ქობულეთის შემოვლითი გზა ოთხზოლიანი გახდება – აჭარის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
აჭარის რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სატრანზიტო პოტენციალის ათვისება ახალ, მასშტაბურ ფაზაში შედის. ქობულეთის შემოვლითი მაგისტრალური გზის დამატებითი ორი ზოლის მშენებლობის დაფინანსებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისა და ბანკის მისიის წევრებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე შეჯამდა ADB-ის მისიის ფარგლებში განხორციელებული ის საქმიანობა, რომელიც ქობულეთის შემოვლით გზაზე დამატებითი ორი ზოლის მოწყობის დაფინანსების მომზადებას ისახავდა მიზნად. მოსამზადებელი ეტაპის დასრულებისთანავე, პროცესი უშუალოდ დაფინანსების ოფიციალური გაფორმების სტადიაზე გადავა.
„მნიშვნელოვანია, რომ ქობულეთის შემოვლით გზაზე დამატებითი ორი ზოლის მშენებლობის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურ ფაზაში გადადის და უკვე მომავალი წლის ბოლოსთვის სამშენებლო სამუშაოების აქტიურად დაწყებას შევძლებთ. პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების, ისე ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისთვის. ბათუმი-სარფის მაგისტრალის მშენებლობასთან ერთად, ქობულეთის შემოვლით გზაზე დამატებითი ორი ზოლის მოწყობა აჭარაში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას ერთიან სისტემაში მოაქცევს. საბოლოოდ, მივიღებთ ოთხზოლიან მაგისტრალს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონში გადაადგილებას, გაზრდის მობილობას და ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ეფექტიანობას“, – აღნიშნა რევაზ სოხაძემ.
აზიის განვითარების ბანკის მისიის ფარგლებში, საავტომობილო გზების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, დეტალურად განიხილეს პროექტის ტექნიკური და ეკონომიკური პარამეტრები, დაფინანსების პირობები, განხორციელების გრაფიკი და შესყიდვების პროცედურები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დეტალურ საინჟინრო პროექტს, საგზაო უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებს, ხარჯთაღრიცხვას, ფინანსურ მზადყოფნას, ასევე, გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებს. ამასთან, მისიის წარმომადგენლებმა საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან ერთად, უშუალოდ დაათვალიერეს ქობულეთის შემოვლითი გზის საპროექტო ტერიტორია და ადგილზე შეაფასეს სამუშაოების დაწყების მზადყოფნა.
ქობულეთის შემოვლითი მაგისტრალის ოთხზოლიანამდე გაფართოება პირდაპირ პასუხობს რეგიონში გაზრდილ სატრანსპორტო ნაკადებს. პროექტი უზრუნველყოფს გზის გამტარუნარიანობის მნიშვნელოვან ზრდას, მოძრაობის შეუფერხებლობასა და საგზაო უსაფრთხოების ამაღლებას. ეს არის საკვანძო ინიციატივა როგორც აჭარის შიდა სატრანსპორტო კავშირების გასაუმჯობესებლად, ისე მთლიანად აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო დერეფნის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის.
მაღალი დონის შეხვედრას ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე და მოადგილეები – დავით გეწაძე და სალომე წურწუმია. ADB-ის მხრიდან დისკუსიაში მონაწილეობდნენ საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ოპერაციების ხელმძღვანელი ანდერს პეტერსონი, ტრანსპორტის მთავარი სპეციალისტი ნიკოლას დეიკასტელი და ტრანსპორტის სპეციალისტი არუნა ნანაიაკარა.