მასახიობი, რომელმაც ქართულ კინოსა და თეატრში თავისი დიდი სიტყვა თქვა
„სოფიკო-90“
ჩვენმა ქალაქმა საქართველოს სახალხო არტისტის სოფიკო ჭიაურელის 90 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს უმასპინძლა, რომელიც ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა. საღამოს იდეის ავტორი და მხარდამჭერი აჭარის კულტურის სამინისტრო, პირადად მინისტრი ელისო ბოლქვაძე გახლდათ.
ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლეებთან ერთად, საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, საქართველოს პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოს, ბათუმის საკრებულოს წევრები, მოწვეული სტუმრები და სოფიკო ჭიაურელის შემოქმედების თაყვანისმცემლები ესწრებოდნენ.
პროექტი მიზნად ისახავს ქართული კულტურული მემკვიდრეობის, ეროვნული თეატრისა და კინოს გამორჩეული წარმომადგენლების შემოქმედებითი მოღვაწეობის წარმოჩენასა და პოპულარიზაციას, ასევე მათი ღვაწლის ახალი თაობებისთვის გაცნობას.

ღონისძიებაში ქართული სცენის ცნობილი ოსტატები და მუსიკოსები მონაწილეობდნენ, რომელთა შორის იყვნენ – მომღერლები: თამარ გვერდწითელი, ჯემალ სეფიაშვილი, ეკა მამალაძე, ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, დავით გომართელი, სოფო ხალვაში, ანსამბლი „ალილო“, ქორეოგრაფიული ანსამბლები: „რუსთავი“, „არსიანი“, მსახიობები: ზურა ყიფშიძე, სოფო გორელაშვილი, კესო დვალიშვილი, საღამოს რეჟისორი კი რობერტ სტურუა გახლდათ, ხოლო
მუსიკალურად დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით კამერულმა ორკესტრმა და ბენდმა გააფორმა .
ლეგენდარული მსახიობის ვაჟის ნიკუშა შენგელაიას მიერ ორგანიზებულ საღამოს თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა, რომელმაც მაყურებელს სოფიკო ჭიაურელის ცხოვრებისა და შემოქმედებითი მოღვაწეობის შესახებ საინტერესო და გამორჩეული, ფართო საზოგადოებისთვის უცნობი ისტორიები გააცნო.
ღონისძიების ფარგლებში, თეატრის ფოიეში ექსკლუზიური ექსპოზიცია მოეწყო, სადაც მსახიობის შემოქმედებითი ცხოვრების ამსახველი იშვიათი საარქივო ფოტოები იყო წარმოდგენილი.
საღამოზე, მუსიკალურ ნომრებს შორის სოფიკო ჭიაურელის შემოქმედებითი გზისა და ცხოვრების შესახებ საინტერესო ისტორიები კინოკადრებითა და სპექტაკლებიდან ფრაგმენტებით ეკრანიდან წარმოგვიდგინეს. შეიძლება ითქვას, იმ საღამოს სოფიკო ჩვენთან ერთად იყო, თავის დიდ და მრავალმხრივ შემოქმედებას კიდევ ერთხელ გვაზიარებდა.

– დღევანდელ დღეს სითბოთი და სიყვარულით, დარდით, სევდით და მაინც იმედით გავიხსენებ. სოფიკოს საღამოს ჩატარების იდეა აჭარის კულტურის მინისტრ ელისო ბოლქვაძეს ეკუთვნის. მე სიამოვნებით ჩავერთე. 27 ოქტომბერს სოფიკო 90-ის გახდებოდა. რა თქმა უნდა, ამ თარიღთან დაკავშირებით თბილისში დიდი საღამო გაიმართება, მაგრამ აქ ყველაფერი სიამოვნებით გავაკეთე, რადგან მეც ძალიან მიყვარს ბათუმი და სოფიკოს ხომ გამორჩეულად უყვარდა. ზღვაზე გიჟდებოდა. ის მისი სტიქია და დასვენების საშუალება გახლდათ. სულ ამბობდა, რომ ზღვა მისი სულიერი სიმშვიდის ერთადერთი ადგილი იყო – „შორს რომ გავცურავ, მე, ზღვა და ცა ერთად ვრჩებით“… იქ იყო მარტო…იმიტომ, რომ ხმელეთზე არ ასვენებდნენ. საღამოს ჩატარებისთვის ირგვლივ საოცარი ხალხი შემოვიკრიბე და მუსიკოსებთან, მომღერლებთან, მსახიობებთან, საოცრად ნიჭიერ ხალხთან ერთად გავაკეთე ეს საღამო და მგონი, გამოგვივიდა, – გვითხრა სოფიკო ჭიაურელის ვაჟმა ნიკუშა შენგელაიამ.
– დიდი პატივია ჩემთვის და ბედნიერი ვარ, რომ წილად მხვდა ასეთი ქალბატონის საღამოზე მემუშავა. ჩვენ მივეჩვიეთ და ბევრ რამეზე, ვინმეზე ვამბობთ – გენიალური, ლეგენდა, ულამაზესი, უმშვენიერესი…. ასეთი ეპითეტები არ გვენანება, მაგრამ დღეს ამ ეკრანზე ზუსტად ის ქალბატონი ჩანდა, რომელიც ამ სიტყვების ღირსი გახლდათ… ესაა გენიალური სოფიკო, რომელსაც გვარის დამატება არ სჭირდება. მიხარია, რომ დღეს ის ბათუმის მაყურებელმა კიდევ ერთხელ იხილა. დარბაზი სავსე იყო… როგორი ემოციური იყო ეს ყველაფერი! სოფიკომ რომ ქართულ კულტურას დაუტოვა, იმ მემკვიდრეობაზე უნდა გვქონდეს სწორება. ეს თხემით ტერფამდე არტისტი ქალბატონი, თავისი საქმისთვის იყო თავდადებული. მან განსახიერებული პერსონაჟების დიდი პალიტრა დაგვიტოვა – მნიშვნელოვანი და ძალიან განსხვავებული როლები, რომლებითაც დღესაც ვტკბებით და ეს დიდი ბედნიერებაა, – აღნიშნა რეჟისორმა, მსახიობმა თიკო კორძაძემ.
– სოფიკო იყო დღესასწაული და სცენაზე დღეს ეს დღესასწაული მეფობდა, მიუხედავად ძალიან პატარა სევდიანი ჩართვებისა, რაც აუცილებელიცაა, იმიტომ, რომ ის ფიზიკურად ჩვენთან აღარაა, მაინც დღევანდელი დღე იყო დღესასწაული – ნიჭიერების, სიკეთის, სიყვარულის ზეიმი და ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა, რომ გავხდი ამ საღამოს ნაწილი. ღვთის საჩუქარია, რომ მქონდა თუნდაც ორი წუთით სცენაზე მასთან ერთად ყოფნის ბედნიერება. ასეთი ადამიანები, რომლებიც ეროვნულ ცნობიერებას ამდიდრებენ, სამყაროს აკლია და მიხარია, რომ სოფიკო იყო ჩვენი, – თქვა მომღერალმა ლიზა ბაგრატიონმა.

– ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, როცა მოდიხარ და უყვები მაყურებლებს ქალზე, რომელიც თავისი უდიდესი შემოქმედებით, დიდი მოღვაწეობით გამოირჩეოდა, მით უმეტეს, რომ ამ ყველაფერს თავს უყრის მისი ვაჟი. ესეც ხომ ძალიან სათუთია – მას როგორ წარმოუდგენია დედა, როგორი იყო სოფიკო თეატრში, კინოში, ყოფაში და საზოგადოდ… ამიტომ მგონია, რომ ამ მხრივ ფრთხილი საღამო იყო, ვეცადეთ, ყველაფერი გვეთქვა ამ არაჩვეულებრივ ქალბატონზე. სოფიკო, თუნდაც იმ ერთი წუთის და 29 წამისთვის არის დიდი არტისტი, როცა „კინტოურს“ განუმეორებლად ცეკვავს… ფარაჯანოვის ფილმებში ხომ მისი სახით საოცარი კინოფრესკებია ნაჩვენები. მიხარია, რომ საღამო შედგა, დარბაზში თვალცრემლიან მაყურებელსაც ვხედავდი. ემოცია რომ გეძალება, ესე იგი, რაღაც მნიშვნელოვანი ხდება, კარგი გამოვიდა… სოფიკო ხომ თავისი არსით იყო მნიშვნელოვანი, – აღნიშნა თეატრმცოდნე და ტელეწამყვანმა ნიკოლოზ წულუკიძემ.