ჯონდი ბაღათურია: პენსია უნდა გაიცემოდეს სტაჟისა და დამსახურების მიხედვით
სამოცდაათ წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის დანამატის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი დასრულდა პრემიერის გადაწყვეტილებით , რომ იგი 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება. ცხადია, საზოგადოების ნაწილი კმაყოფილია, ნაწილიც – უკმაყოფილო, რადგან მიაჩნია, რომ უფრო მეტითაც შეიძლებოდა პენსიის გაზრდა. ამ საკითხზე გთავაზობთ „ქართული დასის“ ლიდერ ჯონდი ბაღათურიასთან ინტერვიუს, რომელშიც ის საუბრობს იმ ინიციატივებზე, რომელთა დარეგისტრირებასაც სამომავლოდ ამ მიმართულებით აპირებს. აქვე ის აცხადებს, რომ აუცილებლად იყრის კენჭს პარლამენტში, თუმცა, ამ ეტაპზე, დეტალების გაჟღერებისგან თავს იკავებს.
– ბატონო ჯონდი, თქვენი ინიციატივა პენსიების გაზრდის შესახებ წარმატებით დასრულდა, როგორ ფიქრობთ, კონკრეტულად რამ იმოქმედა პრემიერის გადაწყვეტილებაზე? როგორც ცნობილია, „ქართული ოცნების“ წევრებიც აპროტესტებდნენ 20-ლარიან დანამატს.
– ყველა წესიერ კაცს, „ქართული ოცნების“ წევრი იქნებოდა თუ „ქართული დასის“, უკმაყოფილება უნდა გამოეხატა იმ უსამართლობაზე, რაც ჩვენ თვალწინ ტრიალებდა. მაშინ, როდესაც პარლამენტის წევრებს (15-ათასლარიანი ხელფასებით) 1300 ლარით უნდა გაზრდოდათ ანაზღაურება, 70 წლამდე ასაკის პენსიონერების ისედაც მინიმალურ პენსიას მხოლოდ 20 ლარი ემატებოდა. ვფიქრობ, სწორად მოიქცა პრემიერი, როდესაც გადაწყვიტა, შეეცვალა ის 20 ლარი 45-ით… ძალიან გთხოვთ, მე ნუ დამაბრალებთ ამ მიღწევას, ხალხი რომ არ ჩართულიყო აქტიურად და ასეთი რეაქცია არ მოეხდინა ჩემს პუბლიკაციებსა თუ გადაცემებზე ამდენი კრიტიკული კომენტარით მთავრობის მიმართ, არავინ გაითვალისწინებდა ამ ინიციატივას. ასე რომ, მთავრობამ საზოგადოებას გაუწია ანგარიში და მისი მოთხოვნა, აზრი გაითვალისწინა, რაც დადებით მოვლენად მიმაჩნია. დანამატის გაზრდა, პირველ რიგში, მთავრობის გამარჯვება იყო, შემდეგ – ხალხის და ბოლოს უკვე – ჩემი. ვთვლი, რომ პოლიტიკოსმა ისე უნდა წამოჭრას საკითხი, საკუთარი გამარჯვება სხვის დამარცხებად არ გადააქციოს… ეს მომენტი შედგა და იმედი მაქვს, შემდგომშიც გავაგრძელებთ კავშირის აღდგენას ხალხსა და მთავრობას შორის.
– ერთმა აცხადებთ, რომ მეტითაც შეიძლებოდა ამ დანამატის გაზრდა. . .
– სიმართლე გითხრათ, ბევრით ვერ შეძლებდნენ, მაგრამ 50 ლარი რომ დაემატებინათ, ქვეყანა არ დაიქცეოდა. 700 ათასი პენსიონერია, 5-ზე რომ გაამრავლო ეს ციფრი, მივიღებთ სამმილიონნახევარს თვეში, წელიწადში – 37-38 მილიონს. ამდენს ისინი ხარჯავენ რამდენიმე სტუმრის მიღებაზე, რესტორნებში, მაგრამ აქვე დავამატებ ნათქვამს, მადლობა ღმერთს, რომ დაგვთანხმდნენ. ეს ადეკვატური გადაწყვეტილება იყო პრემიერის მხრიდან, რასაც მივესალმები, მაგრამ ამაზე ვერ გავჩერდებით, აუცილებლად გვჭირდება საპენსიო რეფორმა. პენსია უნდა გაიცემოდეს სტაჟისა და დამსახურების მიხედვით. ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანს, რომელსაც ოფიციალური შრომითი სტაჟი არ აქვს, პენსია უნდა შეუმცირდეს ან საერთოდ არ ჰქონდეს. სახელმწიფოს მიერ გარანტირებული საბაზისო სოციალური დაცვა ყველა ხანდაზმულს უნდა ჰქონდეს, ადამიანი შეიძლება ოჯახს და შვილებს უვლიდა, წლების განმავლობაში არაფორმალურად მუშაობდა ან სხვა მიზეზის გამო არ ჰქონდა ოფიციალური შრომითი სტაჟი. გასაგებია, რომ არცერთი მოქალაქე, სიბერეში, სოციალური დაცვის გარეშე არ უნდა დარჩეს, მაგრამ ვინც ამ ქვეყანაში 20, 30 ან 40 წელი ოფიციალურად იმუშავა და გადასახადები იხადა, რატომ უნდა სარგებლობდეს იმავე ოდენობის პენსიით და რატომ უნდა იყოს მისი მრავალწლიანი შრომა სახელმწიფო საპენსიო სისტემისთვის სრულიად უხილავი?
– თავიდანვე რატომ არ გაკეთდა ასე?
– პირველად, „ნაცმოძრაობის“ დროს შევიტანე პარლამენტში ეს საკითხი – არ მიიღეს. „ოცნების“ დროსაც შევიტანე, არც ამათ მიიღეს… ახლა ვგეგმავთ, მომავალ პარლამენტში შევიტანოთ და თავად გავიტანოთ იგივე საკითხი, როგორც საკანონმდებლო ინიციატივა.
– რამდენად შეძლებენ სტაჟის მიხედვით პენსიების გაცემას ჩვენს მწირ ბიუჯეტს თუ გავიხსენებთ?
– პირობითად ვთქვათ, თუკი ერთ წელიწადზე შევთანხმდებით და ეს იქნება 5 ლარი, 30 წლის სამუშაო სტაჟის შემთხვევაში, დაახლოებით 150 ლარი დაემატება არსებულ პენსიას. მართალია, ეს ბევრი არ არის, მაგრამ მთავარია, რომ შედგება პენსიის გაანგარიშების ფორმულა სტაჟის მიხედვით და აღარ ვიქნებით დამოკიდებული პოლიტიკურ ცვლილებებთან: თუ ვინ მოვა ქვეყნის სათავეში, ვინ იქნება პრემიერი, რა ხასიათზე გაიღვიძებს ქვეყნის ლიდერი, არჩევნები ახლოვდება თუ არა და სხვ. თან საშუალება გვექნება, ის 5 ლარი მომავალში მარტივად გავხადოთ 10 ლარი და უკვე იმ პენსიონერს, 150-ის ნაცვლად, 300-ით გაეზრდება პენსია. ჩვენ შევიმუშავეთ პენსიის გაანგარიშების ფორმულა: საარსებო მინიმუმს დამატებული მუშაობის წლებზე გამრავლებული Х თანხა. იმასაც ვფიქრობთ, არ დაველოდოთ ახალი პარლამენტის არჩევნებს. მთავრობასთან ვცდილობთ სხვადასხვა თემებზე საუბარს ანუ მანამდე წარვადგენთ ამ პროექტს, არ არის სავალდებულო მე ვიყო პარლამენტში. როგორც იცით, ჩემ მიერ ინიცირებული პროექტები, ჩემ გარეშეც მიიღო პარლამენტმა… მთავარია, რომ დავარწმუნოთ „ქართული ოცნება“, მომავალ წელს მაინც გადადგას ეს ნაბიჯი. იმედი გვაქვს, რაღაც პლატფორმა შეიქმნება, საიდანაც მოვახერხებთ პარტნიორულ დიალოგს მმართველ გუნდთან. მოგეხსენებათ, არ ვართ ქუჩებიდან ქვების სროლის მომხრე…
– ერთ-ერთ პოსტში წერთ, რომ პარლამენტს ახალი თავსატეხი აქვს, როგორ არ გაიზარდონ საკუთარი ხელფასები. . .
– დიახ, არ ვიხუმრე, მართლა იმას ფიქრობენ, როგორ არ გაიზარდონ საკუთარი ხელფასები. თურმე „საყვარლად“ მიუღიათ კანონი, რომლის საფუძველზეც, დღესდღეობით, პარლამენტის და მთავრობის წევრის ხელფასი მიბმულია საბაზო თანამდებობრივ სარგოსთან, რომლის ზრდასთან ერთად უნდა გაიზარდოს მისი შრომითი ანაზღაურებაც. ახლა კი მიხვდნენ საზოგადოების რეაქციაზე, რომ 15 000-ლარიანი ხელფასების გაზრდა არ გამოიყურება მთლად კარგად, მაგრამ მოექცნენ სამართლებრივ ჩიხში. როცა პარლამენტში ამ საკითხზე მსჯელობა გაიმართა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე კაკაურიძემ ასეთი რამ განაცხადა: „კანონი ითხოვს, რომ პარლამენტის და მთავრობის ხელფასები უნდა გაიზარდოს, თუ არ გავზრდით, კანონი უნდა შეცვალოთ“. პრინციპში, საინტერესოა, ვინ „აიძულა“ ისინი, ასეთი კანონი მიეღოთ და რატომ არ გაახსენდათ ამ დროს ომის ვეტერანების, ობლების ან სხვა 100-ლარიანი პენსიების ოდენობის „საბაზო სარგოსთან“ მიბმა?! ეს ზნეობრივი და მორალური პრობლემაა… აქვე მინდა დავუბრუნდე ზემოთ ნათქვამს და აღვნიშნო, რომ პარლამენტარების მხრიდან საკუთარ დანამატზე უარის თქმის სურვილი რომ დაფიქსირდა, ძალიან კარგია, რადგან ჩანს, რომ იქ ზნეობა და მორალი არსებობს. ხელისუფლებას ჯერ კიდევ ესმის ხალხის და ითვალისწინებს საზოგადოების მოთხოვნებს.
– ამ პრობლემას და პენსიების სიმწირეს ამართლებენ იმით, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა და ის ფონდიც აღარ არსებობს, სადაც აისახებოდა ახლანდელი პენსიონერების ხელფასების ანარიცხები.
– მაშინ განვიხილოთ ის ქვეყნები, რომლებსაც საქართველოს მსგავსად საბჭოთა საპენსიო სისტემის გამოცდილება ჰქონდათ. მაგალითად, სომხეთში შრომითი პენსიის გაანგარიშებისას პირდაპირ არის გათვალისწინებული შრომითი სტაჟის წლები. აზერბაიჯანში ასაკობრივი შრომითი პენსია დაკავშირებულია ადამიანის ინდივიდუალურ ანგარიშზე აღრიცხულ საპენსიო სადაზღვევო კაპიტალთან, რუსეთში კი სადაზღვევო პენსიის სისტემაში მნიშვნელობა აქვს სადაზღვევო სტაჟსა და საპენსიო კოეფიციენტებს. იქ, ასევე (პარლამენტარების და მთავრობის წევრების ხელფასები – არა), პენსიები, მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარებები და სხვა. მიბმულია ფასების ინდექსთან – ავტომატურად ხდება მათი ინდექსაცია და პენსიების კორექტირება.
– დღესდღეობით, ბევრი პენსიონერი რჩება მხოლოდ საკუთარი პენსიის ამარა. . .
– დიახ, სამწუხაროდ, საქართველოში, სახელმწიფო პენსია ადამიანს თვის, დაახლოებით, 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს – 6 ან 7 დღეს 30 დღიდან და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. თავისთავად ჩნდება კითხვა – დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა? გასაგებია, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულს ღირსეული ხელფასი უნდა ჰქონდეს. სახელმწიფო სამსახურში პროფესიონალის შრომა სათანადოდ უნდა ანაზღაურდეს, მაგრამ საკვები, გათბობა, ელექტროენერგია, წყალი, ტრანსპორტი, ტანსაცმელი, წამალი და ექიმი მხოლოდ საჯარო მოხელეს არ სჭირდება. იგივე საჭიროებები აქვს პენსიონერსაც, რომელიც პენსიაზე გასვლის დღეს არ ქრება. ამიტომ საკითხი მხოლოდ ისე არ იდგა, 20 ლარი ცოტა იყო თუ ბევრი, მთავარი კითხვა, 45-ლარიანი დანამატის მიუხედავად, ისევ დარჩა – რამდენი სჭირდება დღეს პენსიონერს მინიმალურად ცხოვრებისთვის და რამდენად პასუხობს ამას სახელმწიფო პენსია.
– პარლამენტარები აცხადებენ, რომ პენსიები გაიზრდება, როდესაც ამოქმედდება დაგროვებითი პენსიის სისტემა. . .
– არა, რას ამბობთ, ეს სულ სხვა თემაა. დაგროვებით პენსიას ამ სიტუაციაში შეგნებულად არ განვიხილავ. საქართველოს დაგროვებითი საპენსიო სისტემა მხოლოდ 2019 წლიდან მოქმედებს და დღევანდელი პენსიონერების აბსოლუტურ უმრავლესობას მასში ათწლეულების განმავლობაში თანხის დაგროვების შესაძლებლობა არ ჰქონია.
– საინტერესოა კიდევ ერთ კითხვაზე ზუსტი პასუხი – რამდენი სჭირდება ადამიანს საქართველოში, მინიმალურად, ცხოვრებისთვის?
– აქ მივდივართ საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგიამდე. საქსტატის მოქმედი მეთოდოლოგიის მიხედვით, საარსებო მინიმუმის გაანგარიშების საფუძველია შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის მინიმალური სასურსათო კალათა, რომლის მოქმედი ნორმატიული საფუძველი 2003 წლის 8 მაისს დამტკიცდა. საქსტატი ითვლის სასურსათო კალათის ღირებულებას, შემდეგ კი ამ თანხას 0,7-ზე ყოფს. მოქმედი მეთოდოლოგიით, საარსებო მინიმუმში სასურსათო ხარჯების წილი – 70 პროცენტით, ხოლო არასასურსათო ხარჯების წილი 30 პროცენტით არის განსაზღვრული. ანუ დარჩენილ 30 პროცენტში უნდა მოთავსდეს ყველაფერი, რაც საკვები არ არის: კომუნალური გადასახადები, ტრანსპორტი, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჰიგიენა, მედიკამენტები, სამედიცინო მომსახურება და სხვა აუცილებელი საჭიროებები. აქ ჩნდება ძალიან მარტივი კითხვები. რამდენად შეესაბამება ეს 70 და 30 პროცენტის თანაფარდობა 2026 წლის რეალობას? როდის მოხდა ბოლოს ამ თანაფარდობის საფუძვლიანი გადახედვა? რამდენად არის მასში გათვალისწინებული მედიკამენტების, სამედიცინო მომსახურების, კომუნალური გადასახადებისა და ტრანსპორტის რეალური ღირებულება? და განსაკუთრებით, რამდენად ასახავს ეს მეთოდოლოგია ხანდაზმული ადამიანის რეალურ საჭიროებებს? ჩვენი მინიმალური სასურსათო კალათის მოქმედი ნორმატიული საფუძვლის მიღებიდან 23 წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში შეიცვალა ფასები, კომუნალური გადასახადები, ტრანსპორტის ხარჯები, მედიკამენტებისა და სამედიცინო მომსახურების ღირებულება და მთლიანად ადამიანების ხარჯების სტრუქტურა.
– სოციალურ ქსელში, ბევრი გთხოვთ, რომ საპარლამენტო არჩევნებში იყაროთ კენჭი, თავად რას ფიქრობთ ამ საკითხზე?
– კი, ვფიქრობ და ალბათ მივიღებ საბოლოო გადაწყვეტილებას. უკვე კარგად ჩანს, რომ აუცილებელია ჩვენი პოლიტიკაში ჩართვა. აბსოლუტურად სხვა ეტაპი დადგა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ახლა ვცდილობთ, რეალური სუვერენიტეტი მოვიპოვოთ. . . ფიგურალურად რომ ვთქვა, წარმოიდგინეთ, დიდგორის ომს რომ ველოდებოდეთ, სახლში რა გულით, რა ნამუსით უნდა დავჯდეთ? ახლა ჩვენთან კიდევ ერთი დიდგორი მზადდება, ეს პოლიტიკური ბრძოლაა გარე ძალებთან, ამიტომ ვერ დავრჩები პოლიტიკის მიღმა. წინ გველოდება ერის ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის, რომელშიც აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას, ოღონდ, რა ფორმით, ჯერ არ ვიცი… მოკლედ, ნუ მათქმევინებთ წინასწარ. უკვე ვმუშაობთ ამ თემაზე, ძალიან სერიოზულ, გამოცდილ ადამიანებთან გვაქვს კავშირი, რომლებიც მეტით თუ არა, ჩვენზე ნაკლები პოპულარობით არ გამოირჩევიან საზოგადოებაში… ასე რომ, დაგვაცადეთ და გეტყვით ყველაფერს მალე. . .
– წარმატებები, ბატონო ჯონდი! ერთი კითხვაც: რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამტკიცებენ, სააკაშვილი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, მაღალი პენსიები გვექნებოდაო. . .
– პირველ რიგში, მინდა დავაფიქსირო, რომ „ეს“ არ არის რადიკალური ოპოზიცია (საერთოდ, რადიკალიზმი გონებრივი სიღატაკის მაჩვენებელია), ის ხალხი, ვინც თქვენ ახსენეთ, არის უცხოური დაზვერვის ჯარისკაცებისგან შემდგარი მოღალატეების ბრბო. მთელი ეს მეხუთე კოლონა (მათ შორის არასამთავრობოების უმეტესობაცაა) წარმოადგენს დაზვერვის რეზიდენტურას. როდესაც „ესენი“ ხელისუფლებაში იყვნენ, საქართველო მოექცა საოკუპაციო რეჟიმში – როსტომ ხანის მმართველობის ანალოგიურ სიტუაციაში აღმოვჩნდით. ხომ გახსოვთ, წარმოშობით ქართველი, სჯულით და მენტალობით – ირანელი რომ მართავდა ქვეყანას… ერთხელ, პარლამენტში, საკუთარ თავს დავით აღმაშენებელს რომ ადარებდა სააკაშვილი, როსტომ ხანი ვუწოდე საჯაროდ. . . რაც შეეხება პენსიების ზრდას, სააკაშვილმა, 2008 წლის არჩევნების წინ, როცა პენსია იყო 30 თუ 40 დოლარი, თქვა, რომ 100 დოლარს გავუთანაბრებო. მაშინ შევიტანე საკანონმდებლო ინიციატივა პენსიის 100 დოლარამდე გაზრდის შესახებ (100 დოლარი ფული იყო), რომელიც ჩააგდეს „ნაცებმა“. სულ ვეუბნებოდი, საკუთარ დანაპირებსაც არ ასრულებთ, საკუთარი თავის წინააღმდეგ მიდიხართო-მეთქი… ასე რომ, ეგ ზღაპრები ერთმანეთს მოუყვნენ. . .
ირმა ცეცხლაძე