მინისტრმა რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების ანგარიში წარადგინა
აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტში 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების ანგარიში განიხილეს. სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე მარინე გვიანიძე უძღვებოდა, მოხსენებით ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე წარდგა.
მისი განცხადებით, საანგარიშო პერიოდში რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობებმა 426 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც გეგმის 103,8 %-ია და ფაქტობრივად, 10 %-იან ეკონომიკურ და საინვესტიციო ზრდაზე მიუთითებს. ამასთან, შარშანდელ ანალოგიურ მაჩვენებელს 20 %-ით აჭარბებს. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ორი კვარტლის შემოსავლების უდიდესი ნაწილი, საერთო შემოსავლების – 98,1% მოდის გადასახადებზე, რომელიც მოიცავს მხოლოდ საშემოსავლო გადასახადს. 118,6 პროცენტითაა შესრულებული სხვა შემოსავლების გეგმა. რაც შეეხება გადასახდელების გეგმას, აქ მაჩვენებელი 69,6 %-ს შეადგენს.
ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრების წარდგენის პარალელურად, მომხსენებელმა, მხარჯავი დაწესებულებების ბიუჯეტების შესრულების მონაცემებზე ისაუბრა.
ანგარიშის თანახმად, ბიუჯეტის შესრულების მაღალი მაჩვენებლებით აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გამოირჩევა – საანგარიშო პერიოდში უწყების ბიუჯეტი 95,1 %-ით შესრულდა. გეგმის 78,1 %-იანი შესრულება აქვს განათლებისა და სპორტის სამინისტროს, 80,9 % – კულტურის სამინისტროს, 72,3 %- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ხოლო 56,6 %-ით შესრულდა ორ კვარტალში სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი.
მომხსენებლის განცხადებით, პროგნოზები ყველა მიმართულებით პოზიტიურია, მზარდი დინამიკით გამოირჩევა და წლის ბოლომდე ყველა უწყება დასახულ ამოცანებს შეასრულებს.
კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს საკითხზე შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.