საზღვაო აკადემიის პირველკურსელებს სწავლის დაწყება მიულოცეს
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ივანე აბაშიძე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პირველკურსელების საპატივსაცემოდ გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო და პირველკურსელებს სწავლის დაწყება მიულოცა.
„მინდა, რომ თქვენ უბრალოდ კარგი მეზღვაურები კი არ გახდეთ, არამედ გახდეთ თაობა, რომელიც მსოფლიოს ქართულ საზღვაო შესაძლებლობებზე კიდევ უფრო მეტად აალაპარაკებს. მნიშვნელობა არ აქვს, საიდან იწყებთ, ბათუმიდან, თბილისიდან თუ საქართველოს რომელიმე პატარა სოფლიდან. მნიშვნელობა აქვს, რამდენად გაბედავთ შორს წასვლას!
ზღვა არ გკითხავთ, ვინ ხართ და ვისი შვილი ხართ. ზღვა გკითხავთ, რა იცით, რა შეგიძლიათ და რამდენად შეგიძლიათ ერთმანეთის იმედი გქონდეთ. სწორედ ამიტომ არის მეზღვაურობა განსაკუთრებული პროფესია. აქ წარმატებას მხოლოდ ცოდნით კი არა, ხასიათით, სიმამაცითა და პასუხისმგებლობით აღწევენ.

დღეს საქართველო შეიძლება პატარა ქვეყანაა მსოფლიო რუკაზე, მაგრამ ჩვენი ამბიცია არასოდეს უნდა იყოს პატარა. სადაც უნდა წახვიდეთ, თქვენ ყოველთვის წარმოადგენთ ქვეყანას, რომელსაც საზღვაო ისტორია, ღირსება და დიდი მომავალი აქვს,“ – განაცხადა ივანე აბაშიძემ.
საზეიმო მიღებაზე პირველკურსელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა მურთაზ დევაძემ და პროფესორ-მასწავლებლებმა.