„ამ გათვლებით, ძნელია, მხოლოდ საპენსიო ხარჯებზე ისაუბრო…“
By

„ამ გათვლებით, ძნელია, მხოლოდ საპენსიო ხარჯებზე ისაუბრო…“

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში რამდენიმე საკითხის ასახვის შესახებ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზაალ მიქელაძემ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ქვეყნის უმთავრესი ფინანსური დოკუმენტის პროექტი ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.
გაზეთ „აჭარასთან“ ინტერვიუში ბატონმა ზაალმა დეტალურად ისუბრა პენსიების ზრდის პრინციპის სამართლიანობაზე, მარჩენალდაკარგულ ბავშვებზე გასაცემი თანხის მატებასა და რეზიდენტურის დაფინანსების შესაძლებლობებზე. ინტერვიუს ჩაწერის პროცესში, პრემიერ-მინისტრის ბრიფინგიდან ცნობილი გახდა, რომ 70 წლამდე ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 45 ლარით.

– ბატონო ზაალ, კომიტეტის სხდომაზე თქვენ ისაუბრეთ პენსიების ზრდის პრინციპის სამართლიანობაზე, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია საზოგადოებაში. . .

– მოგესალმებით და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს პარლამენტი მუდამ ღიაა ნებისმიერი დისკუსიისთვის. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი მუშაობს ხალხისთვის სასარგებლო პროექტებზე. ჩვენთან წინასწარ შეთანხმებული თემებით არ მიმდინარეობს კომიტეტის სხდომები. მე, როგორც „ხალხის ძალის“ წარმომადგენელს, ყოველთვის მეძლევა ინიციატივების დაფიქსირების, საკუთარი აზრის და შეხედულების გამოხატვის საშუალება. ახლაც გამოვხატე ჩემი აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იწვევს ხმაურს პენსიების ზრდის პოლიტიკა ყოველ წელიწადს. მოდით ვთქვათ, რომ რეალურად, პენსია საქართველოში უფრო სოციალური გასაცემელია და ვერ შეედრება ევროპული სტანდარტებით არსებულ საპენსიო პოლიტიკას. აქ დასავლეთი იმიტომ ვახსენე, რომ სულ ევროპასა და ევროპარლამენტზე ვსაუბრობთ, შედარებასაც ამ მიმართულებით ვაკეთებთ. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მომავალი, სწორედ, იმ ევროპისკენ არის მიმართული, რომელსაც აქვს გამართული სოციალური, ჯანდაცვის პროგრამები და სხვა ღირებულებები (არ მინდა, გადავიდე სხვა თემაზე). აქედან გამომდინარე, თავის დროზე, სწორი გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტმა, როდესაც დაიწყო რეალურ საპენსიო პოლიტიკაზე საუბარი, რასაც დაგროვებითი პენსია ჰქვია. ზოგიერთებს, როდესაც იხსენებენ, რამდენია პენსია დასავლეთში, ავიწყდებათ, რომ იქ სწორედ დაგროვებითი პენსიის სისტემა მუშაობს და ყველა პენსიონერს ეძლევა ის თანხა, რაც თავის დროზე დააგროვა ბიუჯეტში შემოსავლების გადახდის გზით. ისინი მთელი ცხოვრების განმავლობაში იხდიან საკმაოდ დიდ ფულს, რისი შედეგიცაა, ბოლოს, მაღალი პენსიები, თუმცა ჩვეულებრივი სოციალური პენსიები არც იქაა მაღალი, რა თქმა უნდა, იქაურ ცხოვრების დონესთან და ხარჯებთან შედარებით. დღესდღეობით, ეს ყველამ კარგად იცის, თუმცა მაინც იყენებენ ამ თემას პოლიტიკური სპეკულაციისთვის. იგივე იქნება წლების შემდეგ ჩვენთანაც, იმიტომ, რომ მილიონ შვიდასი ათასს გადააჭრაბა იმ ადამიანთა რიცხვმა, ვინც დაგროვებითი პენსიის ფონდში ყოველთვიურად, საკუთარი ხელფასიდან თუ შემოსავლებიდან, თავის ორ პროცენტს რიცხავს, რასაც კიდევ ორ პროცენტს დამსაქმებელი უმატებს და ორს – სახელმწიფო, ამას ემატება ფონდის მიერ სწორად განკარგული დაგროვილი ფულის ამონაგები. დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ, შემდეგი სურათი იქმნება: მოქალაქე თუკი იხდის 1000 ლარს, მას 1000 ლარს უმატებს დამსაქმებელი და 1000-ს – სახელმწიფო და პლუს მოგება. ის ორი პროცენტი შეიძლება ისე არ ჩანს, მაგრამ თანხების გათვლებით, სულ სხვა რიცხვები ფიქსირდება. როდესაც კონკრეტული ადამიანი მიაღწევს საპენსიო ასაკს – დაგროვებული თანხა, წლების განმავლობაში, თვეების მიხედვით დაერიცხება. მცირე ნაწილი უკვე შევიდა ამ პენსიის აღების ეტაპზე, რაც ამინდს ვერ ქმნის. წლების შემდეგ სულ სხვა სიტუაცია ჩამოყალიბდება. ყველაფერ ამას იმიტომ ვყვები, რომ მოქალაქეებს ვუპასუხო კითხვაზე – ჩვენთან რატომ არ არის იმხელა პენსიები, რამდენიც უცხოეთშია. დღეს პენსიების გაცემა არის ტვირთი სახელმწიფოსთვის, რომელიც მან იტვირთა. თავის დროზე, ვიდრე მე შევიდოდი პარლამენტში, იყო მიღებული კანონი, რომელიც განსაზღვრავდა პენსიის გაცემას. მაშინ გადაწყვიტეს, არსებული თანხა გაეყოთ ორ ჯგუფად და სხვადასხვა რაოდენობით გაეცათ 70 წლამდე და 70 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის ინდექსაციის გათვალისწინებით.

– რატომ გადაწყდა ასეთი დიდი განსხვავება თანხებში?

– მოდით, ისიც ვთქვათ, რომ 60 წლის შემდეგაც მოქალაქეთა უმეტესობა ახერხებს მუშაობას და არ ეზღუდებათ ხელფასთან ერთად პენსიის აღება (გარდა სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებულებისა და თანამდებობის პირებისა). ჩემ ირგვლივ და თქვენთანაც არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც იღებენ სახელმწიფო გასაცემელსაც და ხელფასსაც, თუმცა რჩება ადამიანთა ნაწილი, რომელიც მხოლოდ პენსიაზეა დამოკიდებული, რაც უზარმაზარი პრობლემაა ამ კატეგორიისთვის. ინდექსაციის სხვადასხვა ფორმულებია გამოყენებული ამ ორი ჯგუფისთვის. სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ თავის დროზე, როდესაც ეს ფორმულა გაკეთდა, 70-ს ზემოთ დასამატებელი თანხა (ბევრი არც ის არის…) დიდი სხვაობით აღემატება 70- წლამდელთათვის გასაცემელს. აქედან გამომდინარე, გავაჟღერე, რომ თუ ეს პრობლემებს არ გამოიწვევს, ერთად გადავხედოთ, რომ გავხადოთ ეს პროცესი სამართლიანი. მე არაფერს ვითხოვდი, ციფრები იყო დასათვლელი და ვეთანხმებოდი მინისტრის მოადგილეს, რომელიც პასუხს აგებს ბიუჯეტის ფორმირებაზე. . . თორემ, ჩვენ დიდი სიამოვნებით ვიტყოდით, როგორც სხვები ყვირიან არჩევნების წინა პერიოდში – 1000-ლარიან პენსიებს გავცემთო, მაგრამ ეს გამოდის უზარმაზარი თანხა ჩვენი ბიუჯეტისთვის და აღმოჩნდება, რომ სახელმწიფო ვერაფერს გააკეთებს სოციალურ თუ ჯანდაცვის და სხვა პროგრამებში. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ თუნდაც ჯანდაცვას შეეზღუდოს დაფინანსება. აქ ძალიან დიდი თანხები იხარჯება, რომლის გადანაწილების შემთხვევაში, გაცილებით მეტ პენსიას მივიღებთ… მაგრამ აქ ხალხი თვეობით რეანიმაციაშია, იქ – კარდიოქირურგიაა, ონკოლოგიაა, რომლის დაფინანსებაც შეუზღუდავია. . . არიან ბენეფიციარები (მაგ. ონკოლოგია) რომელთა დაფინანსების სრული კურსი 200 000-იც კი ჯდება საშუალოდ. ამ გათვლებით, ძნელია, მხოლოდ საპენსიო ხარჯებზე ისაუბრო. . .

– სწორედ ჩვენს ინტერვიუს დაემთხვა პრემიერის ბრიფინგი და გაჟღერდა ინფორმაცია პენსიის გაზრდის შესახებ. . .

– მაშინ, ჩემს წინადადებაზე ფინანსთა სამინისტროს პასუხი იყო, რომ აუცილებლად გაითვალისწინებდნენ საკითხს და გადახედავდნენ ბიუჯეტს ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, ამას დასჭირდებოდა კანონით გათვალისწინებული პროცედურები. კერძოდ, პენსიებს რაც შეეხება, როცა შედის პირველი პროექტი პარლამენტში, მასში აისახება ინდექსაციის წესით მატება და შემდეგ იწყება მსჯელობა, მათ შორის, ვისმენთ პარლამენტისა და საზოგადოებისგან წამოსულ მოსაზრებებს და ამის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებებს მთავრობა. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა – 20 ლარი იყო ის მატება, რომელიც გათვალისწინებული იყო ინდექსაციის წესით (ეს წესი რამდენიმე წლის წინ დამტკიცდა). იყო რეაქცია პარლამენტარების და საზოგადოების მხრიდანაც. მთავრობამ განიხილა საკითხი და ბიუჯეტში გამოძებნა რესურსი, კერძოდ, 128 მლნ ლარი, რომელიც პრემიერის ინიციატივით, დამატებით გამოიყო და ამის ხარჯზე მოახერხა პლუს 25 ლარით, ანუ ჯამურად 45 ლარით პენსიის გაზრდა 70-წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის. კანონის ცვლილება პარლამენტის გადაწყვეტილებით, მეტ დროს და პერიოდს ითხოვდა. მოგეხსენებათ, შეთანხმებული საპარლამენტო დებულების მიღმა მთავრობას, პრემიერ-მინისტრს, აქვს უფლება დამატებით გაზარდოს პენსიები და რადგან უკვე ყალიბდება ბიუჯეტი, ამიტომ წავიდნენ უფრო სწრაფი გზით.

– 70 წელს ზემოთ იგივე მატება რჩება. . .

– დიახ, პრობლემა სწორედ ეს იყო, რომ ღრმა დისპროპორცია გამოჩნდა 20 ლარის გამო. ახლა უკვე ასეთი დიდი განსხვავება აღარ იქნება.

– მიზნობრივი ჯგუფებიდან თქვენ გამოყავით მარჩენალდაკარგული ბავშვების სოციალური გასაცემელის გაზრდის საკითხიც. . .

– დიახ, აქაც გაყოფილია კატეგორიები: ბავშვები, რომლებსაც არ ჰყავთ არცერთი მშობელი და ბავშვები, რომლებსაც ჰყავთ ერთი მშობელი. თავის დროზე მათ ეძლეოდათ 55 ლარი. მართალია, 2013 წელს გასაცემი თანხა გაიზარდა 100 ლარამდე, მაგრამ მას შემდეგ იყო ინფლაცია, მომატებული ხარჯები და ა.შ. ხოლო ბავშვები ისევ რჩებოდნენ იგივე თანხაზე. 2019-ში კიდევ გადახედეს ამ გასაცემელს და ვისაც არცერთი მშობელი არ ჰყავს, ეძლევა 150 ლარი. არც ეს და არც ის არის დღეს საკმარისი მინიმალური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლადაც კი. ამიტომ ვითხოვე, გადაგვეხედა ბიუჯეტის ამ ნაწილისთვისაც. . . მადლობა ფინანსთა სამინისტროს, მინისტრის პირველ მოადგილე გიორგი კაკაურიძეს, რომელმაც გამოთქვა მზაობა ამ თემაზე სასაუბროდ. მისივე თქმით, შესაძლებელია მსჯელობა, თუ რამდენად სწორია ინდექსაცია და რა ასაკობრივ ჯგუფზე შეიძლება გავრცელდეს უფრო მაღალი ინდექსაციის პირობები, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ არ დადგინდეს ისეთი ვალდებულება, რასაც ბიუჯეტი მომავალში ვერ აწევს. მარჩენალდაკარგული ბავშვების სოციალური გასაცემელის მიმართულებით, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ სამსჯელოა, რა მიმართულებით შეიძლება გადაიდგას ნაბიჯები.

– რაც შეეხება რეზიდენტურის დაფინანსებას, რომლის ინიციატივითაც თქვენ გამოხვედით?

– კაკაურიძე მიიჩნევს, რომ ეს საკითხი არ არის პრობლემური და შესაძლებელია მოგვარება. აქვე იმასაც ვიტყვი, ამ ეტაპზე, დავიტოვე უფლება, რომ მხოლოდ უფასო რეზიდენტურაზე მესაუბრა, მაგრამ თუ შემოვრჩი საპარლამენტო ცხოვრებას, აუცილებლად დავაყენებ საკითხს, რომ მათ მიეცეთ დასაქმების და ანაზღაურების მიღების უფლება, ანუ უნდა მიიღონ ხელფასი იქ, სადაც გაივლიან რეზიდენტურას. ამ ჭრილში მინდა განვიხილოთ სამედიცინო ინსტიტუტი, სადაც სწავლება 6-9 წელი მიმდინარეობს, ხანდახან – უფრო მეტიც. სამედიცინოს სტუდენტი სწავლობს 28-29-30 წლამდეც კი და ხომ წარმოგიდგენიათ, რომ ამ ადამიანებს არ აქვთ არც ხელფასი, არც შემოსავალი, ანუ თავს ვერ ირჩენენ, ოჯახებს ვერ ქმნიან. დაოჯახების შემთხვევაში თავს იკავებენ შვილის გაჩენისაგან. ეს ხდება ქვეყანაში, რომელსაც სერიოზული დემოგრაფიული პრობლემები აქვს. სახელმწიფო რეზიდენტურაში ერთვება დაახლოებით 400 სტუდენტი – პირველ წელს მხოლოდ ამ რაოდენობის ხარჯი იქნება. მეორე წელიწადს ეს ციფრი გაორმაგდება 800-მდე, ხოლო მეოთხე წელს, მაქსიმუმ, გავალთ ათას ექვსასი რეზიდენტის დაფინანსებაზე, რაც ბიუჯეტის ზრდასთან ერთად არ უნდა იყოს პრობლემატური. ამ შემთხვევაშიც დაგვპირდა მინისტრის მოადგილე, რომ მიუღწეველი არაფერია. ზოგადად, პარლამენტის მთავარი მისია არის ისეთი კანონპროექტების მიღება და ცხოვრებაში განხორციელება, რომელიც პრაქტიკულად გამოადგება მოსახლეობის ყველა ფენას. ჩვენ არ ვმუშაობთ უცებ წამოჭრილი „ხანძრების“ ჩაქრობაზე, ვცდილობთ, გრძელვადიანი ხედვით შევქმნათ ისეთი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ხელს შეუწყობს და უზრუნველყოფს ქვეყნის წინსვლას და განვითარებას.

– სკოლაში დააბრუნეთ სკოლის ექიმი. . .

– ეს იყო ლადო კახაძის, ჩვენი კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ინიციატივა, რომლის დახვეწასაც მივყვებით. თანდათან კიდევ უფრო შეივსება ეს კანონი. პირველად ვერსიაში იყო დაგეგმილი მხოლოდ პედიატრის და ან ოჯახის ექიმის შეყვანა სკოლაში.
ამდენი პედიატრი ქვეყნის მასშტაბით არ გვაყვს, რადგან მათი დეფიციტია სტაციონარებსა თუ პოლიკლინიკებში. ამიტომ სხვა სპეციალიზაციის ექიმებსაც მივეცით სკოლაში დასაქმების პერსპექტივა, მოკლე კურსით გადამზადების შემთხვევაში. მოგეხსენებათ, მთელი რიგი გამოწვევებია სკოლაში, რომელიც საჭიროებს სამედიცინო პერსონალის იქ ყოფნას. აქვე დავამატებ, რომ სამომავლოდ, ექიმი სკოლაში მხოლოდ სამედიცინო კონსულტაციებით არ დაკავდება. განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით ვაპირებთ, სასწავლო დისციპლინებს დავუმატოთ ექიმის საათი, ანუ კლასში პროფესიონალი ისაუბრებს მოსწავლეებისთვის აუცილებელ, მნიშვნელოვან საკითხებზე. პირველ-მეოთხე კლასში ალბათ ექიმი ისაუბრებს დაავადებების ელემენტარულ პრევენციაზე: მხელი როგორ დაიბანოს პატარამ და თავს როგორ მოუაროს, ხოლო მაღალ კლასებში – რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, იმიტომ რომ ამ ხრივაც გარკვეული განათლების დეფიციტია სკოლებში. სულ სხვა იქნება, როდესაც ექიმი აუხსნის მოსწავლეებს, რა როგორ არის და როგორაა უმჯობესი მათი ცხოვრების დაგეგმვა ამ კუთხით.

– გმადლობთ, გისურვებთ წარმატებებს!

ირმა ცეცხლაძე

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 15, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *