩერდებოდნენ კონკრეტულ ნამუშევრებთან, განიხილავდნენ პერსონაჟებსა და სიუჟეტებს და საკუთარ ინტერპრეტაციებს გვიზიარებდნენ. ვფიქრობ, სწორედ ასეთი დიალოგის წარმოქმნა არის თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი მთავარი ღირებულება. ჩემთვის ამ გამოფენის მთავარი ხიბლი ის არის, რომ ავტორი არაფერს გვკარნახობს. თითოეული ნამუშევარი თითქოს დაწყებული ამბავია, რომლის გაგრძელებაც დამთვალიერებელზეა დამოკიდებული. გიორგის მიერ შექმნილი სამყარო, ერთი მხრივ, უცხო და ფანტასტიკურია, მაგრამ, მეორე მხრივ, მის პერსონაჟებში ადამიანური ემოციებიც ძალიან მკაფიოდ იგრძნობა. სწორედ ეს კონტრასტი ტოვებს ყველაზე ძლიერ შთაბეჭდილებას, – გვითხრა თანამედროვე ხელოვნების სივრცის პიარმენეჯერმა ელენე კურტანიძემ.

– გამოფენაზე წარმოდგენილი მაქვს სიურეალისტური მიმდინარეობის ნახატები, თემატიკაა „სხვა სამყარო“, ანუ სხვა პლანეტაზე მცხოვრები ადამიანები შორეული გალაქტიკიდან. ძალიან შთამბეჭდავი გახსნა იყო, ხალხი გაოცებული შესცქეროდა ნახატებს, რაც სასიხარულოა. ერთმა ქალბატონმა, რომელიც პედაგოგი ყოფილა, თავისებურად ახსნა რაღაცები, მიყვებოდა, როგორ ამოიცნო ნამუშევრებში ასახული ხალხი, ბოლოს ცრემლიც კი წამოუვიდა, მეც, ცხადია, მადლობა გადავუხადე ასეთი დაფასებისთვის. ნახატებზე ცქერისას ყველას სახეზე ამოვიკითხე, რომ თითქოს გალაქტიკის უსასრულობაში მოგზაურობდნენ. წარმოდგენილი მქონდა ტილოზე ზეთოვანი საღებავით შესრულებული 12 ნამუშევარი. სიურეალიზმი საკმაოდ რთული ჟანრია, მოგეხსენებათ, პორტრეტებზე მუშაობას თავისი კანონები აქვს, აქ კი სხვა სამყაროს უცხო ბინადრებს თავისებური მუშაობა სჭირდება. პერსონალური და ჯგუფური გამოფენების ჩათვლით, რომელთაგან 2 პარიზში, ლუვრის შენობაში გავმართე, ეს ჩემი რიგით მე-6 გამოფენაა. გალერეის თანამშრომლებმა ძალიან დიდი მხარდაჭერა გამომიცხადეს, თავისი მაქსიმუმი გააკეთეს, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი. ასევე, მადლობა აჭარის კულტურის სამინისტროს – მხარდაჭერისთვის.
სამომავლოდ, რა თქმა უნდა, ვგეგმავ ჩემი ნამუშევრების უცხოეთში გატანას და პერსონალური გამოფენების მოწყობას, – გვითხრა მხატვარმა გიორგი მჟავანაძემ.

მარიამ ხითარიშვილი

  • No Comments
  • აგვისტო 18, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *