ირაკლი კობახიძე სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა არპინე სარგსიანმა.
სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სამართალდამცავ სფეროში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ პარტნიორობის შემდგომი განვითარებისთვის მყარ საფუძველს ქმნის საქართველოსა და სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის გაფორმებული შეთანხმება დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. ასევე, ხაზი გაესვა საქართველოსა და სომხეთის სამართალდამცავი უწყებების მიერ წარმატებით განხორციელებულ ერთობლივ ოპერაციებს, მათ შორის, ნარკოდანაშაულისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.
საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობებს.