ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას – BS-CAPLES 2026 მასპინძლობს
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფიზიკის, ლაზერული ტექნოლოგიებისა და ინტელექტუალური გარემოსდაცვითი სისტემების საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას – BS-CAPLES 2026 მასპინძლობს. სამდღიანი ფორუმი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან მეცნიერებს, ახალგაზრდა მკვლევრებსა და დოქტორანტებს აერთიანებს და თანამედროვე მეცნიერების მნიშვნელოვან მიმართულებებზე გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების შესაძლებლობას ქმნის.
კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები თანამედროვე ფიზიკის, ლაზერული ტექნოლოგიების, პლაზმის ფიზიკის, ფოტონიკის, ოპტიკის, სპექტროსკოპიის, მაღალი ენერგიების ფიზიკის, კვანტური მასალების, გარემოს მონიტორინგისა და ინტელექტუალური გარემოსდაცვითი სისტემების უახლეს მიღწევებს განიხილავენ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფუნდამენტური კვლევების პრაქტიკულ გამოყენებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა გარემოს დაცვა, ენერგეტიკა, ბიოსამედიცინო ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი და ციფრული მონიტორინგის სისტემები.
კონფერენციის მთავარი თემებია: თანამედროვე ფიზიკა, ლაზერული ტექნოლოგიები, პლაზმის ფიზიკა, ფოტონიკა, ოპტიკა, სპექტროსკოპია, მაღალი ენერგიების ფიზიკა, კვანტური მასალები, გარემოს მონიტორინგი და ინტელექტუალური გარემოსდაცვითი სისტემები.
საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობენ მეცნიერები საქართველოდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან, იაპონიიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. კონფერენცია სხვადასხვა ქვეყნის მკვლევრებს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებასა და ახალი კვლევითი შესაძლებლობების შექმნას ემსახურება.
BS-CAPLES 2026 ორგანიზებულია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია Interreg NEXT Black Sea Basin Programme, რომლის ფარგლებში მიმდინარე საერთაშორისო პროექტებიც წარმოდგენილი იქნება სპეციალურ სესიებზე.
კონფერენცია გახსნეს და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ბსუ-ის რექტორმა ტიტე აროშიძემ, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანმა ლელა თურმანიძემ, ბსუ-ის პროფესორმა ნუგზარ ღომიძემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა პაატა კერვალიშვილმა და ჰანოვერის ლაიბნიცის უნივერსიტეტის პროფესორმა ბორის ჩიჩკოვმა.