„ოპოზიციის ალიანსი“ 25 ოქტომბერს ერთობლივ კამპანიას იწყებს
„ოპოზიციის ალიანსი“ 25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეკრებას გეგმავს. ალიანსის წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნული შეკრებით დაიწყება ერთობლივი კამპანია, რომლის მიზანიც 28 ნოემბერს თბილისში მასშტაბური აქციის გამართვაა.
„ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს. საქართველო ივანიშვილის გარეშე“ – ამ გზავნილით გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პარტიების შესაძლო აკრძალვის მიუხედავად, მათი მთავარი ამოცანა მშვიდობიანი და პრინციპული წინააღმდეგობის გაფართოებაა.
„ოპოზიციის ალიანსის“ შეფასებით, „ოპოზიციური პარტიების აკრძალვით ბიძინა ივანიშვილი ძალის დემონსტრირებას ცდილობს და საზოგადოებისთვის იმის ჩვენება სურს, რომ მისი რეჟიმი შეუცვლელია“. განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ ამ გზით ხელისუფლება „მოქალაქეების სისტემურ სიღარიბესთან, კორუფციასთან, უპერსპექტივობასა და ემიგრაციასთან შეგუებას ცდილობს“. მათივე თქმით, საფრთხის ქვეშ დგება საქართველოს ევროპასთან და შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებიც, რაც ქვეყანას რუსეთის პირისპირ მარტო დატოვებს.
„ერთია, მას რა უნდა, მეორეა, რის საშუალებას მივცემთ. სინამდვილეში, ამ თავზეხელაღებული ნაბიჯით, მილიარდერი მხოლოდ საკუთარი ლეგიტიმაციის კრიზისს ამხელს – ადასტურებს, რომ ძალაუფლება არალეგიტიმურად აქვს მითვისებული და მისი შენარჩუნება მხოლოდ აკრძალვებსა და რეპრესიებზეა დამოკიდებული“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ალიანსის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების თავისუფალი არჩევანის შიშზე მიუთითებს. მათი მტკიცებით, ამ გზით მილიონზე მეტ ამომრჩეველს არჩევანის უფლება ერთმევა, ხოლო დაახლოებით ამდენივე ემიგრანტს ხმის მიცემის შესაძლებლობა ეზღუდება.
განცხადებაში ოპოზიცია ყურადღებას ამახვილებს იმ პრობლემებზეც, რომლებზეც, მათი შეფასებით, ხელისუფლებას პასუხი არ აქვს. მათ შორის სახელდება – სიღარიბე, მაღალი ფასები, უმუშევრობა, კორუფცია, განათლების ხარისხი, ემიგრაციით დაშორიშორებული ოჯახების მომავალი და საქართველოს ევროატლანტიკური კურსი.
„სწორედ ამ პასუხისმგებლობისგან თავის დასაღწევად კრძალავს უკეთესი მომავლის პერსპექტივას და ამ გზით ცდილობს მიტაცებული ძალაუფლების შენარჩუნებას იმისათვის, რომ ქართველი ხალხის ძარცვა და გაღარიბება შეუფერხებლად განაგრძოს. მაგრამ რამდენი პარტიაც არ უნდა აკრძალოს ივანიშვილმა, ჩვენი, დემოკრატიული ოპოზიციის ამოცანა არ იცვლება – მშვიდობიანი და პრინციპული წინააღმდეგობის გაფართოება იქამდე, ვიდრე რეჟიმს არ დავათმობინებთ იმას, რაც მიიტაცა – თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს“, – აცხადებენ „ოპოზიციის ალიანსში“.
განცხადების ავტორების თქმით, ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ქართული საზოგადოება არ დათმობს უფლებას, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი და იცხოვროს სამართლიან და უსაფრთხო ქვეყანაში, სადაც პატიოსანი შრომა დაფასებულია, ხოლო ცხოვრების ხარისხი ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება.
„ოპოზიციის ალიანსის“ განცხადებით, 25 ოქტომბრის შეკრებით დაიწყება ერთობლივი კამპანია „საქართველოსთვის, ივანიშვილის გარეშე“, რომლის ფარგლებშიც 28 ნოემბერს თბილისში დიდი აქცია გაიმართება.