ბადრი სულაძე: ყველა ჯილდოზე ძვირფასი ერთგული მკითხველის სიყვარულია
By

 ბადრი სულაძე: ყველა ჯილდოზე ძვირფასი ერთგული მკითხველის სიყვარულია

ბადრი სულაძე ცხრა პოეტური კრებულის ავტორია. იგი საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალში „ზე-კართან“ მონაწილეობდა და მასთან ინტერვიუც ფესტივალის მიმდინარეობისას ჩავიწერეთ.

– ბატონო ბადრი, თქვენს შემოქმედებაში რა კვალს ტოვებს საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი „ზე-კართან“?

– ფესტივალი „ზე-კართან“ ქართული სიტყვის მადლთან ზიარებაა, დიალოგია მკითხველსა და ავტორს შორის და შეხსენებაა იმისა, რომ იქ, სადაც ზურმუხტის ფერში გახვეული მთებიც კი სიყვარულით გესაუბრებიან, შენც მხოლოდ სიყვარულის, ანუ პოეზიის ენით უნდა იმეტყველო. ზეცის კარამდე უნდა ამაღლდე სიკეთის ფრთებით, მერე ისევ დედამიწაზე დაბრუნდე მადლცხებული, რათა ათასმეერთედ გასცე და მიიღო ის ენერგია, რაც სიცოცხლეზე შეყვარებულ ადამიანად გაგრძნობინებს თავს, შეხსენებაა იმისა, რომ სამშობლოსთვის ერთგული მსახურება თავის თავში სიხარულსაც ამთლიანებს, სადარდელსაც და სავედრებელსაც. იმ დიდი ტკივილის შეხსენებაც, რომელსაც აჭარის უნაკლო სილამაზე ინახავს, რათა გაგრძნობინოს, რომ აქ სხვაგვარად ძგერს ქართველი კაცის გული, რომ აქ ყველა ფეხის ნაბიჯზე ფეთქავს ქართული ძარღვი. იგი მხოლოდ ლიტერატურული ფესტივალი არაა, იგი გვახსენებს იმ უმთავრეს ღირებულებას, რაზედაც მყარად უნდა იდგეს ადამიანის ეროვნული ცნობიერება – „ენა, მამული, სარწმუნოება“.

– წლევანდელი ფესტივალის დღეებში, გეგელიძეებსა და შუახევში გამართულ პოეზიის საღამოებზე პარალელებს ავლებდით აჭარასა და რაჭას შორის, სადაც თქვენ დაიბადეთ. ეს კავშირი შემოქმედებაში თუ აგისახიათ?

– სოფელ გეგელიძეებში, ფრიდონ და ზაზა ხალვაშების ხელოვნების სივრცეში ყოფნისას, ჩემი ორი წიგნი „რაჭული მოტივები“ და „ძახველის სისხლი“ ვუსახსოვრე ფრიდონ ხალვაშის დისშვილს, ქალბატონ ლეილა კეკელიძეს, რომელმაც ჩემი ლექსების, განსაკუთრებით კი „სეიჰანის“ მოსმენის შემდეგ, თავად გამოთქვა ამის სურვილი. ქედაშიც, ხულოშიც და შუახევში გამართულმა პოეზიის საღამოებმა კიდევ ერთხელ გამიღრმავა ისტორიულად ჩამოყალიბებული ერთიანობის განცდა და მაგრძნობინა ის გენეტიკური უწყვეტობა, რაც ღიმილიანი აჭარლების სიკეთისა და გულღიაობის წყალობით, ყოველივეს ამ კუთხეშიც ისე ახლობელსა და მშობლიურს ხდის ჩემთვის, როგორც – რაჭაში… ამ ემოციური კავშირის ძლიერი მუხტი მუდამ იყო და იქნება ჩემი შემოქმედების ინსპირაციის წყარო.

– თქვენი ლექსები, მინიატურები და ნოველები სხვადასხვა დროს 20-მდე ჟურნალსა და გაზეთში იბეჭდებოდა, მათ შორის ჟურნალ „ჭოროხშიც“. რამ განაპირობა ამ ჟურნალთან თქვენი ურთიერთობა?

– თანამედროვე ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებს შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს ჟურნალ „ჭოროხს“ ბატონ სანდრო ბერიძის თავკაცობით, რომელსაც დიდი წარმატება მინდა ვუსურვო კოლეგებთან ერთად. ბატონ სანდროს შარშან ბათუმში ჩატარებულ საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე „შემოდგომის სერენადა“ შევხვდი აჭარის მწერალთა სახლში. მაშინ გამოითქვა აზრი ფესტივალის მონაწილე ავტორთა ნაწარმოებების ჟურნალის ერთ-ერთ ნომერში დაბეჭდვის თაობაზე, რაც დასაფასებელი ნაბიჯია ლიტერატურული თუ მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, ეს კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ეროვნული იდენტობისა თუ ერთიანი სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

– აჭარაში მომუშავე მწერლები და პოეტები გზამკვლევად ფრიდონ ხალვაშს მიიჩნევენ. თქვენ რას იტყვით პოეტზე?

– ფრიდონ ხალვაშის პოეზია გულწრფელი, ბუნებრივი ინტონაციითა და ქართული სულიერებით ყველასთვის ახლობელია, წაკითხვისთანავე გულსა და გუნებაში რომ იმკვიდრებს ადგილს, სულ თან გდევს და არ გასვენებს მისი სულის ამოძახილი: „მითხარ, როგორაა მემლექეთი, ჩემი სანატრელი საქართველო, რამე იმნაირი გამაგონე, გული დაკოდილი გავამრთელო“… როგორ გინდა ამ სიტყვებს ყური არ დაუგდო, ამ სიტყვების მთქმელს არ დაუჯერო, არ მოეფერო და მის გზას არ გაჰყვე, ქართული გულით, ქართული საქმით და შეხმიანებით… მე მიყვარს აჭარელი კაცის სიყვარულით მფეთქავი გულის მიყურადება, მისი სიხარულისა, თუ ტკივილის გათავისება, მით უმეტეს, თუ ეს ემოცია ლექსად ამოთქმულია… ყველას ჩემს სულიერ მეგობრად ვთვლი, ვინც ამ ემოციას უშურველად მაზიარა: ვახტანგ ღლონტს, ბელა ქებურიას, მზია სალვარიძეს, ინგა გოგიბერიძეს, გენრიეტა ქუთათელაძეს, ზურაბ ფირცხალაიშვილს, შორენა დოლიძეს, ნანა შაინიძეს, ქალთამზე-ანა სურმანიძეს, ჟანა ანანიძეს, როის, გენრის, სულხანს…

– წელს გამართული ფესტივალის სიახლე იყო ქართულ და იტალიურ ენებზე გამოცემული წიგნის „პოეტური დიალოგები“ წარდგენა. . .

– მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ სოფიკო ბუკიას მისი შესანიშნავი შემოქმედებისთვის, ხელოვნების მსახურებისთვის, ქველმოქმედებისა და მამულიშვილობისთვის, რომლის იდენტობისა და არსებობის მთავარი ღერძი ქართველობაა. „პოეტური დიალოგების“ იტალიურ ენაზე თარგმნა და გამოცემა მნიშვნელოვანი შენაძენია ზოგადად ლიტერატურული სივრცისთვის, განსაკუთრებით, იტალიელ მკითხველთან დაახლოების თვალსაზრისით, რასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს ევროპასთან ინტეგრირების გზაზე. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და დიდ მადლობას გადავუხდი ფესტივივალის „ზე-კართან“ სულისჩამდგმელს, ბატონ ვახტანგ ბერიძეს, რომელიც ამ წიგნის ქართული ტექსტის რედაქტორი გახლავთ ბატონ გიორგი ხორბალაძესთან ერთად. დიდი მადლობა იტალიური ტექსტის რედაქტორს, ბატონ ალესანდრო რუსოს.

– მრავალი კონკურსის ფინალისტი, გამარჯვებული და პრემიის ლაურეატი ხართ. მათგან თქვენთვის უპირველესი რომელია?

– ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია ქრისტიანული პოეზიის ფესტივალზე 2015 წელს მიღებული წმინდა ნინოს ჯვარი, რომელმაც ერთგვარად განსაზღვრა ჩემი შემოქმედებითი გზა; და მაინც, ყველა ჯილდოზე ძვირფასი ერთგული მკითხველის სიყვარულია.

– ხართ ალექსანდრე ელერდაშვილის მიერ დაარსებული მთარგმნელთა კოლეგიის წევრი. ქართულად რომელი ქვეყნების პოეზიის ნიმუშები თარგმნეთ?

– ბატონი ალექსანდრე ელერდაშვილი იყო ყველა ადამიანური ღირსებით შემკული პიროვნება, უბადლო ირანისტი, მთარგმნელი, ჭეშმარიტი მასწავლებელი. მან მაზიარა თარგმნის სპეციფიკას. მისი ბწკარედების მიხედვით ვთარგმნე ომარ ხაიამის რობაიები, ასევე – თურქი პოეტების: ათაოლ ბეჰრამოღლუს, სენიურ სეზერის, მურადხან მუნგანის, მეჰმედ დოღანის, აჰმედ გუნბაშის. ნათარგმნი მაქვს: ალექსანდრე პუშკინის, მიხეილ ლერმონტოვის, ივანე კრილოვის, სერგეი ესენინის, ალექსანდრე ბლოკის, ნიკოლოზ ზაბოლოცკის, ბელა ახმადულინას, ბულატ ოკუჯავას, ალექსანდრე ტვარდოვსკის, იანკა კუპალას ნაწარმოებები, ჯონ კიტსის ერთი ლექსი და პეტრარკას ორი სონეტი. ცოტა ხნის წინ, ქართულ-ირლანდიური ცენტრის მიერ ჩატარებულ იოანე პეტრიწის სახელობის საერთაშორისო ლიტერატურულ კონკურსის „მხატვრული თარგმანი“ ერთ-ერთი გამარჯვებული გავხდი და ამ წარმატებას ბატონ ალექსანდრეს ხსოვნას ვუძღვნი.

– გარდა იტალიისა, თქვენს ლექსებს უცხოეთის რომელ ქვეყნებში იცნობენ?

– ჩემი ლექსები შესულია ინგლისურენოვან წიგნში „სიყვარულის ხიდი“, (მთარგმნელი – ქალბატონი მზია კვირიკაშვილი – ლოურენსი), ასევე, ქართულ-ირლანდიური ცენტრის მიერ გამოცემულ ქართულ-გერმანულ პოეტურ ანთოლოგიაში (მთარგმნელი – ქალბატონი ნანა შალამბერიძე).

– მრავალმხრივი ურთიერთობები გაკავშირებთ უკრაინასთან, რომელიც დღეს ომშია ჩართული. გრძელდება ეს ურთიერთობები?

– მსურს მშვიდობა ვუსურვო უკრაინელ ხალხს. ომი რომ საშინელებაა, ამას განმარტება არ სჭირდება, მაგრამ ჩემი ემოციური დამოკიდებულება რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ, ლექსებითაც გამოვხატე, რომლებიც უკრაინულად თარგმნა ბატონმა ანატოლი ტკაჩენკომ. ეს ლექსები შესულია პოეტურ კრებულში „ასი ქართველი პოეტი უკრაინას“. ჩემი ბექას მეუღლე – ანა, ჩემი უსაყვარლესი რძალი, კიევიდან გახლავთ და უკრაინაში მიმდინარე პროცესებს ყოველდღიურად ვუსინჯავთ მაჯისცემას.

– რაჭა იყო და რჩება სახელოვანი მწერლების, პოეტების, ხელოვანების ადგილის დედად. რა კავშირები გაქვთ იქ მომუშავე კოლეგებთან?

– გეთანხმებით, რაჭას ყოველთვის ჰყავდა გამორჩეული სიტყვის ოსტატები, ხელოვნების სხვადასხვა სფეროს ბრწყინვალე წარმომადგენლები, რომლებმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს არა მხოლოდ რაჭის, არამედ სრულიად საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, წლების განმავლობაში, წარმატებით ხორციელდება ბაჩანა ბრეგვაძის სახელობის ლიტერატურული კონკურსი „მწიგნობარი“, რომელიც 21-ე საუკუნის უპირობოდ გამორჩეული პროექტია. მისი მასშტაბები უფრო და უფრო ფართოვდება და მსოფლიოში უპრეცედენტო კონკურს-ფესტივალად მკვიდრდება, ღირსეული პიროვნების, პოეტისა და საზოგადო მოღვაწის გურამ გორდეზიანის დიდი ძალისხმევით, რაც თამამად გვაფიქრებინებს, რომ წიგნიერების ბედი რაჭაში მართლაც საიმედო ხელშია. იქ, სადაც ასე ეწაფებიან ცოდნას, მხოლოდ წარმატება და უკეთესი ხვალინდელი დღის მოლოდინია. ონის მუნიციპალიტეტში მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდისა და წიგნიერების დონის ამაღლებას ემსახურება პოეტი ქალბატონი ანა ერისთავი, რომელიც თავისი კუთხის და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტია. მეამაყება, რომ ამ ღირსეული ადამიანების თანამედროვე ვარ და მათი მეგობარი მქვია.

– თქვენი შემოქმედებითი საღამოები არაერთ კუთხეში იმართება. გამონაკლისი არც აჭარაა. ბათუმში გამართული სამი საღამოდან საუკეთესო მოგონებებად რა შემოგრჩათ?

– სანამ ბათუმში ჩემი შემოქმედებითი საღამოები გაიმართებოდა, მანამდე იყო არაჩვეულებრივი ლიტერატურული კონკურსი „ლექსების გამოფენა“, რომლის ფინალისტი სამჯერ გავხდი, ერთხელ გავიმარჯვე კიდეც. არასდროს დამავიწყდება ის ემოცია, სითბო და სიყვარული, რაც ბათუმისგან და ბათუმელებისგან მივიღე. უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო „ლექსების გამოფენის“ სულისჩამდგმელს, პოეტ ზურაბ ფირცხალაიშვილს, რომელიც უღალატო მეგობარია. თბილი და კეთილი სიტყვა შემიძლია ვთქვა ქალბატონ ინგა გოგიბერიძეზე, რომელიც დიდი მონდომებითა და რუდუნებით აკეთებს თავის საქმეს აჭარის და კერძოდ, ბათუმის საგანმანათლებლო თუ კულტურულ სფეროში. მეამაყება, რომ მის მიერ 2016 წელს შედგენილ კრებულში „ლექსები ბათუმს“ ჩემი ლექსიც არის შესული. სწორედ მისი მოწვევით შევხვდი ბათუმელ მკითხველს საჯარო ბიბლიოთეკაში, ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმში და მე – 4 საჯარო სკოლაში. დღემდე მომყვება ამ შეხვედრებიდან მიღებული წარუშლელი შთაბეჭდილებები – ეს იყო ერთი მთლიანი განცდა, რასაც სახელად ბედნიერება ჰქვია.

– საყვარელი ფრაზა, რომელიც თქვენს შემოქმედებას ალამაზებს?

– საყვარელი ფრაზა ბევრია, მაგრამ ერთს მაინც გამოვყოფდი – „ჩუმად ვიწვი სიყვარულის ნელი ცეცხლით, საყდრის კარზე მიგლესილი სანთელივით!..“

– დაბოლოს, ერთი სტროფი იმ ლექსიდან, რომელიც ამ ფესტივალზე დაწერეთ?

– ვისარგებლებ შემთხვევით და თქვენი გაზეთით კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას არაჩვეულებრივი ფესტივალის „ზე-კართან“ დამფუძნებელს, ბატონ ვახტანგ ბერიძეს. მან მეგობრობისა და სიყვარულის ხიდი გადო, რომელზეც მომავალი თაობებიც ამაყად ივლიან მთიანი აჭარიდან დანახული მთლიანი საქართველოს მოსაფერებლად. მე კი ამ სტრიქონებით დაგემშვიდობებით:

ხან თუ ვნისლობ და ხან ვწვიმობ,

 ხან ქარი ხედაც თუ მარხევს, –

 სითბოდ მსურს გავუნაწილო:

 ხულოს, ქედას და შუახევს!…

ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • ოქტომბერი 13, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *