„სიცოცხლის მოყვარე ბალახად ჩამთვალეთ და ნუ გამთელავთ“…
By

„სიცოცხლის მოყვარე ბალახად ჩამთვალეთ და ნუ გამთელავთ“…

მალე დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდება პოეტს, ესეისტ თემურ თურმანიძეს. იგი შუახევის რაიონის სოფელ ტბეთიდანაა. ლექსების ერთ კრებულსაც ასე დაარქვა: – „ტბეთი ჩემი სოფელია“. მრავალ განსაცდელსა და ჭირ-ვარამგამოვლილ სოფელს ხოტბას არც მომდევნო წიგნებში აკლებს.

„სიყვარული და ბედნიერება“- ასე დაასათაურა პოეტმა ლექსების კრებული, რომლის თანაავტორი მისი მეუღლე გულნარა ბზიკაძეა.

2010 წელს გამომცემლობა „ალიონმა“ გამოსცა თემურის ლექსების კრებული ერთობ უჩვეულო სახელწოდებით: „დღემდე უთქმელი მადლობა ანუ ჩემი გულის ლოცვანი“. წიგნში შეტანილი ლექსებით ავტორმა საზოგადოებას აუწყა, რომ თვითონ და მთელი ოჯახი წინაპრების ძირძველ მრწამს – მართლმადიდებლობას დაუბრუნდა.

წიგნი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს მიუძღვნა. მკითხველს შესავალშივე აფრთხილებს: „წიგნში შეტანილი ხატებისა და ლოცვების გამო, გთხოვთ, გაუფრთხილეთ მას!“.

მკითხველის ყურადღებას უდავოდ მიიპყრობს ლექსი „სულის საზრდოა ბიბლია“:

რწმენა მომწყურდა, მომშივდა

და დავეწაფე ბიბლიას,

სახარებასა და ფსალმუნებს,

იქ სიბრძნის წყარო დიდია.

რწმენა სიყვარულს მასწავლის,

ის გადარჩენის ხიდია,

ლოცვა მომწყურდა, მომინდა,

სულის საზრდოა ბიბლია“.

ეს წიგნი 15 წლით ადრე გამოცემული ლექსების კრებულის „უფლისციხესთან მიმეჩქარება“ თემატური გაგრძელებაა. პროფესიით პედაგოგმა, სპეციალობით მათემატიკოსმა, პოეზიასთან ერთად, სხვა ჟანრშიც სცადა ბედი. წიგნში შეტანილია მისი მხატვრულ-პუბლიცისტური წერილები, ჩანახატები, სადღეგრძელოები, რომელიც ხშირად იბეჭდებოდა პერიოდულ პრესაში და თავისი შინაარსითა და მხატვრული ღირებულებით ფართო საზოგადოების ყურადღებას იქცევდა. თავიდანვე ჩანდა, რომ თემურ თურმანიძე, ცხოვრების ღრმა და რთულ ნიუანსებში ფრიად ჩახედული პიროვნება, მარტო ლექსების კრებულებზე არ გაჩერდებოდა. ცდილობს, მრავალი მნიშვნელოვანი ჩანაფიქრი სამზეოზე გამოიტანოს. თაროებს შეემატა მისი ავტორობით გამოცემული წიგნები: „სწავლა-აღზრდისა და სწავლების შესახებ“, „ქართული სუფრა, თამადა და სადღეგრძელოები“.

გამორჩეულ ყურადღებას იმსახურებს წიგნი „გონების ნაჭირნახულევი“, რომელშიც შეტანილია ჩანახატები, ესეები, ეტიუდები, სენტენციები, ანდაზები, აფორიზმები. მათთან შეზავებული პირადი განცდები ავტორის მრავალწლიანი შემოქმედებითი საქმიანობის ერთგვარი შეჯამებაა.

თემურის ბავშვობა იმ წლებს უკავშირდება, როცა ტბეთში სიცოცხლე ჩქეფდა. სოფელი ინახავდა სიბრძნეს, ბადებდა სიახლეებს. ტბეთელთაგან თემურმა პირველმა შეძლო წიგნად აეკინძა ის სიბრძნე, სახალისო ამბები, რომლითაც ყველა ქართული სოფელია მდიდარი და მათ შორის ტბეთიც.

წიგნის შესავალში ავტორის მოკრძალებული ბუნება რამდენიმე წინადადებაში ჩანს: „სუსტ, მწვანე, სიცოცხლის მოყვარე ბალახად ჩამთვალეთ და ნუ გამთელავთ, იქნებ მოვძლიერდე და თქვენი გემოვნებაც დავაკმაყოფილო. ისე, კითხვა და შენიშვნები უფრო იოლია, ვიდრე წერა. მე წერამ ამიტაცა და ვწერ. ნეტავ, თქვენ კითხვამ გაგიტაცოთ და ბოლომდე წაკითხვა მოახერხოთ“.

მთის, მთიელთა ადათ-წესების მოყვარულ შემოქმედს, წლები ვერ აშინებს. იმედია, კიდევ ახალი ნაწარმოებებით გაგვახარებს.

ოთარ ცინარიძე

 

 

 

  • No Comments
  • აგვისტო 19, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *