გია ვოლსკიმ ირაკლი ღარიბაშვილის წერილი შეაფასა
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილის წერილს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამით ყოფილ პრემიერ-მინისტრს თავდაცვის მიზნით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დაზიანება სურს.
„ალბათ, ამას ორი მიზეზი აქვს – ერთი, რომ თავი დაიცვას და პოლიტიკური ქოლგის ქვეშ აღმოჩნდეს. მეორე – რაც შეიძლება მეტი ზარალი მიაყენო იმ ხელისუფლებას, რომლის ლიდერი ერთი პერიოდი თავად იყავი, მაგრამ დღეს, სააშკარაოზე გამოგიყვანა, როგორც დამნაშავე“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
ვოლსკის თქმით, არ არის გამორიცხული, ირაკლი ღარიბაშვილი შეცდომაში იყოს შეყვანილი.
„შეიძლება, ვიღაც ჰპირდება, რომ თავის ბრძოლას ამ მიმართულებით თუ გააგრძელებს, ეს ქვეყანაში რევოლუციური პროცესის განვითარებას დაეხმარება და აქედან რაღაც დივიდენდს მიიღებს – თავისუფლებას ჰპოვებს და იმ დანაშაულს დაივიწყებენ, რომელიც რეალურად, ჩადენილი აქვს. ვუშვებ, რომ ვიღაცამ დაარწმუნა, ეს გზა შეიძლება, მისთვის სტრატეგიულად იყოს გამართლებული. შეიძლება, „ჭკვიანმა ადამიანმა“, თუნდაც თავისმა ადვოკატმა, მრჩეველმა მისცა ასეთი მოსაზრება, რომ „დაუპირისპირდი, ჩაერთე რევოლუციურ პროცესში ამ განცხადებებით, შექმენი კონსპირაციის შავი სურათი, რომ ვიღაცამ თავი ჩამოიხრჩო, დანაშაულები ხდება“, თითქოს, თვითონ არაფერი ჩაუდენია. ნათელია, რომ ადამიანი იმ მეთოდით იბრძვის, რომელიც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ აქვს. ბიძინა ივანიშვილისთვის ღარიბაშვილი უცხო არ იყო, მეც მისგან გავიცანი, 2011 წელს. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ემოციურად ყველაზე რთულად გადასატანი მაინც ბიძინა ივანიშვილისთვისაა, ვიდრე ნებისმიერი ჩვენგანისთვის. ვფიქრობ, გარკვეულ ტრენდში უნდა ჩაჯდეს, რომელიც ოპოზიციას რევოლუციისკენ მიაქანებს და უნდა, ამაში თავისი წვლილი შეიტანოს, რათა რევოლუციის შემდეგ, იქნებ, რაღაც დივიდენდი მიიღოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ისიც დასძინა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს უკანონო გზით, საკმაოდ სერიოზული ფინანსური რესურსი ჰქონდა დაგროვილი.
„გადაღებულია ქონება, რომელიც შენახული იყო – ოქროს ზოდებიდან დაწყებული, საათებით დასრულებული, საკმაოდ სერიოზული ფინანსური რესურსი ჰქონდა დაგროვილი უკანონო გზით. ეს თავად აღიარა, სამწუხაროა, ემპათია არსებობს. მისმა გუნდმა ამით რეპუტაციული ზიანი განიცადა, მაგრამ ყველანი მორალურად მართლები უნდა ვიყოთ. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რაც აღიარა, დიდი დანაშაულია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.