სტუმრად – აჭარის მწერალთა სახლში
შუახევის რაიონის ახალდაბის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მალვინა ზოიძე აქტიური შემოქმედებითი საქმიანობით გამოირჩევა. მან მესამედ გაიმარჯვა აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს პროგრამაში „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“. წელს გამარჯვებული პროექტია „ჰუმანური მიდგომები ქართულ ენასა და ლიტერატურაში“. მისი ერთ-ერთი აქტივობა აჭარის მწერალთა სახლში მოსწავლეების სტუმრობას ითვალისწინებდა.

– „შეხვედრა რომ რუტინული და მოსაწყენი არ ყოფილიყო, წინასწარ შევიმუშავე მისი გეგმა. მოსწავლეებთან ერთად შევქმენით რესურსი – „ქართული სიტყვის ყულაბა“. მისი მთავარი დანიშნულება იყო იმ მნიშვნელოვანი სიტყვების შეგროვება, რომლებიც მწერლებისა და პოეტების შემოქმედებას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. ყულაბაში მოვაგროვეთ ისეთი სიტყვები, რომლებიც აჭარაში ოსმალთა 300-წლიანი ბატონობის მიუხედავად, ადგილობრივებმა გულითა და მეხსიერებით შემოინახეს, თუმცა დღეს ცოცხალ მეტყველებაში თანდათან იკარგება. ამ სიტყვებთან დაკავშირებული შემოქმედებითი კითხვებით მოსწავლეებმა მწერლებსა და პოეტებს მიმართეს. შემდეგ მასპინძელ პოეტებსა და მწერლებს, ლიტერატურათმცოდნეს „ქართული სიტყვის ყულაბიდან“ სიტყვები ამოვაღებინეთ, რომელთა შთაგონებითაც მათ ექსპრომტად საინტერესო ლექსები შექნეს. – „აჭარის მწერალთა სახლში“ სტუმრობის ნაწილი პოეზიას დაეთმო: მოსწავლეებმა აჭარაში მომუშავე პოეტების ლექსები წაიკითხეს, მასპინძლებმა კი საკუთარი შემოქმედება გაგვიზიარეს. შეხვედრა ამაღელვებელი და შთამბეჭდავი გამოვიდა. ამ იდეების განხორციელებაში მუდმივ მხარდაჭერასა და მზრუნველობას არ მაკლებს სკოლის დირექტორი, ბატონი თემურ დავითაძე. გვერდით მიდგას მთელი სასკოლო საზოგადოება – მოსწავლეები, მშობლები და კოლეგები. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს კოლეგებს შორენა, შუშანა ფუტკარაძეებს, მერაბ დავითაძეს, რომელთა თანადგომაც ამ კონკრეტული შეხვედრისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. დიდია პუბლიცისტ ოთარ ცინარიძისა და პოეტ ვახტანგ გოგრაჭაძის წვლილიც შეხვედრის ორგანიზებასა და გალამაზებაში. უღრმესი მადლობა მათ, მერიას, საკრებულოსა და რესურსცენტრს – მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, ასევე, აჭარის მწერალთა სახლის დირექტორს, ქალბატონ ლალი კონცელიძეს გულთბილი დახვედრისა და კომუნიკაციისთვის, პოეტებსა და მწერლებს: ქალბატონებს ბელა ქებურიას, შორენა მახაჭაძეს, მაგდა ჩხარტიშვილს, ქალთამზე (ანა) სურმანიძეს, ვახტანგ ღლონტს, როინ აბუსელიძეს, ჯემალ სურმანიძეს, სულხან წულუკიძეს, – გვითხრა მალვინა ზოიძემ.

– აჭარის მწერალთა სახლში დაარსების დღიდან, მრავალი მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა. ეს პირველი ღონისძიებაა, როცა აჭარის მთიანეთიდან მოსწავლეები, სკოლის დირექტორი, პედაგოგები და პროექტის მონაწილე პედაგოგი მალვინა ზოიძე გვესტუმრნენ. მთის სისპეტაკე და სისადავე შემოიტანეს პროექტის მონაწილე მოსწავლეებმა. მათ ხატოვნად წაიკითხეს აჭარაში მოღვაწე კლასიკოსების ლექსები, საინტერესო კითხვები დაუსვეს მოწვეულ მწერლებს. ვიმედოვნებთ, რომ ინიციატორი პედაგოგი კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს, – აღნიშნა მწერალთა სახლის დირექტორმა ლალი კონცელიძემ.
ცოტნე ცაბაძე