აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა. მას საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
ახლად დანიშნულ ელჩს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
გიორგი ზაქარაშვილს აქვს დიპლომატიური საქმიანობის გამოცდილება: 2021 წლიდან ახალ დანიშვნამდე – უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და სუამ-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი; 2016–2019 წლებში – რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი; 2012–2016 წლებში – უკრაინაში საქართველოს საელჩოსა და სუამ-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი.
სხვადასხვა დროს გიორგი ზაქარაშვილს ასევე ეკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების სამმართველოს უფროსის თანამდებობები.