საგარეო უწყება ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებებს სასამართლოზე ზეწოლის მცდელობად აფასებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს ევროკავშირის წარმომადგენელთა ბოლო განცხადებების გამო, რომლებიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებას ეხება. ამის შესახებ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამინისტროს შეფასებით, სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განხილვამდე სამართალწარმოების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება და პროცესის წინასწარი შეფასება, საკონსტიტუციო ინსტიტუტზე არასათანადო ზეწოლის მცდელობასა და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას წარმოადგენს.
უწყებაში აცხადებენ, რომ კანონის უზენაესობის პატივისცემა მოითხოვს, სასამართლოს მიეცეს შესაძლებლობა, საქმე დამოუკიდებლად, საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განიხილოს.
„სამინისტრო ასევე, შეშფოთებით აღნიშნავს ევროკავშირის წარმომადგენელთა მხრიდან საქართველოს შიდა პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესების შესახებ გაკეთებულ განცხადებებსა და გამოყენებულ რიტორიკას, რაც ხელს უშლის მიმდინარე პროცესების ობიექტურ შეფასებას და აფერხებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის კონსტრუქციულ თანამშრომლობას.
სამინისტრო მოუწოდებს ყველა შესაბამის წარმომადგენელს, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისა და ქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა, წინასწარ შეაფასოს მიმდინარე სასამართლო პროცესები ან აღქმული იყოს დამოუკიდებელი საკონსტიტუციო ინსტიტუტების საქმიანობაში ჩარევად და დაიცვან კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპები“, – აღნიშნულია განცხადებაში.