მინისტრმა ფსიქოტროპული მედიკამენტების ბრუნვის კონტროლზე ისაუბრა
By

მინისტრმა ფსიქოტროპული მედიკამენტების ბრუნვის კონტროლზე ისაუბრა

ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ფსიქოტროპული მედიკამენტის 2-კვირიანი მარაგით გამოწერის წესში გარკვეული შეღავათები შევა, თუმცა სრული ლიბერალიზაცია არ მოხდება, რადგან ამ წესმა,  დისკომფორტის მიუხედავად, ქვეყანას უმნიშვნელოვანესი შედეგი მოუტანა, – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო  ავრცელებს.

„ეს დოკუმენტაციაც მომზადებულია და უახლოეს მომავალში  დავამტკიცებთ. იმედია, გარკვეული შეღავათი გაჩნდება, თუმცა ეს ვერ იქნება აბსოლუტური ლიბერალიზაცია ამ მიმართულებით. რაც მთავარია, მნიშვნელოვან სიკეთეს მივაღწიეთ ამ რთული, დისკომფორტული, მაგრამ ძალიან დიდი სიკეთის მომტანი გადაწყვეტილების შედეგად“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრმა ფსიქოტროპული მედიკამენტების ბრუნვის კონტროლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივისა და დაწესებული მკაცრი რეგულაციების შედეგად, ფსიქოტროპული მედიკამენტების ბრუნვა მკაცრ კონტროლს დაექვემდებარა, რამაც კომერციული ინტერესები შეზღუდა.

„დაახლოებით ერთი წლის წინ, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მივიღეთ ფსიქოტროპული მედიკამენტების ბრუნვაზე კონტროლის და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების გადაწყვეტილება. ახლა კომერციული ინტერესი ნაკლებად კარნახობს ვინმეს, რომ მეტი იყოს ამის მოხმარება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, 18 ფსიქოტროპული პრეპარატიდან უმრავლესობაზე ქვეყანაში გადახარჯვა და ნორმაზე ბევრად მაღალი მოხმარება ფიქსირდებოდა, ვიდრე ამას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია განსაზღვრავს. თუმცა, ბოლო თვეების მონაცემებით, მოხმარება დასტაბილურდა და 18-დან 17 მედიკამენტზე მაჩვენებელი ჯანმოს დადგენილ ნორმებს დაუახლოვდა.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 15, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *