მარკო რუბიო – უკრაინაში მიმდინარე ომში არავინ იმარჯვებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში არავინ იმარჯვებს – ყოველდღიურად ადამიანები იღუპებიან, ყოველდღიურად ხდება აფეთქებები და ნადგურდება ყველაფერი. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს არაერთხელ უსაუბრია ამ ომში დაღუპულთა რაოდენობაზე, არაერთხელ განაცხადა, რომ ამ ომში ყოველთვიურად 25 000 ადამიანი იღუპება.
„ტრამპმა სანქციები 60 დღით შეაჩერა, რადგან სურს გაარკვიოს, არსებობს თუ არა შესაძლებლობა, რომ უკრაინასა და რუსეთთან მიმდინარე მოლაპარაკებები რაიმე პოზიტიურ შედეგამდე მივიდეს და თავიდან იქნას აცილებული ომისა და კონფლიქტის კიდევ ერთი დამანგრეველი წელი“, – აღნიშნა რუბიომ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე – კონკრეტულად რა მტკიცებულება აქვს, რომ პუტინი მზადაა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის? – რუბიომ უპასუხა:
„რა მტკიცებულებები? ეს ხომ სისხლის სამართლის საქმე არ არის; საქმე დიპლომატიას ეხება. დიპლომატიაში მცდელობას არ წყვეტ. სამწუხაროდ, როდესაც საქმე ასეთი ტიპის კონფლიქტებს ეხება, რომლებიც საკმაოდ რთულია და ხშირად ჩიხშია შესული, ვერცერთი მხარე ვერ აღწევს მკაფიო გამარჯვებას, თუმცა ორივე მხარე ერთმანეთს უზარმაზარ ზიანს აყენებს. ჩვენ კი, გავაგრძელებთ მცდელობას, რამდენადაც ეს შესაძლებელია“, – განაცხადა რუბიომ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანს სთხოვეს კომენტარი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე, რომ აშშ-მა მიმდინარე კვირის დასაწყისში სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების პროცესი შეაჩერა.
„არ ვიცი, საიდან იღებს ის ამ ინფორმაციას, ან რატომ საუბრობს ამაზე პრესასთან. არანაირი შეჩერება არ ყოფილა. ზელენსკი ამ ომის დასრულებაზე უნდა იყოს კონცენტრირებული“, – განაცხადა რუბიომ.