ჯიმსონ გურგენიძის საიუბილეო კატალოგის პრეზენტაცია გაიმართა
ბათუმის ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლის გალერეაში ცნობილი ქართველი ხელოვანის, მოქანდაკის, არქიტექტორის, დიზაინერისა და მხატვრის, ბათუმის საპატიო მოქალაქისა და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის ჯიმსონ გურგენიძის საიუბილეო კატალოგის – „რეტროსპექტივა“ პრეზენტაცია გაიმართა.

კატალოგი ხელოვანის 80 წლის იუბილეს ეძღვნება და მოიცავს მისი მოღვაწეობის მნიშვნელოვან პერიოდებსა და ნამუშევრებს. გამოცემა ჟანრობრივი და თემატური მრავალფეროვნებით გამოირჩევა.
პროექტი „ჯიმსონ გურგენიძის საიუბილეო კატალოგის შექმნა, ბეჭდვა და პრეზენტაცია“ აჭარის კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია. მისი მიზანია რეგიონში მოღვაწე ხელოვანების ღვაწლის წარმოჩენა, მათი შემოქმედების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა და მომავალი თაობისთვის გადაცემა.
კატალოგის პრეზენტაციას ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, აჭარის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, ხელოვანები და მოწვეული სტუმრები.