ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში სივრცეები განახლდა
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის განათლების მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარესთან ივანე მაისურაძესთან ერთად, აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის განახლებული სივრცეები დაათვალიერა.
ბიბლიოთეკაში სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის გათვალისწინებული სამი სამკითხველო კლუბი ფუნქციონირებს და მკითხველს მრავალფეროვან საგანმანათლებლო და კულტურულ სერვისებს სთავაზობს.
სტუმრებისთვის რარიტეტული წიგნების მუდმივმოქმედი გამოფენა მოეწყო. წიგნადი მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით, ჩამოყალიბდა ბიბლიოთეკართა ჯგუფი, რომლის წევრებიც დაინტერესებულ სტუმრებს ბიბლიოთეკის ტურს შესთავაზებენ და მათ უნიკალურ გამოცემებს გააცნობენ. ბიბლიოთეკის შიდა ეზოში სამკითხველო და სამუშაო სივრცე მოეწყო, რაც მკითხველებს კომფორტულ გარემოს შეუქმნის და ბიბლიოთეკის სერვისებს კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს.
მერიის ინფორმაციით, ბიბლიოთეკა ევროპული ახალგაზრდული ბარათის პარტნიორთა ქსელშიც ჩაერთო და ბარათის მფლობელებს სპეციალური ფასდაკლებით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ. განხორციელებული ცვლილებები ბიბლიოთეკას კიდევ უფრო მიმზიდველ და საინტერესო საგანმანათლებლო სივრცედ აქცევს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ქალაქის სტუმრებისთვის.
განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ბიბლიოთეკაში დაცული წიგნადი მემკვიდრეობა. სხვადასხვა ენაზე გამოცემული XVII–XVIII საუკუნეების 3 000-ზე მეტი რარიტეტული წიგნი, ბიბლიოთეკის, როგორც კულტურული კერის ისტორიულ და საგანმანათლებლო მნიშვნელობას კიდევ უფრო უსვამს ხაზს.