სინდიეთში სახალხო დღესასწაული „მაჭახლობა 2026“ გაიმართება
By

სინდიეთში სახალხო დღესასწაული „მაჭახლობა 2026“ გაიმართება

18 სექტემბერს, „ხელვაჩაურის დღეების“ ფარგლებში, მაჭახლის ხეობის სოფელი სინდიეთი სახალხო დღესასწაულ „მაჭახლობა 2026“-ს უმასპინძლებს. ღონისძიება ხეობის მდიდარი კულტურის, ტრადიციებისა და ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

ღონისძიებების პროგრამა მრავალფეროვანია. სადღესასწაულო დღე ტრადიციული ასპარეზობებით გაიხსნება. სტუმრებს საშუალება ექნებათ, თვალი ადევნონ ორთაბრძოლებს ქართულ ჭიდაობაში და გამოავლინონ საუკეთესო მოთამაშეები ნარდში.

სინდიეთში მოსულ სტუმრებს შეეძლებათ დაათვალიერონ და დააგემოვნონ მაჭახლის ხეობის გამორჩეული პროდუქცია, შეიძინონ ტრადიციული ხელნაკეთი ნაწარმი და უშუალოდ გაეცნონ მაჭახელას ეროვნული პარკისა და დაცული ლანდშაფტის საქმიანობას.

საზეიმო პროგრამა „საპატიო მაჭახლელი 2026“-ის წოდების გადაცემის ცერემონიით დაიწყება, სადაც ხეობის წინაშე დამსახურებულ პირებს დააჯილდოებენ.
კონცერტზე მაყურებლის წინაშე ადგილობრივი ანსამბლები „ათძალი“, „ეპოქა“, „გნოლი“ და მალაყმაძეების საოჯახო ანსამბლი წარდგებიან, ასევე, მოწვეული შემსრულებლები: ბაიარ შაჰინი და ჯგუფი „ბანი“.

ღონისძიება საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება. „მაჭახლობა 2026“ ელოდება ყველას, ვისაც სურს, დაუვიწყარი დღე გაატაროს აჭარის ამ უნიკალურ კუთხეში.

 

  • No Comments
  • სექტემბერი 16, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *