ცოდნა, რომელიც სამშობლოში ბრუნდება – თენგო დოლიძის ევროპული გამოცდილება
By

ცოდნა, რომელიც სამშობლოში ბრუნდება – თენგო დოლიძის ევროპული გამოცდილება

ზოგჯერ ერთი მოგზაურობა გაცილებით მეტია, ვიდრე ახალი ქვეყნის დათვალიერება. ის შეიძლება იქცეს საკუთარი შესაძლებლობების გააზრების, ახალი მიზნების დასახვისა და იმ გზის პოვნის დასაწყისად, რომელსაც ადამიანი მთელი ცხოვრება ეძებს. თენგო დოლიძისთვის ზალცბურგში გატარებული დღეები სწორედ ასეთი აღმოჩნდა – გამოცდილება, რომელმაც პროფესიული ცოდნა, კულტურათა მრავალფეროვნება და პიროვნული ზრდა ერთ განსაკუთრებულ თავგადასავლად გააერთიანა.
კოლეჯ „ბლექსის“ მხარდაჭერით, ავსტრიის ტურიზმის სკოლაში (Tourismusschule Klessheim) მიღებული ცოდნა თენგომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ კოლეგებს გაუზიარა. მისთვის ეს მხოლოდ პირადი წარმატება კი არა, არამედ პასუხისმგებლობაა, რომ ევროპული გამოცდილება სამშობლოში დაბრუნდეს, ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების წყაროდ იქცეს და მომავალი თაობების პროფესიულ განვითარებას შეუწყოს ხელი.
ლიტერატურით შთაგონებული, საკუთარ ჩანაწერებში „თენგო ჯონათან ლივინგსტონად“ წოდებული ახალგაზრდა მაძიებლისთვის მუდმივი ძიება და საკუთარი საზღვრების გაფართოება უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამ სულისკვეთებით საუბრობს იგი განათლებაზე, საერთაშორისო გამოცდილებაზე, ქართულ იდენტობასა და იმ იდეებზე, რომელთა გაზიარებაც სხვებისთვის ახალი გზების აღმოჩენის შესაძლებლობას ქმნის. თენგო დოლიძე გვიყვება ზალცბურგის დაუვიწყარ დღეებზე, კოლეჯ „ბლექსის“ მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, ცოდნის გაზიარების ძალასა და იმ გზაჯვარედინებზე, რომლებმაც საკუთარი ოცნებებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაადგმევინა.
– თენგო, შენს ჩანაწერებს ხშირად აწერ ხელს, როგორც „თენგო ჯონათან ლივინგსტონი“ – რიჩარდ ბახის იმ მაძიებელი თოლიის მსგავსად, რომელსაც უბრალოდ ფრენა კი არ აინტერესებს, არამედ სხვა სიმაღლეების აღმოჩენა და ახალ მიგნებებამდე მიღწევა. როგორ მიგიყვანა ამ ძიებამ ზალცბურგის ტურიზმის სკოლამდე (Tourismusschule Klessheim) და რა როლი ითამაშა ამაში კოლეჯ „ბლექსიმ“?
– წარმოიდგინეთ, დგახართ გზაჯვარედინზე. ერთი გზა ჩვეულებრივ ცხოვრებას ჰგავს – სადაც ყველაფერი მიდის ინერციით და ცვლილებების შიში გიჭერთ, მეორე გზა კი უცნობია, სადაც მიმართულების ნიშნები იშვიათად გვხვდება… მაგრამ ირჩევ მეორეს და ამ მომენტიდან ხდები მაძიებელი. ჩემი გზაც ასე დაიწყო. მქონდა არაერთი მარცხი და იმედგაცრუება, მაგრამ არცერთის გამო უარი არ მითქვამს საკუთარ ოცნებებზე, ახალ აღმოჩენებსა და შესაძლებლობებზე. რამდენი რეგალიაც უნდა მოვიფიქროთ თუ მოვირგოთ, ჩემს სულიერ ბუნებაში მაინც სულ ცოცხლობს ჯონათან ლივინგსტონი – ის, ვისაც მუდმივად სურს იპოვოს აზრი და ფრენის უმაღლესი წერტილი, რადგან უზომოდ მიყვარს ლიტერატურა და სამყაროსთან სიტყვით დიალოგი. სწორედ ამ შინაგანმა მოთხოვნებმა მიმიყვანა ავსტრიაში, თუმცა უმაღლესი ფრენისთვის ადამიანს ყოველთვის სჭირდება სივრცე, პლატფორმა და ნდობა. სწორედ კოლეჯი „ბლექსი“ გახდა ის შესაძლებლობის კარი, რომელმაც ზალცბურგში, ავსტრიის ამ პროფესიულ მწვერვალზე მოხვედრის რეალური შანსი მომცა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო კოლეჯის დირექტორს, ბატონ გიორგი გოგიტიძეს, რომლის მხარდაჭერა, ნდობა და ხედვა უდიდესი მოტივაციაა. ხელმძღვანელში უნდა გაგიმართლოს – მე ნამდვილად იღბლიანი აღმოვჩნდი. როცა ზალცბურგში, 20-მდე ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად, ვდგებოდი და ომახიანად ვაცხადებდი: – თენგო დოლიძე, საქართველოდან! ვხვდებოდი, რომ წარუმატებლობა მხოლოდ პროცესის ნაწილია და არა შენი ვინაობა. თუ სწავლას არ წყვეტ და გვერდით ასეთი მხარდამჭერები გყავს, გზა ყოველთვის გამოჩნდება.

– ევროპული განათლება ხშირად აღიქმება აკადემიურ სტანდარტად. შენს ტექსტებში ზალცბურგში გატარებული დღეები თითქმის სულიერ თავგადასავლად არის აღწერილი. რა იყო ის მთავარი აღმოჩენა, რაც ავსტრიულმა გამოცდილებამ მოგცა?
– ზალცბურგში მივხვდი, რომ განათლება ის იშვიათი გზაა, რომელსაც საბოლოო დანიშნულების ადგილი არ აქვს. რაც უფრო მეტს სწავლობ, მით უფრო შორს ხედავ, და რაც უფრო შორს ხედავ, მით უფრო დიდი ხდება შენი ოცნებაც. ერიკ ემანუელ შმიტის „ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი“ მახსენდება, სადაც პატარა ოსკარი 10 დღეში ასწრებს მთელი 100 წლის სიცოცხლის განცდასა და სიღრმეს. აი, ზუსტად ასე გავავსე მეც ზალცბურგის ეს დღეები გასაოცარი შეგრძნებებით, აკადემიური სიღრმითა და ემოციებით. ეს სასწავლო ვიზიტი გახდა მტკიცებულება იმისა, რომ როცა განსხვავებული კულტურისა და ცოდნის ადამიანები ერთმანეთს ავსებენ, განვითარებას საზღვარი არ აქვს. სადაც უნდა წავიდე, ჩემი უპირველესი ვალი და შინაგანი სურვილი ჩემი სამშობლოს წარდგენა და მისი სახელის ღირსეულად დაცვაა. ზალცბურგის ქუჩებში ქართული ჩოხითა და ეროვნული სამოსით სვლა ჩემთვის უდიდესი სიამაყე იყო – ეს იყო ერთგვარი განაცხადი, რომ საქართველოს ხმა უფრო ძლიერად და ხშირად უნდა ისმოდეს მთელ მსოფლიოში!

– ამ პროგრამის ფარგლებში 20-მდე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად გიწევდა მუშაობა და სწავლა. რას ნიშნავდა შენთვის ამ მრავალფეროვან ინტერნაციონალურ გარემოში ყოფნა, კოლეგებთან გამოცდილების გაზიარება და რამ მოახდინა შენზე ყველაზე ღრმა შთაბეჭდილება?
– 20-მდე ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად გატარებული ეს დღეები იყო არა უბრალოდ სწავლების პროცესი, არამედ კულტურების, ცხოვრებისეული გამოცდილებებისა და ახალი პროფესიული კავშირებისთვის განსაკუთრებული მოგზაურობა. როცა ერთ სივრცეში იკრიბებიან სრულიად განსხვავებული ტრადიციების, პროფესიებისა და აზროვნების ადამიანები, ხვდები, რამდენად უსასრულო და მრავალფეროვანია სამყარო. ყველაზე ღრმა შთაბეჭდილება სწორედ იმ უხილავმა კავშირმა მოახდინა, რომელიც ჩვენ შორის დამყარდა, მიუხედავად იმისა, რომელი ქვეყნიდან ვართ. ყველას ერთი საერთო მიზანი გვამოძრავებდა: ზრდა, ახალი კითხვების დასმა და უკეთესი მომავლის შექმნა. თითოეულისგან რაღაც ვისწავლე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ როცა ცოდნას უზიარებ სხვას, შენი შინაგანი სამყაროც მდიდრდება. თითქოს სამყაროც გვანებივრებს მაშინ, როცა მის მიმართ ღიანი და გულწრფელნი ვართ.
– ევროპიდან დაბრუნების შემდეგ მიღებული ცოდნა კოლეგებს პროფესიული განათლების საერთაშორისო კონფერენციაზე გაუზიარე. რას ნიშნავს შენთვის ევროპული გამოცდილების თანამემამულეებისთვის საქართველოში, კერძოდ, კოლეჯ „ბლექსიში“ გაზიარება?
– ყოველი სასწავლო მოგზაურობიდან ყველა ახალი იდეა, ყველა აღმოჩენა ჩემთან ერთად ბრუნდება საქართველოში. ბრუნდება და ხვდება იმ ადამიანებს, ვისაც აქვს სურვილი, მეტი ისწავლოს, უფრო შორს წავიდეს და საკუთარ შესაძლებლობებს გასცდეს. კონფერენციაზე ვისაუბრე „სმარტ ტურიზმსა“ და ინტერნაციონალიზაციაზე – ეს არ არის მხოლოდ ტრენდი, ეს პროფესიული განათლების მომავალია. ჩემს პროფესიაში ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაც და ბედნიერებაც სწორედ ეს არის – გავიზარდო იმისთვის, რომ სხვასაც მივცე ზრდის შესაძლებლობა. აუდიტორიაში ან აუდიტორიის მიღმა ახალგაზრდებს რომ ვუყურებ, მათში ვხედავ ცეცხლს. იდეა არის ცეცხლი და თუ მას არ მისცემ სივრცეს, ადრე თუ გვიან ჩაქრება. ჩემი მისიაა, არ დავუშვა ამ ცეცხლის ჩაქრობა.
– შენს შემოქმედებასა და სოცქსელის პოსტებში ხშირად ფიგურირებს „სიჩუმე“, „გზაჯვარედინი“ და ცვლადი „X“ – როგორც გამარჯვების ფორმულა. როგორ უკავშირდება ეს ყველაფერი შენს შინაგან მდგომარეობას?
– ყველას აქვს თავისი X-ის ცვლადი, რომელიც განსაზღვრავს მის მიზანს, მისიას, სიყვარულს თუ თავისუფლებას. ზოგჯერ ეს X არის იმის გააზრება, რომ კიდევ ერთხელ აღმოჩნდე ისეთ ოთახში, სადაც შენზე მეტი იციან; კიდევ ერთხელ იგრძნო ის პატარა უხერხულობა, როცა ხვდები, რომ რაღაც არ იცი – იმიტომ, რომ სწორედ იქ იწყება ზრდა! ჩემთვის ყოველი ახალი გზაჯვარედინი ახალი ცხოვრებისეული თავის დასაწყისია, სიჩუმე კი ახალი მინიშნებებისა და პასუხების ძიების სივრცეა, სადაც საკუთარ თავს მხოლოდ სიმართლეს ვეუბნები.
– თენგო, შეჯამების სახით, რას ეტყოდი იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა დგანან საკუთარი არჩევანის წინაშე და ცხოვრებისეულ გზაჯვარედინებზე?
– ვეტყოდი, რომ იდეა, რომელიც გულიდან მოდის, არასოდეს არის შემთხვევითი. შიში იქნება, მაგრამ ზრდის წერტილიც სწორედ იქ არის, სადაც ყველაზე მეტად გეშინია. არ ელოდოთ სრულყოფილ დროს ან სრულ მზადყოფნას, რადგან არც ერთი არსებობს და არც მეორე. ნუ შეგეშინდებათ, თუ ეს გზა ზუსტად ისეთი არ აღმოჩნდება, როგორსაც დღეს წარმოიდგენთ. შეიძლება სხვა ქალაქში აღმოჩნდეთ, სხვა ქვეყანაში. მთავარია გახსოვდეთ: ბედნიერი მომავალი არ გველოდება რომელიმე მზა გზაზე – ის იმ გზას მიჰყვება, რომელსაც თავად შევქმნით ახლა. და რაც მთავარია: ძიება, ზრდა და გზაჯვარედინები ჩვენს ცხოვრებაში სულ იქნება… და ზუსტად ამის გარეშე არც უნდა გვინდოდეს, გავაგრძელოთ! სწორედ ეს მუდმივი ძიება, შეცდომები, უცნობი ადგილებისკენ სვლა და საკუთარი საზღვრების გაფართოება ანიჭებს ცხოვრებას ნამდვილ აზრს. არასოდეს შეწყვიტოთ ოცნება. იარეთ, ეძიეთ, შექმენით თქვენი საკუთარი შედარებები, რადგან ყოველი ასეთი გზა იმ ადამიანთან შეხვედრაა, რომელიც საკუთარ თავში ჯერ კიდევ წინ გელოდება.

 ნანა აბულაძე

  • No Comments
  • ნოემბერი 3, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *