ევროკავშირი 2027 წლის ბოლომდე რუსულ გაზზე დამოკიდებულების სრულად შეწყვეტას გეგმავს
ევროკავშირი რუსულ გაზზე დამოკიდებულების სრულად გაუქმების გეგმაზე უარს არ იტყვის და 2027 წლის ბოლომდე რუსული გაზის მოხმარების შეწყვეტას აპირებს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სტრასბურგში, ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ოთხი წლის წინ ევროკავშირის მიერ იმპორტირებული გაზის 45% რუსეთიდან მოდიოდა, რასაც მოსკოვი ევროპაზე ზეწოლისა და შანტაჟისთვის იყენებდა.
„ევროპა ერთიანი დარჩა და ამ სიტუაციიდან უფრო ძლიერი გამოვიდა“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ფონ დერ ლაიენის განცხადებით, მას შემდეგ რუსული გაზის წილი ევროკავშირის იმპორტში მნიშვნელოვნად შემცირდა და 45%-დან 12%-მდე ჩამოვიდა. მისივე თქმით, მომავალი წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი ნულს გაუტოლდება.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი რუსული გაზის მოხმარების სრულად შეწყვეტის გეგმების განხორციელებას გააგრძელებს.
ცნობისთვის, 2027 წლის პირველი იანვრიდან ევროკავშირში რუსული გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტი მთლიანად აიკრძალება. ამასთან, სანქციების 21-ე პაკეტის მიღების შემდეგ, მესამე ქვეყნებისთვის გაზის მიწოდებაზე ძველი კონტრაქტების საფუძველზე დროებითი გამონაკლისი შენარჩუნდა.